გთავაზობთ პოეტ ლინა ბარათაშვილის მოგონებას პირველი რედაქტორის, ქალბატონი ქეთევან სახვაძის შესახებ.
სკოლა რომ დავამთავრე, ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელიწადი იყო. ემზადებოდა მთელი საქართველო, ჩვენი რაიონიც. ზეიმის ხელმძღვანელობა სარაიონო ბიბლიოთეკამ ითავა. მე, როგორც ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველს, ბიბლიოთეკის თანამშრომელმა თინა არევაძემ შემომთავაზა, ვაჟას „შვილის ნუკრის ნაამბობიდან“ წამეკითხა ამონარიდი.
რომელი მხატვრული კითხვის ოსტატი ვარ-მეთქი, ვიფიქრე და უარი ვუთხარი, თან მოკრძალებით შევთავაზე, პოეტისადმი მიძღვნილ ლექსს წავიკითხავ-მეთქი. ქალბატონი თინასთვის მოულოდნელი იყო ჩემი შეთავაზება. არავინ იცოდა, რომ ბავშვობაში ლექსებს ვწერდი. არავის ვაკითხებდი ჩემი დის – დალის გარდა.
და აი, კულტურის სახლში ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი საღამო დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ კონფერანსიე აცხადებს ჩემს გვარს და სახელს. გამოვდივარ სცენაზე და ვკითხულობ ლექსს, რომელიც ასე იწყებოდა „შენ, არაგვივით მშფოთვარე, ერის ქომაგო მამაო“. ახალბედა ვიყავი პოეზიისთვის და რა თქმა უნდა, ვღელავდი.
ეტყობა, ლექსმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, დარბაზმა მხურვალე ტაშით დამაჯილდოვა. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. კულისებში რედაქციის თანამშრომელი შემხვდა და მითხრა, ქალბატონმა ქეთო სახვაძემ გთხოვათ, ლექსი გადმოგვცეთო. სიამოვნებით შევასრულე რედაქტორის სურვილი.
და აი, გაზეთის მომავალ ნომერში ჩემი ლექსი პირველ გვერდზეა. ვერ აღგიწერთ განცდას, რომელიც იმ წუთებში დამეუფლა. ეს იყო მადლიერება, სიხარული, რწმენა და კიდევ უამრავი რამ. ასე გახდა ქალბატონი ქეთო ჩემი პირველი რედაქტორი. თავისი ყურადღებით დიდი რწმენა ჩამინერგა. რომ არა იგი, შეიძლება ლექსები დღის სინათლეზეც არ გამომეტანა. და თუ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ქართულ პოეზიაში, ეს მისი დამსახურებაა. დღესაც ვინახავ დრო-ჟამისაგან გაცრეცილ გაზეთს, რომელმაც უდავოდ განსაზღვრა ჩემი არჩევანი მომავალში.
ცხოვრებაში ბედმა შემდეგაც ბევრ კარგ რედაქტორს შემახვედრა. ესენი არიან ვანო ცერცვაძე, გიორგი ნატროშვილი, ნარგიზა მგელაძე, ელისო ჩაფიძე, თამაზ წივწივაძე, სოსო სიგუა (ზოგის თანამშრომელი ვიყავი, ზოგის – ავტორი). ამ დიდებულ რედაქტორებთან ურთიერთობის მადლია, ერთი პერიოდი გაზეთ „დედას“ რედაქტორი რომ ვიყავი.
დავუბრუნდები ჩემს პირველ რედაქტორთან ურთიერთობას. ჩემი პირველი პუბლიკაციის შემდეგ კავშირი არ გამიწყვეტია რედაქციასთან. ესეც ქალბატონი ქეთოს გულისხმიერების მადლი იყო. მას, როგორც რედაქტორს, საოცარი ალღო და მეთოდი ჰქონდა ავტორებთან მუშაობის, მიზიდვის.
მალე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. კვლავ გრძელდებოდა ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა, შემდეგში უფრო ახლო, ამაზე ქვემოთ ვიტყვი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთხანს თბილისში ვმუშაობდი, ტექნიკურ დაწესებულებაში, რომელიც ჩემს სულიერ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა. რედაქცია მიზიდავდა, ჟურნალისტის პროფესია და ამ საქმის რომანტიკა მხიბლავდა. დავანებე თავი სამსახურს და ხარაგაულში ჩამოვედი. გაიხარეს ჩემმა მშობლებმა. ქალბატონ ქეთოს შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი დაბრუნება, განწყობა. მისი სურვილი იყო, რედაქციის თანამშრომელი გავმხდარიყავი.
მე ისევ თბილისში დაბრუნებას ვაპირებდი, ასპირანტურაში მინდოდა სწავლის გაგრძელება. რედაქციაში ხშირად სტუმრობამ, კეთილგანწყობამ, ჟურნალისტის პროფესიისადმი სიყვარულმა თავისი გააკეთა და მეც „ლენინის დროშით“ რედაქციის თანამშრომელი გავხდი. ამ გადასახედიდან მადლიერი ვარ იმ წლების, რომელიც რედაქციაში გავატარე.
ეს იყო არაჩვეულებრივი, პროფესიონალი ადამიანების კოლექტივი. რომელი ერთი ჩამოვთვალო, – უნიჭიერესი ზაირა აბაშიძე, ირაკლი ხაჩიძე, ავთანდილ ხიჯაკაძე, ნუგზარ ლომსაძე, ლუბა კუპრაძე, ზინა მამასახლისი, კატო ნანიტაშვილი, შალვა ტოროშელიძე, მერი ქურდოვანიძე, გულიკო ნიქაბაძე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთი საქმიანობით რედაქციის მატიანეს ქმნიდნენ.
ჩემთვის, ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის, ეს იყო მოზღვავებული სათქმელის გამოხატვის, ძიების წლები. ჩემი სათქმელის გამოსახატავად სხვადასხვა ჟანრს მივმართავდი. მთავარი ის იყო, რომ მიმიღო მკითხველმა. ჩვენი შეხვედრა შედგა და გაზეთის მეშვეობით ჩვენს შორის დიალოგი გაიბა.
რედაქციაში მუშაობის წლებში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ჩემთვის ქალბატონი ქეთოს ბუნება, მისი სიკეთე, სათნოება, ოჯახისადმი უსაზღვრო სიყვარული, საქმისადმი თავდადება.
შემოქმედებითი ურთიერთობის შემდეგ დიდხანს ვყოფილვარ მის კაბინეტში, ვუსმენდი მის საუბარს. ყვებოდა გაზეთის ისტორიას. მიამბობდა იმ სიძნელეებზე, რომელიც თან ახლდა გაზეთის მუშაობას. დასაწყისში რედაქციასთან არ იყო სტამბა, გაზეთს ხან ხაშურში, ხან ზესტაფონში ბეჭდავდნენ. ქალბატონი ქეთო მიამბობდა, როგორ წავიდა გასაუბრებაზე პარტიის ცეკაში 25 წლის გამოუცდელი ქალიშვილი. ალბათ ბედისწერა იყოო, ამბობდა, ერთხმად დამამტკიცეს ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქტორადო, ომის პერიოდი იყო, 1944 წელი.
არ იყო ადვილი, აგესახა რაიონის ცხოვრება ამ მძიმე წლებში; იმედი, რწმენა გაგეღვივებინა მკითხველებში; გაზეთი კეთილი მაცნე ყოფილიყო ყოველი ოჯახისთვის და ომისშემდგომი ჭრილობების მოშუშებაში დახმარებოდა ადამიანებს. ქალბატონმა ქეთომ შეძლო ეს, მისი რედაქტორობა შედგა. 42 წელი უხელმძღვანელა გაზეთს.
ეს დიდებული ქალბატონი ახერხებდა, რომ ყოფილიყო წარმატებული რედაქტორი და აბაშიძეთა დიდებული ოჯახის ღირსეული რძალი. მას გვერდში ედგა დიდებული მეუღლე ოთარ აბაშიძე. მის სახელს უკავშირდება რაიონში კულტურის სფეროს წარმატებები. ოთარ აბაშიძის სახელს ატარებს დღეს ხარაგაულის სახალხო თეატრი.
ლაშეში მაღლობზე მდგარი აბაშიძეთა ზვიადი სახლი ყველას ყურადღებას იქცევდა. თვალს ხიბლავდა მისი დიდებულება, მოჩუქურთმებული აივანი. აბაშიძეთა საცხოვრებლის ასლია დღეს რესტორანი „ოდა“.
ეს სახლი ნამდვილი კულტურული ცენტრი იყო დასავლეთ საქართველოში. აბაშიძეებს სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, შალვა დადიანი, დავით კლდიაშვილი. ამ სახლში გაზრდილა დუტუ მეგრელი, მომავალი პოეტი, ერთი უკვდავი ლექსით რომ დაგვამახსოვრა თავი.
საოცრად უყვარდა ქალბატონ ქეთოს თავისი ოჯახი, წარსულითა და აწმყოთი. უყვარდა მეუღლე, საფიცარი ვაჟი დავითი, ბოლომდე დათუნას რომ ეძახდა სიყვარულით.
შრომატევადი სარედაქციო საქმის დასრულების შემდეგ ლაშისკენ მიუწევდა გული. იქ ყოფნა განტვირთვის საუკეთესო საშუალებააო, ამბობდა.
კვლავ დავუბრუნდეთ რედაქციას. ყველა ჩემს წერილს მწვანე გზა ჰქონდა რედაქტორისგან, რაც ფრთებს მასხამდა.
პარალელურად ვთანამშრომლობდი გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ რედაქციაში. სისტემატურად იბეჭდებოდა ჩამი მასალები. და აი, ერთ დღეს რედაქტორმა ვანო ცერცვაძემ შემომთავაზა, გადავსულიყავი „ნორჩ ლენინელში“ (შემდეგში „ნერგი“) განყოფილების გამგედ.
ძნელი იყო ჩემთვის რედაქციის კოლექტივთან დაშორება. არც ქალბატონ ქეთოს ვემეტებოდი. დედაქალაქში წასვლის შემდეგაც არ გამიწყვეტია კავშირი რედაქციასთან. გადიოდა წლები. რაიონის იმდროინდელი ხელმძღვანელობა ვერ მოიქცა ღირსეულად, ვერ დააფასა რედაქტორის თავდადება და ღვაწლი, გული ატკინეს დაუმსახურებლად… ქალბატონმა ქეთომ უპრეტენზიოდ დატოვა რედაქცია. ღირსეული ქალბატონი ამაზე არ საუბრობდა, არც არავის საყვედურობდა, მაგრამ საკუთარ თავში ჩაიკეტა, აღარ ცდილობდა საზოგადოებაში გამოსვლას.
მახსოვს, ხარაგაულში ჩემი „მზითვის წიგნის“ წარდგინება მოეწყო. ქალბატონმა ქეთომ სიყვარულით სავსე, მეტად გულთბილი ბარათი და ულამაზესი მიხაკები გამომიგზავნა. წერილის ძირითადი ნაწილი წიგნის შეფასებას ეხებოდა, მაგრამ ამ ბარათში მისი მოუსვლელობის მიზეზიც ამოვიკითხე.
„მაპატიე, რომ ვერ მოვედი… რა ვქნა, მე ახლა მხოლოდ გარდასულ დღეთა მოგონებებით ვცხოვრობ. უკან დარჩა მშფოთვარე ცხოვრება, მღელვარე წლები, იმედები, ოცნებები, ღამენათევი ათიათასობით კილომეტრი სტრიქონი, „საჯილდაო ქვა“. ყოველ ჩემს ახალ წიგნს ეხმიანებოდა. მისი რამდენიმე გულთბილი ბარათი შემომრჩა სადღეისოდ.
ჩვენი ურთიერთობა გრძელდებოდა. ძალიან გვიან შევიტყვე, რომ ლექსებს წერდა. მისი პოეტური ბუნების მქონე სხვანაირად ვერ იცხოვრებდა. მუზის მსახური ყოფილა ბატონი ოთარიც. ლექსები წამაკითხა, როგორ ყვარებიათ ერთმანეთი. მათ საოცარ და მარადიულ სიყვარულზე მიამბო ლექსებმა. ასეთ სიყვარულზე ლეგენდები იქმნება, პოემები, რომანები იწერება.
ქალბატონი ქეთო ერთ ლექსში წერს, „როგორ დავშორდით, შენგან მაცილებს, მიწა და ლოდი – მძიმე და ცივი. ჩემთვის დღეს გახდა უკუნი ბნელი, აღარ მინათებს სინათლის სხივი“. ეს არის მისი სიყვარულის აღსარება, ფაქიზი სულის გამონათება.
ჩემთან უთქვამს, ხშირად ფიქრებს გავყვები და გონების თვალით ოთარის საფლავში ჩავდივარ, რამე ხომ არ უჭირსო.
დღეს, როცა ქალბატონი ქეთო ზეციურ საქართველოშია, ხარაგაულში კვლავ დააბიჯებს მისი – მშვენიერი ქალბატონის, ამაგდარი რედაქტორის ხატება. მე ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის აზრი გამოხატა ვალერი გოგნაძემ ქალბატონი ქეთოსადმი მიძღვნილ ლექსში. გთავაზობთ ამონარიდს:
„მხრებზე წამოსხმულ ნაქსოვი შალით,
ღიმილით, მშობლის ხიბლს რომ განიჭებს,
მუდამ თბილი და მზრუნველი თვალით,
ის ჩვენს ქუჩებში კვლავ დააბიჯებს“.
ოცნებით წარსულში ვბრუნდები, იმ წლებში, როცა საგაზეთო მასალით ხელში რედაქტორის კაბინეტში შევდიოდი. თითქოს გამოცდაზე ვიყავი, მღელვარებით ველოდი ქალბატონი ქეთოს აზრს.
ამ წერილს ძველი განწყობით ვწერ, თითქოს გამოცდას ვაბარებ ჩემს პირველ რედაქტორს.
ლინა ბარათაშვილი
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ლინა ბარათაშვილი – ნოდარ დუმბაძე ხელოვნური გულით ვერ იცხოვრებდა
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.