ყველა თაობის საყვარელ მწერალს ნოდარ დუმბაძეს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, პოეტი, ხარაგაულის საპატიო მოქალაქე ლინა ბარათაშვილი იხსენებს:
-მოსწავლე ვიყავი, ერთხელ ჩემმა დამ – დალიმ, სახლში თხელკანიანი წიგნი მოიტანა და მოსვლისთანავე სულმოუთქმელად დაიწყო კითხვა. კითხულობდა და თან გულიანად იცინოდა. დავინტერესდი, რა იყო სიცილის მიზეზი, მაგრამ კითხვით გართულმა წიგნი არ დამანება. მხოლოდ მაშინ შევძელი წიგნის ხელში ჩაგდება, კითხვა რომ დაამთავრა.
დავხედე წიგნს და მაშინ ჩემთვის უცნობი მწერლის გვარ-სახელი ამოვიკითხე – ნოდარ დუმბაძე, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. მეც იგივე დამემართა, რაც ჩემ დას, – ვკითხულობდი და ვხარხარებდი. როცა დავმშვიდდი, მივხვდი, რამხელა დარდი, ტკივილი იყო ჩატეული ნაწარმოებში და როგორ ნიღბავდა ყოველივე ამას იუმორით მწერალი.
ასე შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში ნოდარ დუმბაძე და სამუდამოდ დამკვიდრდა, როგორც ეროვნული, ნიჭიერი და კოლორიტული მწერალი. მალე მთელს საქართველოს მწერლის სახელი ეკერა პირზე. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ წარმატებით იდგმებოდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სცენებზე. სესილია თაყაიშვილის მიერ განსახიერებული ქართველი ბებია ყველა ეროვნების საყვარელი ბებია გახდა.
შემდეგ კი იყო „მზიანი ღამე“, „თეთრი ბაირაღები“, მარადისობის კანონი“, შესანიშნავი მოთხრობები, წერილები საბავშვო ლექსები.
ნოდარ დუმბაძეს პირველად ხარაგაულში შევხვდი. რაიონული ბიბლიოთეკის დირექტორმა, შესანიშნავმა ქალბატონმა ლილი ბაქრაძემ, ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფი მოიწვია.
ხარაგაულს ეწვივნენ ნოდარ დუმბაძე, მურმან ლებანიძე – მეუღლით, ჯანსუღ ჩარკვიანი, ელგუჯა მაღრაძე – მეუღლით და ლადო მრელაშვილი. ქალბატონმა ლილიმ მეც დამპატიჟა. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ბუმბერაზი მწერლების გვერდით ყოფნა და სიტყვით გამოსვლა, სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ, მაგრამ სამწუხაროდ არ შემომრჩა.
საღამო მაშინდელი კულტურის სახლში გაიმართა. რაიონი მოეფერა სასახელო სტუმრებს.
სუფრა ბუაჩიძეების ოჯახში გაიშალა. არაჩვეულებრივი საზოგადოება შეიკრიბა. იყო ლექსი, სიმღერა და რა თქმა უნდა იუმორი, რაშიც ნოდარ დუმბაძეს ვერავინ შეედრებოდა. უამრავი კურიოზი გაიხსენა. ყველაზე მეტად ერთი დამამახსოვრდა: -მწერლები მთაში წავედით მწყემსებთან. თან ჩვენი წიგნები წავუღეთ და გადავეცით. ერთი გაბედული მწყემსი გვეუბნება, – ამბობს ნოდარი, – თქვენ რა მოცლილები ხართ. ეს წიგნები რომ ვიკითხოთ, ჩვენს ცხვრებს თქვენ მომწყემსავთ? სულ მგლები დაგვიჭამენო. ტელევიზია კი იღებს თურმე სინქრონულად, ხმა მერე დაიდება. ვუყურებ გადაცემას (იღიმება ნოდარი) და რას ვხედავ, დიქტორი აცხადებს, მწყემსები ძალზე კმაყოფილი დარჩნენ მწერლების სტუმრობით და პირობა მისცეს, თქვენს წიგნებს სულმოუთქმელად წავიკითხავთ, მომავალში კიდევ მოგვაწოდეთო.
როგორც ჟურნალისტი, რამდენჯერმე შევხვდი მწერალს. ახალი დანიშნული იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ, ინტერვიუსათვის რომ მივაკითხე. გულთბილად მიმიღო. რომ ვუთხარი, საბავშვო გაზეთიდან ვიყავი, ჩვენი რედაქტორი ვანო ცერცვაძე მოიკითხა, პროფესიონალიზმისა და მოზარდ თაობაზე თავდადებული ზრუნვისათვის შეაქო.
შინაურივით გადამიშალა გული. ჯანმრთელობას უჩიოდა. ძალზე დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრაო, – მითხრა. უარს ვამბობდი ამ თანამდებობაზე, მაგრამ ედუარდ შევარდნაძე არ მომეშვა, შენ უნდა უწინამძღვრო ქართველ მწერლებსო. მეტი რა გზა მაქვს, უფლის წყალობით უნდა შევძლოო.
ძალზე აინტერესებდა ჩვენი გაზეთის საქმიანობა, უყვარდა ბავშვები. ამერიკაში მოგზაურობისას დისნეი-ლენდს წვევია და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნებულა. ამის შესახებ დაიწერა კიდეც, – ქართველ ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თავისი დისლეი-ლენდიო, – მითხრა მწერალმა, – იქ გაცოცხლებულია ყველა ამერიკული სათავგადასავლო და ფანტასტიკური წიგნიო. ალბათ ამას ისახავდა მიზნად, როცა საბავშვო ქალაქ „მზიურის“ მშენებლობის იდეა მიაწოდა ჩვენს საზოგადოებას. სამწუხაროდ, მისი გეგმა ბოლომდე ვერ შესრულდა. მწერლის ანდერძის თანახმად იგი მზიურში დაკრძალეს. მაგრამ ნოდარ დუმბაძის სახელმა დროის გამოცდას გაუძლო და ქართველმა ერმა იგი მთაწმინდაზე აამაღლა.
ერთხელ ფოტოკორესპონდენტ გენადი სანაიასთან ერთად შინ ვეწვიე მწერალს, გაზეთისთვის ნოდარ დუმბაძე შვილიშვილთან ერთად უნდა გადაგვეღო და წერილთან ერთად დაგვებეჭდა.
სწორედ იმ დღეს მიამბო მწერალმა ბავშვობისდროინდელი ანცობის – თხილის ქურდობის ამბავი. ბავშვობაში მეგობრებთან ერთად თხილი მოუპარავს, მეველეს დაუჭერია, მაგრამ არც ერთს არ უღიარებია. მეველე ნოდარს მიუბრუნდა თურმე და უთხრა, ქიშვარდის შვილიშვილს ასეთი საქციელი არ გეკადრება, გახსოვდეს ბაბუ, შუბლის ძარღვს გაუფრთხილდი, თუ ერთხელ გაგიწყდა, მერე წასულია შენი საქმე, ვეღარაფერი გიშველისო. იმ დღის შემდეგ სულ ყურში ჩამესმის ბრძენი მოხუცის სიტყვები და მთელი ცხოვრება ვცდილობ, შუბლის ძარღვი არ გამიწყდესო, – დაასრულა საუბარი ბატონმა ნოდარმა.
თვალით მწერლის შვილიშვილს ვეძებდი. არსად ჩანდა. არადა, წინასწარ გავაფრთხილე, რომ ფოტო შვილიშვილთან ერთად უნდა გადაგვეღო. ბოლოს შევეკითხე. ბებიასთან წაიყვანესო, – დინჯად მიპასუხა. ბებია მამის დედა გახლდათ. ბავშვის მამა, ნოდარ დუმბაძის სიძე, ნიჭიერი მწერალი ჯემალ თოფურიძე ტრაგიკულად დაიღუპა. შვილიშვილი მწერლის ოჯახში იზრდებოდა.
-თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა სიხარულით მიდის ხოლმე ბებიასთან, რას ნიშნავს სისხლის ყივილიო, – დასძინა ბატონმა ნოდარმა. გამახსენდა ამ თემაზე დაწერილი მისი შესანიშნავი მოთხრობა, მხოლოდ მთავარი პერსონაჟები ბაბუა და შვილიშვილი არიან.
ბატონმა ნოდარმა არც ახლა უღალატა თავის ჩვეულ გულწრფელობას და მითხრა, არ მინდა ვინმემ თქვას, ნოდარ დუმბაძე საკუთარ შვილიშვილს ავტორიტეტს უქმნისო. ჯერ ბავშვია, გაიზრდება და საკუთარი სახელით იცხოვრებსო.
კედელზე პატარა, ათიოდე წლის ბიჭის სურათი ეკიდა. უეცრად ვკითხე, ბატონო ნოდარ, ეს თქვენი შვილიშვილია მეთქი. სახეზე სევდამ გადაუარა პაუზა გააკეთა და არაო, მითხრა. ეს ჩემი გარდაცვლილი ვაჟიაო.
შევწუხდი, ჩემდაუნებურად ტკივილი რომ მივაყენე მწერალს.
ბატონმა ნოდარმა საუბარი გააგრძელა, თავისი მძიმე ბავშვობა გაიხსენა. მამა 37-იანი წლების მსხვერპლი იყო. ახალგაზრდა დახვრიტეს. დედა დიდხანს იყო გადასახლებაში, გვიან დაბრუნდა, ნოდარი უკვე დიდი იყო, დიდხანს ჰქონდა გაუცხოების განცდა დედის მიმართ. ბოლოს დასძლია.
მშობლების სურათები ეკიდა თურმე კედელზე. მამა ახალგაზრდად გამოიყურებოდა, დედა ფოტოზე ხანშიშესული იყო. ერთხელ სტუმარს უკითხავს, ეს კაცი ამ ქალის შვილიაო?
იმ დღეს ორივე სურათი ჩამოხსნა და შეინახა…
გულიანი ადამიანი იყო ნოდარ დუმბაძე. გული დაუმძიმა მძიმე ბავშვობამ, შვილის, სიძის გარდაცვალებამ, უამრავმა ცხოვრებისეულმა უსამართლობამ. იგი გულის ნაწილს დებდა ყოველ სიტყვაში, ყოველ წინადადებაში და მკითხველისაგან სიყვარულად უბრუნდებოდა.
მწერალი უშურველად იხარჯებოდა, ვეღარ გაუძლო ამდენს გულმა…
შეეცადნენ მის გადარჩენას, ხელოვნური გულის ჩადგმა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა…
ნოდარ დუმბაძე ხელოვნური გულით ვერ იცხოვრებდა…
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.