დასახლებული ტერიტორიების დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავებას“ ევალება. ორგანიზაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 384 ათასი ლარით ფინანსდება.
„ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორის, თემურ ფურცელაძის თქმით, დაგეგმილი თანხიდან 337 ათასი ლარი ხელფასებში იხარჯება.

„ვემსახურებით დაბა ხარაგაულის, პატარა ხარაგაულის, ჯაფარეულის, საღანძილეს, დიდვაკის, ლეღვანის, მარელისის, ანეულას, ისლარისა და ფარცხნალის მოსახლეობას, ძირულას ხეობის სოფლებს, საქარიქედს, თეთრაწყაროს, კიცხსა და წყალაფორეთს. ამ სოფლებში მეეზოვეები ასუფთავებენ გზის პირებსა და სოფლის ცენტრებს. საყოფაცხოვრებო ნარჩენები სოფლებიდან გამოგვაქვს პერიოდულად, – ზაფხულში კვირაში ორ-სამჯერ,“ – ამბობს თემურ ფურცელაძე. მისივე ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შემგროვებელი 148 კონტეინერი დგას. შემოდგომაზე იგეგმება დამატებით 55 კონტეინერის შეძენა, რითაც მოიცავენ მთელ მუნიციპალიტეტს.

„ნარჩენების გატანის კუთხით მძიმე მდგომარეობაა ზვარესა და წიფაში, – გვიამბობს თემურ ფურცელაძე, – თითქმის ყველა სოფელშია რამდენიმე ე.წ. „თვითნებური ნაგავსაყრელი.“ იმის გამო, რომ სოფლებში გზები ცუდ მდგომარეობაშია, სპეცმანქანას ვერ ვაგზავნით. გვყავს ავტომანქანა „ზილი,“ რომლითაც პერიოდულად სოფლებიდან გამოგვაქვს ნარჩენები, მაგრამ მანქანას დიდი რაოდენობით საწვავი სჭირდება. ორი დღეა, რაც ზვარეში დავდგით ნარჩენების შემკრები ერთი კონტეინერი. ხიდარსა და ბაზალეთში გზები როგორც კი მოასფალტდება, მოვემსახურებით ამ სოფლებსაც. ცუდი გზის მიუხედავად, ღორეშაში დავდგით ნარჩენების შემგროვებელი კონტეინერი და ნარჩენები კვირაში ერთხელ გამოგვაქვს.“

ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორის ინფორმაციით, ნარჩენების გატანისთვის მათ ორი სპეცმანქანა და ერთი ავტომანქანა „ზილი“ ჰყავთ. ორი „ვილისიდან“ ერთი წყალარინების ჯგუფს ემსახურება.

თემურ ფურცელაძის ინფორმაციით, ხარაგაულიდან ნარჩენები ყოველდღე სვირის ნაგავსაყრელზე გააქვთ. ზაფხულობით, ვინაიდან ბევრი ნარჩენი გროვდება, პატარა ნაგავმზიდ მანქანასთან ერთად, კვირაში 3-4-ჯერ ნარჩენების დიდ სპეცმანქანასაც იყენებენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით დაწესებულია მოსაკრებელი ტერიტორიის დასუფთავებისთვის. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის ფიზიკურმა პირებმა ერთ სულზე 50 თეთრი უნდა გადაიხადონ, ხოლო იურიდიულმა პირებმა 1 კბმ ნარჩენზე – 15 ლარი. დაბა ხარაგაულსა და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულ კაფე-ბარში, რესტორანში, სასადილოსა და პიცერიაში დასუფთავების მოსაკრებელი ერთ დასაჯდომ ადგილზე 50 თეთრითაა განსაზღვრული, 1 კბმ ნარჩენზე – 25 ლარის ოდენობით. 25 ლარი უნდა გადაიხადონ 1 კბმ ნარჩენზე თბილისი-სენაკი-ლესელიძის (უბისა-რიკოთის 143-173 კმ) გზის მონაკვეთზე განთავსებული კაფე-ბარების, რესტორნების, სასადილოსა და პიცერიის მფლობელებმა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, 2014 წელს დასუფთავების მოსაკრებელი 8 ათასი ლარით დაიგეგმა. ამ მოსაკრებლიდან შემოსავალმა გასულ წელს 6 ათასი ლარი შეადგინა. 2015 წელს ისევ 8 ათასი ლარია დაგემილი. დღეის მდგომარეობით კი დასუფთავების მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 2,8 ათასი ლარი შევიდა.

ხელშეკრულებების გაფორმება მოსაკრებლის გადახდის მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გამგეობის ქონების მართვის სამსახურის ვალდებულებაა. ამავე სამსახურის ინფორმაციით, მოსაკრებელს ძირითადად იურიდიული პირები იხდიან. რაიმე სანქცია და ჯარიმა მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო ჯერ არავის დაკისრებია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ერთ წელზე მეტია, ხორციელდება უნიკალური პროექტი – „პოლიეთილენი დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის.“ პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პოლიეთილენის ბოთლებისა და ცელოფნის პარკების შემგროვებელი 26 ურნა დაიდგა. შეგროვებული მასა იპრესება და გადასამუშავებლად თბილისში იგზავნება.

რამდენად შესრულდა პროექტის მიზნები და როგორ გაგრძელდება მომავალში, – ამ შეკითხვებით პროექტის კოორდინატორ ხათუნა მანჯავიძეს მივმართეთ.

„ამ პროექტით გამოჩნდა ჩვენი დამოკიდებულება, მენტალობა და პასუხისმგებლობა არა მხოლოდ გარემოს, არამედ საქმის, ქვეყნის მიმართ. პროექტი ყველას ძალიან მოეწონა. არ დარჩენილა მუნიციპალიტეტი, რომ არ გამომხმაურებოდა,“ – ამბობს ხათუნა მანჯავიძე.

პროექტის ძირითადი მიზანი, ხათუნა მანჯავიძის თქმით, ნარჩენების სწორი მართვა, ამით გარკვეული შემოსავლის მიღება და მუშახელის დასაქმებაა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელიწადნახევარში  5 ტონა პოლიეთილენის ბოთლი და ცელოფნის პარკი შეგროვდა. ხათუნა მანჯავიძე ამბობს, რომ პირველ ხანებში აქციები და სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა და იაქტიურეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ადმინისტრაციული ერთეულების მაცხოვრებლებმა.

„ბუნების დაბინძურება უნდა აწუხებდეს ყველას, რადგან პოლიეთილენი და ცელოფანი დიდხანს რჩება ბუნებაში და მძიმედ აისახება გარემოზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე. როცა ამას საზოგადოება გააცნობიერებს, გვიანი იქნება,“ – ამბობს ხათუნა მანჯავიძე.

მისი თქმით, ერთი წლის მანძილზე პროექტის უშუალო მხარდაჭერი იყო ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავება,“ პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობრივი წვლილი გაიღო ს/ს „ავტოტრანსმა“ და მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

„პროექტი არ არის რენტაბელური. შეგროვებული პოლიეთილენის ბოთლების ჩაბარებით მიღებული თანხით ვიხდით მხოლოდ ქირას და მუშის ხელფასს. პროექტი სრულდება და მისი გაგრძელება საფრთხის წინაშეა. მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გვემსახურებოდა ა(ა)იპ „ხარაგაულდასფუთავება.“ამ ორგანიზაციის თანამშრომლები ცლიდნენ სოფლებში ურნებს, პოლიეთილენის ბოთლები და ცელოფნის პარკები მოჰქონდათ „ავტოტრანსის“ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია სპეციალური პრესი. დაპრესილი მასის ტრანსპორტირებას თბილისში ჩვენ ვახდენთ. გამგეობასა და საკრებულოში შევიტანე წერილი ამ პროექტის გაგრძელებისთვის მხარდასაჭერად და პოზიტიურ პასუხს ველოდები,“ – ამბობს ხათუნა მანჯავიძე.

ნინო კაპანაძე

davasuftaod-saqartvelo