ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ დღეს, პირველ ივნისს, 2018 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტთა ნუსხაში შესატანი ცვლილება განიხილა.

მუნიციპალიტეტის მერიისგან საკრებულოსთვის წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წლისთვის პრიორიტეტულ პროექტთა ნუსხას დაემატა:

  • დაბა ხარაგაულში 11 სკვერის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 175 964 ლარი;
  • ვარძიის მესამე უბნის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 121 308 ლარი;
  • ხიდარში შარიქაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 120 831 ლარი;
  • ხემაღალში გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 108 300 ლარი.

საკრებულოს ბიუროს წევრები დაინტერესდნენ, აშენდება თუ არა 2018 წელს საბავშვო ბაღები ვერტყვიჭალასა და საღანძილეში. 2018 წელს ამ ორი ბაღის აშენებას საკრებულომ მხარი გასული წლის დეკემბერში დაუჭირა.

მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თემურ თაბუკაშვილის ინფორმაციით, საღანძილის საბავშვო ბაღის პროექტმა ექსპერტიზა ისევ ვერ გაიარა და დამპროექტებელს შესასწორებლად დაუბრუნდა.

„თუ ეს შეცდომები უახლოეს ერთ თვეში ვერ გასწორდა, მაშინ საღანძილის საბავშვო ბაღის პროექტის ხელახლა შესყიდვა მოგვიწევს, – ამბობს თემურ თაბუკაშვილი, – რაც შეეხება ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღს, ავტობანის მშენებლობის გამო არ მოგვცეს მისი მშენებლობის უფლება.“

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ გზის მობეტონება აუცილებელია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საღანძილეში ბაღი საერთოდ არ არსებობს.

„მეც ვგრძნობ პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – 2018 წელს საღანძილისა და ვერტყვიჭალის მოსახლეობას საბავშვო ბაღების აშენებას დავპირდით. ჩვენ უნდა მიგვეღო უხარვეზო პროექტი.

მერია ახლა ამბობს, ვიმუშავებთო. ვერტყვიჭალაში ისეთ ადგილზე დააპროექტეთ მშენებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის არ არის. წლების წინ ვიცოდით, რომ ავტობანი აშენდებოდა, გზა დაახლოებით რა ადგილზე გაივლიდა, ისიც ვიცოდით. გამოდის, რომ არაეფექტური ხარჯი გავწიეთ.

ახლა ვითხოვთ წერილობით პირობას მერიისგან, რომ 2019 წელს საღანძილეში საბავშვო ბაღი აუცილებლად აშენდება. რაც შეეხება მერიისგან დღეს წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების დამატებით ნუსხას, მხარს ვუჭერ, მაგრამ მიმაჩნია, რომ სკვერის კეთილმოწყობა კომფორტია, საბავშვო ბაღის აშენება – აუცილებლობა,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

„რა ქნას მერიამ, – გავზარდეთ თანხა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, მაგრამ ტენდერში მონაწილეობით მაინც არავინ ინტერესდება, – ამბობს თემურ თაბუკაშვილი, – რაღაცაში რომ გვაკრიტიკებ, შემომთავაზე ალტერნატივა. დამპროექტებელმა ვადა დაარღვია და დავაჯარიმეთ. ხელშეკრულება რომ შევუწყვიტოთ, მერე ხელახალი ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ და ამას კიდევ დრო სჭირდება. უმჯობესია, დაველოდოთ და პროექტის ხარვეზები გაასწოროს.“

2018 წელს განსახორციელებელ პროექტთა ნუსხას დეპუტატები საკრებულოს 4 ივნისის სხდომაზე დასამტკიცებლად განიხილავენ.