ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაღის ასაგებად პროექტი ისე შეისყიდა, რომ მერიაში არც კი იცოდნენ, – ტერიტორია, სადაც ბაღის აშენება დაიგეგმა, მუნიციპალურ საკუთრებაში ვერ დარეგისტრირდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესასყიდად, ტენდერი 2017 წლის 7 დეკემბერს გამოაცხადა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კი, იმ 1 031 კვმ მიწის ნაკვეთის მუნიციპალურ საკუთრებაში დასარეგისტრირებლად, სადაც ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის აშენებას აპირებდა, 2018 წლის 20 მარტს მიმართა; მას შემდეგ, რაც შენობის პროექტი მომზადდა 3 350 ლარად.
2018 წლის 12 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აღნიშნული ფართობის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემაზე უარი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კორესპონდენცია მიიღო.
ამ კორესპონდენციაში აღნიშნულია: „მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის განკარგულებით, დაგეგმილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ნახშირღელეს მონაკვეთის მშენებლობა. დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე მიზანშეუწონელია გზის ღერძიდან 100 მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება.“
მერიისგან ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთი კი ცენტრალური საავტომობილო გზიდან 14 მეტრის დაშორებით მდებარეობს.
„მიწა, სადაც ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღი უნდა აშენებულიყო და პროექტი მომზადდა, ნაწილი მუნიციპალიტეტისაა, ნაწილი – სახელმწიფოსი. ველოდებით, როცა გადმოგვცემენ იმ მიწას, შემდგომ აშენდება ბაღი,“ – განაცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თემურ თაბუკაშვილმა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის სხდომაზე.
ამავე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ ვერტყვიჭალის მოსახლეობა, მშობლები, აღმზრდელები ბაღის შენობის დემონტაჟზე თანახმა არიან, – თუნდაც 2-3 თვით შეჩერდეს სასწავლო პროცესი – რომ იმავე ადგილზე აშენდეს ახალი შენობა.
თემურ თაბუკაშვილი: -მაშინ ახალი პროექტი გვაქვს შესადგენი.
მანანა ბარბაქაძე: -არსებული პროექტი რომ მოვარგოთ?
თემურ თაბუკაშვილი: -არა. პროექტი ჭიქა არ არის, რომ მაგიდაზე გვერდით გადავდოთ. კონკრეტულ ნიშნულზე რომ გეოლოგია ტარდება, ერთი მეტრით კი არა, 10 სმ-ით რომ გადაიწიოს, იმას სჭირდება გეოლოგიური დასკვნა.
მანანა ბარბაქაძე: -გასაგებია, გეოლოგიური დასკვნა სჭირდება, მაგრამ მიკვირს, – ტენდერს აცხადებ და არ იცი, მიწა მუნიციპალიტეტისაა თუ არა?!
ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე: -სხვა ადგილზე რომ დავაპროექტოთ, ამ წელიწადში ვეღარ ვასწრებთ?
არჩილ მაღრაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე: -მეორედ უნდა გავწიოთ ხარჯი? ვერ გავიგე… გაკეთდება იქ გზა და მერე აშენდება ბაღი! ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის იდეალური, არაჩვეულებრივი პროექტი შევიძინეთ. ავტობანი შენდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მე-19 საუკუნეში რომ გავიდა სარკინიგზო მაგისტრალი, მას შემდეგ მსგავსი მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა. ჩვენი პროექტები პირდაპირ დამოკიდებულია დიდ პროექტებზე. საგზაოს ვერ ვეტყვით, აქ გზა არ ააშენო, ბაღი უნდა ავაშენოო…
ვერტყვიჭალის ორჯგუფიანი საბავშვო ბაღი, 39 აღსაზრდელით, ნახევარი საუკუნის წინ აგებულ ფინური ტიპის შენობაში ფუნქციონირებს. აღნიშნული შენობა კი მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.
როგორ უნდა მოგვარდეს ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემა, – ამ საკითხზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე და ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირეტორი მამუკა ჭიპაშვილი ხარაგაულის მერს, ნიკო თოფურიძეს, შეხვდნენ.
ქალბატონმა ლენა აბაშიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის დღევანდელი შენობის საბალანსო ღირებულება 7 ლარია. შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. იატაკი მოძველებულია. შარშან სახურავი ჩამოინგრა და ახლაც ყოველ წუთსაა საშიშროება. ამჟამად ბაღში 40-მდე აღსაზრდელია. ყველა მშობლის მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება, რადგან ბაღში ამაზე მეტი აღსაზრდელის მიღება ფიზიკურად შეუძლებელია.
წინასაარჩევნოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე და პარლამენტარი კობა ლურსმანაშვილი ვერტყვიჭალელებს ბაღის ახალი შენობის აგებას დაჰპირდნენ. მოსახლეობა ითხოვს და ელოდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობას.
რა თქმა უნდა, კორექტირება დასჭირდება უკვე შესყიდულ პროექტს, თუმცა შესაძლებელია, რომ ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის არსებული შენობა დაინგრეს და ახალი მის ადგილას აიგოს. საბავშვო ბაღი ზაფხულის პერიოდში ისვენებს. ერთი-ორი თვით რომ დაგვიანდეს სწავლის დაწყება, ამაზე მშობლებიც და აღმზრდელებიც თანახმა არიან.
ავტობანის პროექტის უახლესი ვარიანტის მიხედვით, ვერტყვიჭალის ბაღის დღევანდელი შენობა მშენებლობის ზონაში არ არის. საბავშვო ბაღის ძველი შენობა ახლის აგების შემდეგ უნდა დანგრეულიყო, დღევანდელი ტერიტორია კი ეზოდ უნდა გამოგვეყენებინა.
გასული წლის დეკემბერში, საკრებულომ რომ 2018 წლის პრიორიტეტული პროექტები მოიწონა, ვერტყვიჭალის ბაღის მშენებლობისთვის 200 ათასი ლარი განისაზღვრა. პროექტირების პროცესში გაირკვა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ნახევარ მილიონ ლარამდე დაჯდება. ასე რომ, დამატებითი თანხაა მოსაძიებელი. მე და მამუკა ჭიპაშვილს ხარაგაულის მერი ნიკო თოფურიძე დაგვპირდა, რომ გაერკვევა და გარკვეულ მუშაობას გასწევს თანხის მოსაძიებლად.
იმედი გვაქვს, მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომ ვერტყვიჭალაში 2018 წელს ახალი ბაღი აშენდეს,“ – ამბობს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკო თოფურიძეს, საკრებულოს წევრ ლენა აბაშიძესთან ერთად, 3 მაისს შევხვდი და ვესაუბრე, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით ნიკო თოფურიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს უნდა შეხვედროდა.“
შეხვდა თუ არა მინისტრს, როგორ აპირებს მერია ვერტყვიჭალის ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის მოგვარებას, როდის აშენდება ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღი, – ამის გასარკვევად ნიკო თოფურიძესთან დაკავშირება ვცადეთ. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამის შემდეგ მერს ამ შეკითხვით სოციალური ქსელით მივმართეთ.
რატომ არ გვპასუხობს შეკითხვაზე, – შეხვდა თუ არა მინისტრს ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის საკითხზე, – ნიკო თოფურიძემ 9 მაისსს, ომის ვეტერანებთან შეხვედრისას, გვიპასუხა, რომ ამაზე პასუხის გასაცემად არ სცალია.
10 მაისს ნიკო თოფურიძეს წერილობით მივმართეთ შეკითხვით – როგორ აპირებს მუნიციპალიტეტი ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. პასუხს დღემდე ველოდებით და მიღებისთანავე გაცნობებთ.
„ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის მშენებლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია, – მოწონებული აქვს საკრებულოსაც და რამდენადაც მახსოვს, იმერეთის სამხარეო საბჭოსაც, – ამბობს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, – შესაძლოა, მშენებლობისთვის თანხა იზრდებოდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა იზრუნონ კიდეც საჭირო თანხის მოსაძიებლად.
რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ ანალოგიური შეზღუდვების მოლოდინის გამო, თავის დროზე, ბორითში ვერ დავიწყეთ ცენტრალური დარბაზის რეაბილიტაცია. ეს წინასწარ უნდა გათვლილიყო. ახლა ავტომაგისტრალის პროექტი საბოლოო სახეს იღებს. სამინისტროსთან ურთიერთობაში უკვე რთული აღარაა, ზუსტად გაითვალოს, ავტობანის მშენებლობა ვერტყვიჭალის ბაღთან მიმართებაში გავლენას იქონიებს თუ არა.
მე, როგორც დეპუტატი, ამ საკითხით, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვარ და ჩავერთვები. სამინისტროსთანაც მექნება კონსულტაციები, საგზაო დეპარტამენტთანაც და რა თქმა უნდა, ადგილობრივ თვითმმართველობასთანაც. რაც ჩემი მხრიდან იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვერტყვიჭალის მოსახლეობას უახლოეს ხანში ახალი საბავშვო ბაღი ჰქონდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 2018 წლის პრიორიტეტებში ასევე აქვს საღანძილეში საბავშვო ბაღის აშენება. საღანძილის ბაღის მშენებლობას რაღა უშლის ხელს, იქაც შეზღუდვაა? იქ არ არის შეზღუდვები, მაგრამ რატომღაც რაც პრიორიტეტად ჩათვალა საკრებულომ და მოსახლეობამ, ვიღაცას არ მიაჩნია პრიორიტეტად ხარაგაულში. ვისაც მოსახლეობისგან არჩეული საკრებულოს თვალსაზრისით განსაზღვრული პრიორიტეტები მნიშვნელოვნად არ მიაჩნია, დაზარალდებიან პოლიტიკური თვალსაზრისით იმით, რომ მათი იმიჯი ნულამდე დავა,“ – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი