ხარაგაულში მცხოვრები მარინა დევდარიანი ამბობს, რომ შედეგიანია ხარაგაულში პოლიეთილენის ბოთლებისა და ცელოფნების შემგროვებელი კონტეინერების დადგმა. „ძალიან მომწონს ეს პროექტი. მიხარია, რომ ამ ერთი წლის მანძილზე მოსახლეობა თანდათან მიეჩვია და ბოთლებს სპეციალურ ურნაში ათავსებს. მსიამოვნებს, მოქალაქეების მხრიდან მხარდაჭერას რომ ვხედავ. ამას დრო სჭირდება. მიმაჩნია, რომ პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს,“ – ამბობს მარინა დევდარიანი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთი წელია ხორციელდება უნიკალური პროექტი – „პოლიეთილენი დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის.“ პროექტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პოლიეთილენის ბოთლებისა და ცელოფნის პარკების შემგროვებელი 26 ურნა დაიდგა. შეგროვებული მასა იპრესება და გადასამუშავებლად თბილისში იგზავნება.
რამდენად შესრულდა პროექტის მიზნები და როგორ გაგრძელდება ის, – ამ შეკითხვებით პროექტის კოორდინატორ ხათუნა მანჯავიძეს მივმართეთ.
„ეს პროექტი ერთგვარი ტესტი იყო საზოგადოებისთვის, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – გამოჩნდა ჩვენი დამოკიდებულება, მენტალობა და პასუხისმგებლობა არა მხოლოდ გარემოს, არამედ საქმის, ქვეყნის მიმართ. პროექტი ყველას ძალიან მოეწონა. არ დარჩენილა მუნიციპალიტეტი, რომ არ გამომხმაურებოდა. საზოგადოების ნაწილისთვის კი ამ პროექტის მნიშვნელობა გაუგებარია.“
პროექტის ძირითადი მიზანი, ხათუნა მანჯავიძის თქმით, ნარჩენების სწორი მართვა, ამით გარკვეული შემოსავლის მიღება და მუშახელის დასაქმებაა. უმთავრესია, საზოგადოებაში გაჩენილიყო აზრი, რომ ნარჩენების სწორად მართვით შეიძლება სიკეთე მიიღო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასული წლის აპრილ-აგვისტოში 1,7 ტონა პოლიეთილენის ბოთლი და ცელოფნის პარკი შეგროვდა. ხათუნა მანჯავიძე ამბობს, რომ პირველ ხანებში აქციები და სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. „ძალიან იაქტიურეს ბაზალეთის, მარელისის, ბორითის სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ვარძიის, მოლითის და სხვა ადმინისტრაციული ერთეულების მაცხოვრებლებმა. ბუნებაში დიდი რაოდენობითაა პლასტმასის ბოთლები და ცელოფნის პარკები. ბუნების დაბინძურება უნდა აწუხებდეს ყველას, რადგან ეს ნარჩენები (პოლიეთილენი და ცელოფანი) დიდხანს რჩება ბუნებაში და მომავალში ძალიან მძიმედ აისახება გარემოზე. როცა ამას საზოგადოება გააცნობიერებს, გვიანი იქნება. ხალხი წუხს მომრავლებულ სიმსივნურ თუ მცენარეთა დაავადებებზე. ბევრმა არ იცის, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ პოლიეთილენისა და მსგავსი ნარჩენების წვის შედეგად გამოყოფილი დიოქსინებია,“- ამბობს ხათუნა მანჯავიძე.
მისი თქმით, ერთი წლის მანძილზე პროექტის უშუალო მხარდაჭერი იყო ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავება.“ ხათუნა მანჯავიძე თვლის, რომ პროექტს მომავალში უფრო ეფექტურად და წარმატებულად გააგრძელებს ეს ორგანიზაცია.
ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობრივი წვლილი გაიღო დასუფთავების სამსახურმა, ს/ს „ავტოტრანსმა“ და მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
„პროექტი ითვალისწინებდა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს ბოთლების შეგროვებით გარკვეული შემოსავალი მიეღო, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – ერთმა ფიზიკურმა პირმა ერთჯერადად 100 ლარის ბოთლი შეაგროვა. დავგეგმეთ წახალისება იმ უბნების, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობის პოლიეთიენის ბოთლი გროვდება. ვფიქრობ, რომ ასეთ უბნებში მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის დავამონტაჟოთ სავარჯიშო ძელი.“
ხათუნა მანჯავიძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობა დროთა განმავლობაში გაითავისებს პროექტის მნიშვნელობას. მისივე თქმით, ინოვაცია შედეგს სწრაფად არ იძლევა. „პროექტის დაწყებისას უფრო მეტს ველოდი, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. თუმცა, ფარ-ხმალი არ დამიყრია და პროექტის გაგრძელებას პოზიტიურად ვუყურებ.
გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ვებ-გვერდის საშუალებით უამრავმა ადამიანმა შეიტყო ჩემი პროექტის შესახებ და გამოცდილების გაზიარების მიზნით ხშირად მეხმაურებიან,“ – ამბობს ხათუნა მანჯავიძე და მადლობას უხდის პროექტის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და დასუფთავების სამსახურს, რომელთა თანადგომის გარეშე პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი სპარტაკ ლაცაბიძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „გეტყვით იმას, რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა და ხდება ახლა, – აშკარად გაიზარდა მოქალაქეების თვითშეგნება,“ – ამბობს სპარტაკ ლაცაბიძე.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი