ირაკლი კობახიძემ ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს, სახელმწიფო დაცვა მოუხსნა. გადაწყვეტილების მიზეზი არ დაკონკრეტებულა.

მდინარაძეს დაცვა მთავრობის 8 სექტემბრის განკარგულებით დაენიშნა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ის უნდა დაეცვა „შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“.

20 ნოემბერს ხელმოწერილი ახალი განკარგულებით ძველი დოკუმენტი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას თქმით, მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შესაბამისმა სამსახურებმა რისკები შეაფასეს.

მამუკა მდინარაძემ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას და პოლიტიკასაც“ ტოვებდა. მინისტრად დანიშვნიდან თვეზე ნაკლები იყო გასული. მდინარაძემ თქვა, რომ პოლიტიკაში გატარებული ათი წლის შემდეგ დასვენება და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა სურდა. საქმიანობის გაგრძელებას ის კერძო სექტორში აპირებდა.