სააგენტო, რომელსაც სამთავრობო გრანტები უნდა გაეცა, 2027 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდება.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ლიკვიდაციაზე მთავრობის დადგენილება 24 ნოემბერს გამოქვეყნდა.

განკარგულების მიხედვით, სააგენტოს ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან:

  1. ზვიად ბარქაია− საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე;
  2. თათია ნანეიშვილი− სსიპ − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − კომისიის წევრი;
  3. ზურაბ თოლორდავა− საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშგებისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი − კომისიის წევრი;
  4. ივანე ჯაფარიძე− საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;
  5. ლევან ერიქაშვილი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი.

ამ კომისიამ 2027 წლის პირველ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს:

  1. „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საბალანსო მონაცემების მიხედვით არსებული აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და კუთვნილი სამსახურებრივი დოკუმენტაციის (სათანადო საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტების) სრული ინვენტარიზაცია“;

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი უწყების/უწყებების განსაზღვრა, რომელსაც/რომლებსაც:

  • „გადაეცემა/გადაეცემათ სსიპ − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საბალანსო მონაცემების მიხედვით არსებული აქტივები;
  • გადაეცემა/გადაეცემათ მიმდინარე ვალდებულებები და სამსახურებრივი დოკუმენტაცია (სათანადო საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტები)“;

ამავე კომისიამ უნდა უზრუნველყოს უწყების განსაზღვრა, რომელიც განახორციელებს სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს –  ასეთის არსებობის/საჭიროების შემთხვევაში.

განკარგულების მიხედვით, კომისიამ უნდა მიიღოს მისი საქმიანობისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; განახორციელოს სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებები.

სააგენტო 2025 წლის 15 აპრილს შეიქმნა და სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებდნენ, რომლებიც „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად“ დარეგისტრირდებოდნენ.

2026 წლის 17 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გრანტების სააგენტო იხურებოდა. მისი განცხადებით, „NGO ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც ფენომენი, ხელოვნურადაა მოგონილი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის“.