ქართული კინოს ლეგენდა – ასე უწოდა მაყურებელმა ლეილა აბაშიძეს. მართლაც, იგი ნამდვილი ვარსკვლავი იყო, განსხვავებული თვითმარქვია ვარსკვლავებისგან, ქართული კინოს მოკაშკაშე ვარსკვლავი. მსახიობი მხოლოდ საქართველოში როდი იყო პოპულარული, არამედ უცხოეთშიც. უცხოური ჟურნალ-გაზეთები ყურადღებას არ იშურებდნენ, ხოტბას ასხამდნენ ლეილა აბაშიძეს. წერდნენ, ასეთი მსახიობით ჰოლივუდიც იამაყებდაო.
როცა ამერიკაში „შეხვედრა წარსულთან“ უჩვენეს, გაზეთ „დეილი უორკში“ დაიბეჭდა კინომცოდნე ბენ ლევინის სტატია. იგი წერდა: „საბჭოეთს ჰყავს მერი პიკფორდი ლეილა აბაშიძის სახით“. ჰოლივუდში ექვსი თვე იმ ფილმებს უჩვენებდნენ, სადაც მსახიობი მთავარ როლებს ასრულებდა. მისი გვარი ვარსკვლავებად წოდებული ჯეკი გუგანის, ლიზი ტეილორის და იაპონელ ჰირო-უ-სიუს გვერდით მოიხსენებოდა.
იტალიაში და საფრანგეთში საბჭოთა ფილმების კვირეულზე უამრავი სტატია დაიწერა „ჭრიჭინაზე“, „აბეზარაზე“, „მაია წყნეთელზე“. კარგია უცხოელთა აღიარება, მაგრამ მთავარი მაინც სამშობლო, შენი ხალხია, მათი სიყვარული და ყურადღებაა.
ლეილა აბაშიძემ ორი დიდი ჯილდო მიიღო საქართველოში ფილმებში – „ჭრიჭინა“ და „შეხვედრა წარსულთან“ – მონაწილეობისათვის.
ყველაზე დიდი ჯილდო მაყურებლის სიყვარული იყო, ეკრანზე გამოჩენისთანავე რომ ერგო წილად. ლეილა აბაშიძე ჩემი თაობის კუმირი იყო. საოცრად გვიყვარდა, მის გმირებს ვბაძავდით კიდეც.
მსახიობი ჩემმა თანაკურსელმა ლამარა ზამბახიძემ გამაცნო. ლამარას დედა აბაშიძე იყო და მათ ნათესაური ურთიერთობა ჰქონდათ. ლეილა აბაშიძე ამ დროს შემოქმედებით ზენიტში იმყოფებოდა, მას უკვე ნათამაშები ჰქონდა ის როლები, რომლებმაც გააბრწყინეს იგი. მე და ჩემი მეგობრები მის დანახვაზე ვოცნებობდით. და აი, საოცრებავ, ჩემს თვალწინ ლეილა იდგა, ელეგანტური, ღიმილიანი. სიხარულისგან არ ვიცოდი, რა მექნა.
-ეს ლინა ბარათაშვილია, – უთხრა ლამარამ.
რა თქმა უნდა, ლეილას წარდგენა არ სჭირდებოდა.
-ბარათაშვილი? – ღიმილით შემომხედა ლეილამ. ბებია მყავდა ბარათაშვილიო. ეს ისეთი ტონით წარმოთქვა, თითქოს მანიშნა, ნახე ნათესავები, ახლობლები ვყოფილვართო.
იმ წუთიდან საოცრად თბილი ურთიერთობა დამყარდა ჩვენს შორის. ლეილა იყო საოცარი ბუნების – კეთილი, თბილი. მისი განწყობა გადამდები იყო. ვცდილობ, სულ კარგ ხასიათზე ვიყო, არავინ დავამძიმოო, – ხშირად ამბობდა.
შინ დიდი შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი. ვერ მოვისვენე. ჩემი დამოკიდებულება მსახიობის მიმართ მისდამი მიძღვნილ ლექსში გამოვხატე. ლექსში იმაზე იყო საუბარი, ულამაზესი ყვავილები თავს მოწიწებით როგორ ხრიდნენ, როცა უმშვენიერესი ლეილა ჩაივლიდა გამზირზე. სამწუხაროდ, ეს ლექსი რატომღაც ვერ გადავეცი. ალბათ ჩემი ახალგაზრდობისა და მოკრძალების გამო.
ქალბატონი ლეილა ღვთისნიერი ადამიანი იყო. ყოველთვის ცდილობდა, სხვისი ყოფა არ დაემძიმებინა, თუმცა თავად ცხოვრებას იგი არ გაუნებივრებია.
რეპრესირებულთა ოჯახის შვილი იყო. მამა 1937 წელს დაუხვრიტეს. ლეილას მამა წყალთა მეურნეობის მინისტრი გახლდათ, დედა – მედიცინის დარგის მუშაკი. როცა მამა ციმბირში გადაასახლეს, დედა და ლეილა თან გაჰყვნენ. პატარა ძმა იქ დაიბადა.
ხელოვანთა ოჯახი ჰქონდათ. ყველა მღეროდა. პატარა ლეილა მამასთან ერთად პატიმრებისათვის კონცერტებს მართავდა. აქაც ჩანს მამა-შვილის სულიერი სიმტკიცე და სურვილი, თავად სასოწარკვეთილებს, მოყვასი გაემხნევებინათ, იმედი მიეცათ.
როცა მამა დახვრიტეს, ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ. არავითარი საარსებო სახსარი არ ჰქონდათ, ცხოვრება თავიდან უნდა დაეწყოთ.
კატოს როლი კინოფილმ „ქაჯანაში“ ლეილასთვის დიდი შემოქმედებითი წარმატების დასაწყისი იყო, ოჯახისთვის ხსნა…
კონკურსში, რომელიც ამ ფილმთან დაკავშირებით გამოცხადდა, უამრავ მოვლილ, გალაღებულ ბავშვს შორის, ეშმაკუნა, ანცმა, მაგრამ ცხოვრებისგან გაწამებულმა, უსამართლოდ დასჯილმა ლეილამ გაიმარჯვა. ეს კი გოგონას ნიჭიერების შედეგი იყო. ისე კარგად ითამაშა კატოს როლი, რომ სხვებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის ფილმის საოცარ წარმატებაში. „ქაჯანა“ მსოფლიო კინოს ათეულში შეიტანეს. „ქაჯანაში“ მიღებული ჰონორარით ოჯახმა პატარა ბინა იყიდა. კატოს როლმა ლეილა აბაშიძის პროფესიონალური არჩევანი განაპირობა. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ წარმატებით მოღვაწეობდა კინოში. მაყურებელმა უსაზღვროდ შეიყვარა მისი „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „მაია წყნეთელი“, „ორომტრიალი“, „მანანა“ და სხვ.
თეატრში მოღვაწეობის სურვილი ჰქონდა. ითამაშა კიდეც რამდენიმე როლი, მაგრამ რატომღაც ვერ შეუთავსდა ერთმანეთს მასში კინო და თეატრი. როცა საქმე არჩევანზე მიდგა, კინო არჩია.
თუმცა სცენაზე იყო არაჩვეულებრივი. მახსოვს, კინოს სახლში გამართული საღამო. ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე ავიდნენ სცენაზე ლეილა აბაშიძე, ზინა კვერენჩხილაძე და გოგი დოლიძე (კინომცოდნე). ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი ინტერპრეტაცია, გარდასახვის საოცარი უნარი, არტისტიზმი, რომანტიკა, როდესაც სამივე რიგრიგობით კითხულობდნენ ლექსებს სიყვარულზე. ლეილა წაკითხულს საოცრად განიცდიდა, მისი თვალები ბრწყინავდა. მსგავსი სიამოვნება იშვიათად განმიცდია.
გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც მსახიობი შემოქმედებით ზენიტში იმყოფებოდა, უეცრად შეწყდა (შეუწყვიტეს) მისი კარიერა, აღარ იწვევდნენ კინოში. დიდი გულისტკენა, დაუმსახურებელი იგნორირება განიცადა. თუმცა ბუნებით კეთილი ქალბატონი არ გაბოროტებულა, რადგან მიმტევებელი, ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო. ჩემი აზრით, დანაშაულია ის, რომ ქართულმა კინომ სრულად ვერ გამოიყენა ლეილა აბაშიძის ნიჭი.
მსახიობის მიმართ მაყურებლის ინტერესი და სიყვარული არ შენელებულა. საზოგადოებაში მისი გამოჩენა ყოველთვის ზეიმი იყო. ცოტა ხნის წინ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
ალბათ გახსოვთ, ტელევიზიის პირველ არხზე, გადაცემა „ფორტუნა“, რომელსაც მსახიობი ბორის წიფურია უძღვებოდა. იგი გადაცემაში გამარჯვებულ ახალდაქორწინებულებს, სხვა საჩუქრებთან ერთად, ჩემს „მზითვის წიგნს“ გადასცემდა (რომელსაც ორი წლის განმავლობაში ტელევიზიას ვჩუქნიდი).
ერთ-ერთ გადაცემაში ლეილა აბაშიძის შვილმა და რძალმა მიიღეს მონაწილეობა. ჩემი წიგნი უმშვენიერეს ქეთის ერგო წილად. ქალბატონი ლეილა ტელეფონით დამიკავშირდა. ძალიან გახარებული იყო ამ ფაქტით. მადლობა გადამიხადა და ბევრი თბილი სიტყვა მითხრა.
90-იან წლებში, როგორც ინტელიგენციის უმრავლესობას, ლეილასაც გაუჭირდა ეკონომიურად, თუმცა სიამაყის გამო არაფერს ამბობდა.
ერთხელაც დამირეკა, აჭარაში აპირებდა წასვლას… მითხრა, რამაზის მუსიკა აქვს ჩასაწერი და უსახსრობის გამო ვერ წერსო.
ქალბატონო ლეილა, თქვენს თანადგომაზე ვინ იტყვის უარს-მეთქი, – ვუთხარი.
-ასე გგონიაო, – მიპასუხა და ამით თავისი გულისტკივილიც თქვა.
აჭარაში წავიდა, შედეგი არ მიკითხავს, არც ვკადრებდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დაბრუნდა.
ვინც რა უნდა თქვას, აჭარის მაშინდელმა თავკაცმა ნამდვილად იხსნა ქართული ინტელიგენციის დიდი ნაწილი სასოწარკვეთილებისგან, გაჭირვებისგან.
ქალბატონი ლეილას იმედი მისი შვილიშვილი გიორგი იყო. ნამდვილ ქართველ ვაჟკაცად უნდა გავზარდოო, სიყვარულით ამბობდა. ოცნებობდა, საბავშვო ფილმი გადაეღო, მთავარ როლში უეჭველად გიორგის ათამაშებდა.
ცხოვრებაში არის დასაწყისიც და დასასრულიც. თანდათან წავიდნენ კინოსა და თეატრის ჭეშმარიტი ვარსკვლავები – ლიანა ასათიანი, დოდო ჭიჭინაძე, მედეა ჩახავა, ზინა კვერენჩხილაძე, სულ ახლახან მათ რიგებს ლეილა აბაშიძე შეუერთდა.
წავიდა ვალმოხდილი, დაგვიტოვა თავისი შემოქმედება – სიყვარულითა და სიკეთით სავსე.
ლეილა აბაშიძე სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ლეგენდა კი არ კვდება…
ლინა ბარათაშვილი
ფოტოზე: დოდო ჭიჭინაძე, ლეილა აბაშიძე, ლინა ბარათაშვილი, მზექალა შანიძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.