დღეს, 29 ივლისს, პოეტი ლინა ბარათაშვილი 80 წლის გახდა.
ქალბატონმა ლინამ 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქციაში კორესპონდენტად მუშაობდა; 1973 წლიდან – გაზეთ „ნერგის“ ლიტერატურული განყოფილების გამგედ. მისი პირველი ლექსი – „ვაჟა-ფშაველა“ ხარაგაულის რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა. ავტორია პოეტური კრებულებისა: „მოლოდინი“, „მარტოობის კუნძულები“, „მზითვის წიგნი“, „საქართველოში იბადებოდნენ“.
ლინა ბარათაშვილი არის ხარაგაულის საპატიო მოქალაქე.
ვულოცავთ ქალბატონ ლინას საიუბილეო თარიღს და გთავაზობთ მისი ბავშვობისდროინდელი ხარაგაულის შესახებ მოგონებას, რომელიც გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ გასული წლის საახალწლო ნომერში გამოქვეყნდა.
ჩემი ბავშვობის ხარაგაული
ადამიანს რაც უფრო ემატება წლები, მით უფრო იხედება წარსულისკენ, თავისი ფესვებისკენ. მეც ასე ვარ, წიგნივით ვკითხულობ ჩემს ბავშვობას. სიყვარულით ვიხსენებ ჩემი ბავშვობის ხარაგაულს, – ალალს, კეთილს, ზრდილობიანს, სტუმართმოყვარესა და რაც მთავარია, მაღალი სულიერებით, ხელოვნების სიყვარულით გამორჩეულს.
დიდი კულტურის კერა გახლდათ ხარაგაულის კულტურის სახლი, მისი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, არაერთი რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალის ლაურეატი იყო.
წარმატებული იყო ხარაგაულის თეატრი. ასე მგონია, ხელოვნებაში მოპოვებული წარმატებების დირიჟორი, ერთი დიდებული ადამიანი იყო, – ივანე აბაშიძე, მოფერებით ბიჭიკოს რომ ეძახდნენ. ბატონი ივანე ნამდვილი არისტოკრატი, ხელოვნებაზე შეყვარებული კაცი გახლდათ. ქართული ხალხური ფოლკლორი მისი ფიქრისა და განსჯის საგანი იყო.
ქართული ხალხური სიმღერების ფესვებს რუდუნებით ეძებდა და აგროვებდა, უვლიდა, მომავალ თაობას უნახავდა. კომპოზიტორებსა და ხელოვანებში მრავლად ჰყავდა დამფასებელი.
ერთ-ერთი მათგანი იყო ჩვენი დიდებული კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე. ბატონი რეზო ხშირად სტუმრობდა ხარაგაულში აბაშიძეების ოჯახს. მათი შეხვედრის მთავარი მიზანი ქართული ხალხური სიმღერა გახლდათ. ხშირად ბატონ ივანეს და ბატონ რეზოს შემოქმედებითი მუშაობის ჟამს, თურმე თავზეც დასთენებიათ.
დიახ, ბედნიერი წლები იყო, როდესაც ხარაგაულის კულტურის სახლს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ივანე აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ამ სახლში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა დუღდა.
არ შემიძლია არ გავიხსენო ის გუნდი, რომელთანაც უწევდა მუშაობა ბატონ ივანეს: თეატრის რეჟისორი ოთარ აბაშიძე, ელგუჯა დეკანოსიძე, ბახტურა კიკნაძე, მარო ტაბატაძე, თამარ ხარატიშვილი, ნორა ჩოლოყაშვილი, პაშა გიორგაძე, განუმეორებელი გივი ბუაჩიძე, შემდეგ წლებში მოსულები, თამაზ კიკნაძე, – შემდგომში თეატრის რეჟისორი, ჯონდო გიორგაძე, ვაჟა სვანიძე, თამარ იორდანიშვილი. ამ ადამიანებმა ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებაში ეპოქა შექმნეს.
როგორ მენატრება ამ ადამიანების დროინდელი, ჩემი ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლების ხარაგაული… მახსენდება კულტურის სახლის შენობა, მეორე სკოლის გვერდით, არაჩვეულებრივი აურის მატარებელი იყო. შეხვიდოდი შენობაში და უკვე იწყებოდა ზეიმი, ლამაზი სცენა, დარბაზი, ლოჟები. აქ ყველაფერი ისე იყო, საზეიმო განწყობას რომ შეეფერებოდა. რა გულსატკენია, რომ წლების შემდეგ დაანგრიეს და ვეღარც უკეთესი აშენდა.
ბატონ ივანეს, ხუთი შვილის მამას, ბავშვები საოცრად უყვარდა. ჩვენთვის – ბავშვებისთვის კულტურის სახლის კარები ყოველთვის ღია იყო. აქ მუშაობდა სიმღერის, ცეკვის, დრამატული წრეები.
დაწყებით კლასში ვიყავი, როცა კულტურის სახლში ფანდურზე დაკვრის შემსწავლელი წრე გაიხსნა. მისი პირველი წევრები მე და ჩემი მეგობრები – ლალი აბაშიძე, დაგმარა წერეთელი, ნათელა სამხარაძე ვიყავით. წრის ხელმძღვანელი არაჩვეულებრივი მუსიკოსი, მომღერალი ნორა ჩოლოყაშვილი იყო. მახსოვს დეიდა ნორას დიდი პროფესიონალიზმი, გულისხმიერება და სიყვარული ბავშვებისადმი.
0არ დამავიწყდება ჩვენი პირველი კონცერტი კულტურის სახლში. პატარები ვიყავით და ვღელავდით, ამხელა აუდიტორიის წინაშე უნდა გამოვსულიყავით. გაიხსნა ფარდა და გამოჩენისთანავე, მაყურებელმა მხურვალე ტაშით დაგვაჯილდოვა. ჩვენც ძალა მოგვემატა, გავმხნევდით.
ბატონი ივანე სკოლებში არსებულ სიმღერის გუნდებს თავად ლოტბარობდა. თვალწინ მიდგას, როგორი ყურადღებით უსმენდა ყმაწვილებს, რომლებიც მონდომებით ასრულებდნენ მის მიერ ნალოლიავებ სიმღერებს. მერე სათვალის ზემოდან გადმოიხედავდა (როგორც იცოდა ხოლმე) და თავს მოწონებით დააქნევდა, სახეზე ღიმილი ეფინებოდა.
სიამოვნებით ვიგონებ დრამატულ წრეში გატარებულ დროს, თვითონ ოთარ აბაშიძე გვამეცადინებდა. ცეკვის წრეს ლევან ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობდა. გვქონდა კონცერტები, ღელვა, წარმატებები, აპლოდისმენტები… დაუვიწყარია ჩემთვის ცეკვა „ქართულის“ სოლისტები ულამაზესი ნაილე ჭყოიძე და ბონდო ჭიპაშვილი.
საოცარი ისაა, რომ წრეობრივ საქმიანობაში ამდენ დროს ვხარჯავდი და ჩემს აკადემიურ მოსწრებაზე ეს ყოველივე მხოლოდ დადებითად მოქმედებდა. კლასიდან კლასში ფრიადებით, ქების სიგელებით გადავდიოდი (ჩემი ჯილდოები დღესაც სასოებით მაქვს შენახული).
თქვენი მონა-მორჩილი რამდენიმე წრეზე დავდიოდი. თუმცა, არც მსახიობი გამოვსულვარ, არც მომღერალი, არც მოცეკვავე… მაგრამ იმ წლებმა, იმ დიდებულმა ადამიანებმა, დიდმა ხარაგაულელებმა, ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს. მე მათგან ხელოვნების სიყვარული და მისი დაფასება ვისწავლე და დღემდე ამ პრინციპით ვცხოვრობ და თუ ჩემს მოკრძალებულ სათქმელს ვამბობ პოეზიასა და ჟურნალისტიკაში, ესეც იმ წლების, იმ დიდებული ადამიანების მადლია.
ლინა ბარათაშვილი
ხარაგაულის საპატიო მოქალაქე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში