არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ 2013 წელს ხარაგაულში ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელება დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში, ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში პოლიეთილენისა და ცელოფნის შემკრები 26 ცალი კონტეინერი განთავსდა. შეგროვებული ნარჩენები პროექტით შეძენილი ჰიდრავლიკური პრესით მუშავდებოდა და იყიდებოდა.
„პოლიეთილენი, დიოქსინ ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით“ გაეროს წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ინოვაციური პროექტის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტს მხარს საზოგადოება უჭერდა, – ამბობს ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ თავმჯდომარე ხათუნა მანჯავიძე, – ჩვენი მიზანი, რომ ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების შემცირებით ეკონომიკური სარგებელი მიგვეღო, წარმატებით განხორციელდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელიწადნახევარში 5 ტონა პოლიეთილენის ბოთლი და ცელოფნის პარკი შეგროვდა.
ჰიდრავლიკური პრესისთვის ადგილი ს/ს „ავტოტრანსის“ ტერიტორიაზე დავიქირავე. დაპრესილი პოლიეთილენის რეალიზაციიდან მიღებული თანხით მუშის ხელფასს და ფართის ქირას ვიხდიდი. ორგანიზაციასა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კონტეინერებს ააიპ „ხარაგაულდასუფთავება“ ცლიდა და ს/ს „ავტოტრანსის“ ტერიტორიაზე გადმოჰქონდა.
ხათუნა მანჯავიძე ამბობს, რომ საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ ახალი ამოცანების წინაშე დადგა. პროექტის მართვა თვითმმართველობას უნდა გაეგრძელებინა. დასუფთავების სამსახურს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, წელიწადში 5 ათასი ლარი სუბსიდია კონტეინერებში შეგროვილი პოლიეთილენის ბოთლების გამოტანის, შემდგომში დაპრესვისა და რეალიზაციისათვის დაემატა.
2015 წელს ხათუნა მანჯავიძემ ხარაგაულის გამგეობას მიმართა, რომ გრანტით შეძენილი პრესი მუნიციპალიტეტის ბალანსზე აეყვანათ.
„რა თქმა უნდა, პროექტის ბედი ძალიან გვაინტერესებდა და ვცდილობდით მიგვეღო ინფორმაცია, თუ რამდენი პოლიეთილენის ბოთლი გროვდებოდა, იღებდა თუ არა მუნიციპალიტეტი შემოსავალს, – წერს სოციალური ქსელში ხათუნა მანჯავიძე, – ვაგზავნიდით წერილებს. იცვლებოდნენ ხელმძღვანელი პირები, სამსახურების უფროსები. ჩვენც ახალ წერილებს ვწერდით იმ იმედით, ძველი თუ არა, ახალი მაინც გაიგებდა პროექტის მნიშვნელობას.
ახლა ასეთი ინფორმაცია მივიღე, – ხარაგაულდასუფთავების მეეზოვეები მოსახლეობას ეუბნებიან, პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ნარჩენები ალტერნატიულ ბუნკერში არ ჩაყაროთ, მაინც საერთო ნარჩენებს უერთდებაო.
გაძარცვულია პრესი, რომლითაც ასევე შეიძლებოდა მუყაოს დაპრესვა. მუნიციპალიტეტი შემოსავალს აქედანაც მიიღებდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ რამდენიმე კითხვა მებადება, – რატომ ვერ გააგრძელა ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროექტის მართვა – „უნიათოები“ ხართ? არ გიყვართ საკუთარი ქვეყანა და მიწა-წყალი? რადგან პროექტი თქვენი მოფიქრებული და გაკეთებული არ არის, ფეხებზე გკიდიათ? „ზემოდან“ არავინ გავალებთ? ინოვაციები არ გიყვართ? ცივილური ხედვები არ გაქვთ? ისე მდიდარია ხარაგაული, ზედმეტი შემოსავალი არ სჭირდება? თუ ყველაფერი ერთად.“
„ჩემი იმერეთის“ რედაქციამ „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორ თემურ ფურცელაძეს მივმართეთ. ის აცხადებს, რომ სამი წლის ნაგროვები პლასტმასის ბოთლები და პოლიეთილენის პარკები ივნისში ბათუმში ერთ პირს ჩაუტანა. როგორც თავად ამბობს, მხოლოდ საწვავის თანხა აუნაზღაურეს.
„მე, როგორც ხარაგაულის „დასუფთავებაკეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორი, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ გავსებული კონტეინერები დავცალო, – ამბობს თემური ფურცელაძე, – ჩვენი ავტოფარეხის ტერიტორია ისე გადაივსო, მანქანებს ვეღარ ვაყენებდით. ამიტომ, როგორც კი გამოჩნდა პიროვნება, მაშინვე ჩავაბარე.
შემდგომში რა იქნება, არ ვიცი. ერთი კილოგრამი დაპესილი მასის ღირებულება 20 თეთრია. ხშირად გვიმსჯელია მე და ჩვენი ორგანიზაციის ბუღალტერს, – რა შემოსავალს მივიღებდით, – ჩემთვის ეს წამგებიანია, რადგან მიღებული შემოსავლით ვერ დავფარავ დაპრესვაზე დახარჯული ელექტროენერგიის, საწვავის თანხას და მუშის ხელფასს. ერთი ტონა პლასტმასის ბოთლების შეგროვებას ერთი წელიწადი მაინც დასჭირდება.
მაისის შემდეგ სოფლებში კონტეინერები არ დაგვიცლია. ახლა უბნის უფროსებმა მაცნობეს, რომ მალე კონტეინერები გასაცლელი იქნება. კვლავ ავტოფარეხის ტერიტორიაზე შევაგროვებ. ვნახოთ, ვეძებ გასაღების ბაზარს, სხვადასხვა გზებს. წინასწარ არაფრის თქმა შემიძლია.
ს/ს „ავტოტრანსის“ ტერიტორიაზე გზის მშენებელი კომპანია „ბლექსი ჯგუფი“ რომ შევიდა, პრესი მოვხსენი და ავტოფარეხის ტერიტორიაზე მივიტანე.“
რაც შეეხება ბოთლების საერთო ნარჩენებთან ერთად განთავსებას, თემურ ფურცელაძე ამბობს, რომ ნაგვსაყრელზე, სადაც ხარაგაულის მუნიციალიტეტის ნარჩენები მიაქვთ, პლასტმასის ბოთლები სართო ნარჩენებთან ერთად რომ ნახონ, ან დააჯარიმებენ, ან მანქანას უკან გამოაბრუნებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროს ჯაბა ბერაძესთან გავარკვიეთ, რომ ჰიდრავლიკური პრესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე დღემდე არ აუყვანიათ. უყურადღებოდ დარჩენილი მოწყობილობა კი გაიძარცვა.
„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ უფროსს ვთხოვე, რომ პრესი ავტოფარეხის ტერიტორიაზე გადაეტანათ, – ამბობს ჯაბა ბერაძე, – ხათუნა მანჯავიძემ მერიას ამ პრესის ბალანსზე აყვანის მოთხოვნით 2015 წელს მიმართა. როგორც განმიმარტეს, ჰიდრავლიკური პრესის ბალანსზე ასაყვანად სამართლებრივი ფორმა ვერ მოიძებნა. დაზუსტებული არ არის, ბალანსზე კონტეინერებიც უნდა ავიყვანოთ თუ არა. გაძარცვული მოწყობილობა, თუ არ გაკეთდა, ისე ბალანსზე ვერ ავიყვანთ. ამჟამად დოკუმენტაციაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.“
ნარჩენების მართვის სისტემაში თანამედროვე მეთოდების დანერგვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა.
2019 წლიდან ნარჩენების ცალ-ცალკე შეგროვება მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა. ხარაგაულს უკვე აქვს პოლიეთილენისა და პლასტმასის ნარჩენების მართვის გამოცდილება. ახლა მთავარია, „დოკუმენტაციაზე მუშაობისა“ და „გასაღების ბაზრის“ მოძიება შედეგიანად დასრულდეს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
გარემო რომ პლასტმასის ბოთლებით არ დაბინძურდეს
ხათუნა მანჯავიძე – ნარჩენების სწორად მართვა სასიკეთოა
დაუჭერს თუ არა მხარს ხარაგაულის ხელისუფლება ნარჩენების მართვის პროექტის გაგრძელებას
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი