ზაირა აბაშიძე, ეს სახელი ძალიან თბილ მოგონებას იწვევს ჩემი თაობის ადამიანებში.
ახალგაზრდებისთვის, ალბათ, უცნობია. როგორც კოლეგა, თავს ვალდებულად ვთვლი, მათაც გავაცნო ეს უნიჭიერესი, ბრწყინვალე ქალბატონი – ჩვენი ზაირა, შინაურებისთვის – ფათალო. როგორ უხდებოდა ეს სასიყვარულო სახელი მის გარეგნობას.
ჩვენი ურთიერთობა შეგირდისა და მასწავლებლის ურთიერთობით დაიწყო. საშუალო სკოლა დავამთავრე და სწავლის გაგრძელებას ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვაპირებდი. სხვა საგნებთან ერთად, ფრანგული ენაც ბარდებოდა. მინდოდა, ამ საგანში ცოდნა გამეღრმავებინა და ზაირასთან დავიწყე მეცადინეობა. იგი მაშინ პიონერთა და მოსწავლეთა სახლის დირექტორი იყო. შესანიშნავად ფლობდა ფრანგულ ენას.
აღტაცებული ვიყავი მისი პიროვნებით, გულისხმიერებით, ინტელექტით. ზაირა იმდენად შინაურული იყო, რომ ჩვენ შორის უმცროს-უფროსობის ზღვარი მალე გაქრა და ნამდვილი მეგობრები გავხდით. ეს მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდა, როცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ერთხანს, ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქციაში ვიმუშავე. ეს იყო ჩემთვის შემოქმედებითი აღმაფრენის წლები.
რედაქციაში არაჩვეულებრივი კოლექტივი დამხვდა – ქეთევან სახვაძე, ზაირა აბაშიძე, ავთანდილ ხიჯაკაძე, ირაკლი ხაჩიძე, შალვა ტოროშელიძე, ეკატერინე ნანიტაშვილი, ზინა მამასახლისი, ნუგზარ ლომსაძე, თემურ ბლუაშვილი, გულიკო ნიქაბაძე, მერი ქურდოვანიძე.
ზაირა გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი იყო. ახლაც თვალწინ მიდგას მზესავით ანთებული თვალებით, დაუღალავი, უშრეტი ენერგიის მქონე.
ზაირა აბაშიძეს გაზეთის ტექნიკური მხარე ეხებოდა და ამ საქმეს შესანიშნავად ართმევდა თავს. მისი შემოქმედებითი ბუნება არტახებს, ჩარჩოს ვერ ეგუებოდა. იგი ხშირად წერდა საგაზეთო სტატიებს. მისი ინტელექტუალური, სულიერებით სავსე, შთამბეჭდავი წერილები, ინტერვიუები პოპულარობით სარგებლობდა მკითხველებში. მისი სჯეროდათ, უყვარდათ. ზაირას ბობოქარი სული მოძრაობას ითხოვდა. ხშირად წუხდა, რომ საგაზეთო დატვირთვის გამო, არ ჰქონდა საშუალება, დასწრებოდა ბევრ საინტერესო ღონისძიებას.
ზაირა აბაშიძე, მაშინდელი ხარაგაულის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ინტელექტუალური სახე იყო; საოცრად წიგნიერი, არაჩვეულებრივი ორატორი, იდეებით სავსე.
ერთხელ რედაქციას თბილისიდან ცნობილი იუმორისტი ეწვია. საინტერესო საუბარი გაიბა. მსახიობმა თავი მოიწონა, რომელ ქვეყანაშიც მივდივარ, როგორც კონფერანსიე, იმ ქვეყნის ენაზე ვსაუბრობო. გაზეპირებული ტექსტები ჩაათავა რამდენიმე ენაზე და ჯერი ფრანგულზე მიდგა. აქ კი ზაირა ჩაერია. შეცბა მსახიობი, ამას არ ელოდა. მისი უბოროტო ტყუილი გამომჟღავნდა. ხმა აღარ გაუღია. რატომღაც ყაზბეგის „ნამწყემსარის მოგონებას“ ჰგავს ეს ფაქტი.
ზაირა იყო უერთგულესი მეგობარი. გასაჭირში არავის დატოვებდა. მეღიმება ახლა, ამდენი წლის შემდეგ ეს ფაქტი რომ მახსენდება. გაზეთი, რომელზეც მორიგე ვიყავი, ძალიან გვიან დაიბეჭდა. არადა, მე საკმაოდ დიდი მანძილი მქონდა სახლამდე გასავლელი. მოულოდნელად ზაირამ დერეფანში დამტოვა, კაბინეტში შევიდა, ერთხანს დააყოვნა. გამოვიდა, მალე სასწრაფო მოვაო მითხრა. მე გაკვირვებულმა შევხედე. არაო, – მითხრა, – ცუდად არავინაა, მაგრამ შენ ხომ უნდა მიგიყვანოთ სახლშიო. აი, ასე მშვიდობიანად გამისტუმრა შინ.
როგორც პროფესიონალი, რედაქციისა და სტამბის დიდ მოვალეობაზე, შრომატევად საქმიანობაზე საუბრობს იგი წერილში, რომელიც გაზეთის მეხუთიათასე ნომრის გამოსვლას ეძღვნება. ამ დროს მე უკვე წასული ვიყავი ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქციიდან. ჩამოვედი და ეს საპატიო მოვლენა ჩემს უსაყვარლეს კოლექტივთან ერთად ვიზეიმე. გაზეთს კი ლექსი – „კეთილ მაცნეს“ მივუძღვენი.
გთავაზობთ ამონარიდს ზაირას წერილიდან. „შენ ხელთ მეხუთიათასე ნომერი გიპყრია, მკითხველო, და ალბათ მისი სათავეებისკენ იცქირები. მოგონების თვალით ზომავ, წონი, ანგარიშობ… მაგრამ გწამდეს, იცოდე, ყველაზე ადრე, ჯერ კიდევ საღებავშეუმშრალს ხელში მისი შემოქმედნი იღებენ, თავს დაჰკანკალებენ. „დღის მოსავალს“ ერთხელ კიდევ ანიდან ჰოემდე წაიკითხავენ, გულში სითბო ჩამდგარნი წუთით შეისვენებენ და კვლავ იწყება ჩაუმუხლავი შრომა „ახალი მოსავლისათვის“. აი ასე იბადება ჩვენი გაზეთი. დღეს კი მეხუთიათასე მოვიდა შენთან, მოვიდა და თან ჩვენი გულის სითბო მოგიტანა“.
ზაირას დიდი სიხარული და სიყვარული მისი ერთადერთი ქალიშვილი, რუსუდანი იყო, – ჩემი ნათლული. ზრდილი და ნიჭიერი რუსუდანი დედას იმედს ბავშვობიდანვე უმართლებდა. ზაირა ძალიან დარდობდა, რომ მამა რუსუდანისგან შორს იყო…
ზაირასა და მისი მეუღლის დიდი სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა, ბედმა ცალ-ცალკე ცხოვრება მიუსაჯა. კეთილშობილი ქალი ამას არ გაუბოროტებია. მასში სიყვარული ხელშეუხებელი დარჩა. შვილი ღირსეულად აღზარდა, მამის სახელს არ ავიწყებდა.
სიკეთემ თავისი გააკეთა. მამა-შვილი ერთმანეთს შეხვდა. რუსუდანმა იგრძნო მამის მშობლიური სითბო და სიყვარული. ზაირამ შვილი დააოჯახა და თითქოს ამქვეყნად თავისი მოვალეობა შეასრულა. მშვიდად, უხმაუროდ წავიდა…
რატომღაც მისი სახელი მივიწყებულია… არადა, ზაირა აბაშიძე მაღალი პროფესიონალიზმისთვის, გაზეთისთვის გაწეული უსაზღვრო შრომისთვის, ხარაგაულის უსაზღვრო სიყვარულისთვის მეტს იმსახურებდა.
ხარაგაულს ზაირა აბაშიძე ნამდვილად, ძალიან დააკლდა…
ლინა ბარათაშვილი
ფოტოზე: ზაირა აბაშიძე, ქეთევან სახვაძესთან და თემურ ბლუაშვილთან ერთად, გაზეთის მორიგ ნომერზე მუშაობისას
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.