ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღში სწავლა ძველ შენობაში განახლდა. ვერტყვიჭალელებმა ბაღის დაპირებული ახალი შენობა, ჯერჯერობით, ვერ მიიღეს. ამის გამო 35 აღსაზრდელი არასათანადო პირობებში, ხოლო ათი ბავშვი უბაღოდ დარჩა.
სამი შვილის დედამ, ვერტყვიჭალელმა ირინე მასურაშვილმა უფროსი ქალიშვილი – ოთხი წლის მარიამი საბავშვო ბაღში უკვე მიიყვანა. სამი წლის ბარბარესთვის კი საბავშვო ბაღში ადგილი არ არის.
ვერტყვიჭალელი ზვიად ციცქიშვილის ოთხი წლის ნია საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, მისი სამი წლის მარიამი კი ბაღში იმიტომ ვერ დაჰყავთ, რომ ბაღის შენობა აღსაზრდელებს ვეღარ იტევს.
ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის გამგე ზაირა ბარბაქაძეს სამუშაო ოთახი აღარ აქვს, რადგან იქ აღსაზრდელთა ჯგუფი მოაწყვეს. „ბავშვები გვყავს, მაგრამ ვერ ვღებულობთ, – ამბობს ქალბატონი ზაირა, – 35 აღსაზრდელზე მეტის მიღების შესაძლებლობა არ გვაქვს. 45 ბავშვი მყავს სიით. მშობლებმა განცხადებები და დაბადების მოწმობები მოიტანეს, მაგრამ ვერანაირად ვერ ვღებულობ.“
„ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის შენობაში გაუსაძლისი მდგომარეობა იყო, – ამბობს ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე, – ამ ზაფხულს, საკუთარი ძალებით, რეკონსტრუქცია-გადიდება-გადაადგილებით საძინებელი გავაფართოვეთ. უსაფრთხოების მიზნით, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდა.
დღეს ბაღში 35 აღსაზრდელია და 10 ბავშვი ვერ მიიღეს. ფიზიკურად ვერ იტევს საბავშვო ბაღის შენობა. იატაკი რომ არ ჩავარდეს, მშობლების დახმარებით, ქვემოდან ბლოკებით გავამაგრეთ. გულნატკენები ვართ, რომ წელს ვერ აშენდა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს მაინც საბავშვო ბაღი ახალ შენობაში განაგრძობს ფუნქციონირებას.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერტყვიჭალის ბაღის მშენებლობა პრიორიტეტად გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა და 3 350 ლარად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც შეიძინა. თუმცა, იმის გამო, რომ მშენებლობა, შეცდომით, ავტობანის მშენებლობის არეალში დააპროექტა, საგზაო დეპარტამენტიდან მშენებლობაზე თანხმობა დღემდე ვერ მიიღო.
არადა, ეს ტერიტორია ავტობანის მშენებლობის არეალში მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის განკარგულებით მოექცა.
2018 წლის მაისში ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღი იმერეთის მხარის ხელმძღვანელებმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ამ შეხვედრის შემდგომ საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან, სავარაუდოდ, მშენებლობაზე თანხმობის მიღების შესაძლებლობა გაჩნდა.
მიიღო თუ არა საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა, – ამ შეკითხვით 19 სექტემბერს ვერტყვიჭალის ბაღში მყოფ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს მივმართეთ.
„სადაც არის დაპროექტებული, იქ აშენდება ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღი. ორი თვის წინ გადმოგვცეს ეს მიწა და მოგვცეს აშენების უფლება,“ – განაცხადა თოფურიძემ.
იმავე დღეს, 19 სექტემბერს, „ჩემი იმერეთის“ რედაქციამ მერს მისი ამ განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები მოვთხოვეთ. რედაქციას პასუხი დღემდე არ მიუღია.
თუკი ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან თანხმობა ვერ მიიღო, მაშინ ვერტყვიჭალის ბაღის ასაშენებლად ახალი ტერიტორიის მოძებნა და შესაბამისად, ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხელახლა შესყიდვა გახდება საჭირო.
25 სექტემბერს ხარაგაულის საკრებულოში გამართულ სხდომაზე შესაძლებლობა მოგვეცა, ანალოგიური შეკითხვით მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროს ჯაბა ბერაძისთვის მიგვემართა. ჯაბა ბერაძის განმარტებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მერიას წერილობითი თანხმობა ჯერ არ მიუღია და ამ მომენტისთვის არც ის ტერიტორიაა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემული, რომელზეც საბავშვო ბაღის მშენებლობა დაპროექტდა.
ვერტყვიჭალელები ახალ საბავშვო ბაღის ელიან.
ლაურა გოგოლაძე
ამავე თემაზე
ჩაიცვამენ თუ არა „რკინის ქალამნებს“ ხარაგაულში საბავშვო ბაღის ასაშენებლად
ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის პროექტო იყო და… არა იყო რა
ხარაგაულში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აიგება
რას აპირებს ხარაგაულის მერია ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის ასაშენებლად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი