ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან და ხემაღალიდან 10 სექტემბერს გადაღებულ ფოტო და ვიდეო კადრებს აქვეყნებს ადგილობრივი მცხოვრები ვასო გაჩეჩილაძე.

დავინტერესდით, რა ვითარებაა ამჟამად ადგილზე და ამის გასარკვევად ვასო გაჩეჩილაძეს და ლაშის მაჟორიტარ დეპუტატს პავლე კიკალიშვილს დავუკავშირდით.

ვასო გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მიწაზე ნაპრალები კიდევ უფრო გაღრმავებულია და მეწყერის გავრცელების არეალმაც მოიმატა.

„გასულ კვირებში ხემაღალის სტადიონთან და ხოროთისკენ მიმავალ გზაზე ნაპრალები იყო, მაგრამ არა ისეთი სიდიდის, როგორიც ახლაა. მდინარე ყარნებას შეგუბებას რაც შეეხება, იმ ადგილებზე არ ვყოფილვარ – იქ შესვლა უკვე ძალიან საშიშია, ამიტომ ვერაფერს გეტყვით,“ – ამბობს ვასო გაჩეჩილაძე.

პავლე კიკალიშვილი ამბობს: „დამეწყრილ სოფლებში ვითარება უცვლელია. მდინარე ყარნებას კალაპოტი მეწყერისგან ამ მომენტისთვის დაგუბებული არ არის. ყარნებას წყალი გამოდის ზოგ ადგილას მეტი, ზოგ ადგილას – უფრო ცოტა. თუმცა, მდინარე ჩხერიმელას ნამდვილად უერთდება“.