„ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ხატვა და იუმორისტული ჟურნალების – „ნიანგისა“ და „ნიანგის ბიბლიოთეკის“ კითხვა. ხშირად ვიმახსოვრებდი მათში გათავსებულ იუმორისტულ ლექსებსა თუ ფელეტონებს, – წერს მამუკა ჭიპაშვილი ახალგამოცემული კრებულის წინასიტყვეობაში, – ვიხატავდი ცნობილი კარიკატურისტის, ვახტანგ კუციას კარიკატურულ ნახატებს.
ზუსტად არ მახსოვს, „წერამ როდის ამიტანა“… ალბათ, შვიდი-რვა წლისა ვიქნებოდი, როცა სუფრაზე მოქეიფე მამაჩემის მეგობრებზე, სახელების მიხედვით, ექსპრომტები შევქმენი და მათ წავუკითხე… მახსოვს, ბევრი იცინეს, – ყოჩაღ, შენ რა მაგარი ყოფილხარო, – შემაქეს და ორმა მათგანმა წითელი, ლენინისთავიანი თუმნიანიც მაჩუქა, – ამით, ბიძია, ხვალ კამფეტი იყიდეო.
მოგვიანებით იუმორისტული ლექსების, ნოველების, ფელეტონებისა და სცენარების წერა ჰობად მექცა.
2015 წელს ჩემი პირველი კრებული – „ის, რასაც ვერ მოშლი“ გამოვიდა. კრებულის მიმართ მკითხველის თბილმა და პოზიტიურმა შეფასებებმა გამათამამა და 2018 წელს მეორე კრებული – „ყავაზე მისაყოლებელი ამბები“ გამოვეცი. ამ კრებულმაც, ვფიქრობ, წარმატებით გაიარა გამოცდა და ჩემი მკითხველისგან კიდევ უფრო მეტი სითბო და სიყვარული ვიგრძენი.
ამიტომ… როგორც იტყვიან, „გავასამე“ და „ამბები გვერდითი მოვლენების გარეშე“ თქვენს „განაჩენს“ ელოდება.
კრებულში განთავსებული თითოეული ამბავი, ლექსი თუ ფელეტონი, იგავი თუ ნოველა მაქსიმალურადაა გაზავებული იმერული, ყოფითი იუმორით, რომლის წაკითხვაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, – ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, დილასაც და საღამოსაც, სახლშიც და სამსახურშიც, სკვერშიც და ქუჩაშიც… და რაც ყველაზე მთავარია, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.
მოკლედ, თუ ეს კრებული მოგეწონებათ, ბედნიერი ვიქნები. თუ არადა, ნუ ამოიყრით მთელი სამყაროს ჯავრს ჩემზე, დავრჩეთ ერთმანეთისათვის ისევ ის, რაც ამ კრებულის წაკითხვამდე ვიყავით!!!
ძვირფასო მკითხველებო, მამუკა ჭიპაშვილის ახალი კრებულის – „ამბები გვერდითი მოვლენების გარეშე“ – შეძენა შეგიძლიათ ხარაგაულის სახალხო აფთიაქებსა და მაღაზიებში.
ახალგამოცემული კრებულიდან გთავაზობთ ერთ-ერთ ნოველას „თენდება სოფელში“.
თენდება სოფელში
სოფლად, ძველ მარანში, სადაც მზის შუქი თითქმის ვერ აღწევდა, საგულდაგულოდ ჩაჯაჭვულ, ჩაჟანგულ, ჩაბოქლომებული კარების ხარჯზე, ერთ კუთხეში, დიდი ხნის წინ დატოვებულ და მიტოვებულ სასოფლო იარაღებს მოეყარათ თავი.
– სულ ჩამოვიდნენ ვითომ? – წაილუღლუღა ტარდამპალმა და საკმაოდ მობლაგვებულმა ცულმა.
– არ ვიცი, მგონი რაღაც პანდემიის ამბავი უნდა იყოს… ქალაქი უფრო საფრთხის შემცველი ყოფილა და სოფელს მოაშურეს! – გამოეჩურჩულა ცულს აყუდებული თოხი.
– გვერდითა სახლებშიც ჩამოსულან, ხმაური გავიგონე! – დაასკვნა ფიწალმა.
– იქნებ დაბრუნდნენ, ჰაა! – ინატრა ვიღაცამ.
– შენს პირს შაქარი, იმედი ვიქონიოთ, თუ არა, ასე დაპატიმრებულები დიდხანს ვეღარ გავუძლებთ.
– ნუ გეშინიათ, აი, ნახავთ, დილით, მარნის კარს გააღებენ და მოგვინახულებენ! – იმედით შეჰყურებს განთიადს წერაქვი.
– ისე, იმდენი ხანია არ ვუნახივართ, შეიძლება ვეღარც გვიცნოს! – ეჭვი გამოთქვა სიბერისაგან წელში ნამგალივით მოხრილმა ნამგალმა.
– რაღას გვიცნობს, ჟანგი ისე გვაქვს ყველას მოკიდებული, შეიძლება ჯართადაც აღარავინ მიგვიღოს! – სევდიანად ჩაილაპარაკა თოხმა და იქვე დაამატა, – არადა, ერთ დროს ისეთი პრიალი გამიდიოდა, პატრონს ყანაში სარკის მაგივრობასაც ვუწევდი.
– ირგვლივ ყველაფერს ხელის შევლება სჭირდება და იმედია, დილით ჩემით დაიწყებს პატრონი მუშაობას! – დაიტრაბახა ჟანგმორეულმა ლურსმანმა.
– მარტო შენით ვითომ რატომ, ეტყობა სკლეროზი დაგემართა და დაგავიწყდა, რომ ჩემს გარეშე შენ ერთი წვეტიანი, თავგაბრტყელებული მავთული ბრძანდები და მე თუ თავში არ ჩაგიკაკუნე, არაფრად ვარგიხარ! – განრისხდა ჩაქუჩი.
– თავში ჩასარაკუნებლები შენკენ მოიკითხე. მამაშენის, უროს ხათრი არ მქონდეს, ქე ვიცი რასაც გეტყოდი! – არ შეარჩინა თავბრტყელამ.
– ვიღაცამ გააჩუმეთ, თუ არა ჩავაჭედებ იმ დამპალ ფიცარში!
– ჩამაჭედებ და აგერ, ჩემი ძმაკაცი, გელა ამომაძრობს! – ხელი გადახვია კუთხეში ახლადჩათვლემილ, მოკაუჭებულ გელას.
– კარგით, დამშვიდდით, აცალეთ გათენება, მოვიდეს ის კაცი, შეგვხვდეს, იქნებ, სულ არ არის მუშაობის ხასიათზე!
– აფსუს, რა დრო იყო ათი წლის წინ, ვინ დაგაჟანგებდა და უსაქმურად ჩამოგაჯენდა, მარა მგონი ხვალიდან მეშველება! – დაიიმედა გული წალდმა.
– შენ რატომ გეშველება ვითომ, ცხვირმოღრეცილო? – სიბნელიდან გამოეპასუხა ძველი ფოცხი.
– ცხვირმოღრეცილი მეძახე და პატრონი რომ შემოვა ხვალ, ზუსტად ვიცი, ჩემით დაიწყებს. არ იცით, ეზო ნასახლარს რომ ჰგავს, გასაჩეხი და გასაწმენდია ყველაფერი?! მაგ კი არა, შეიძლება ტარიც კი გამომიცვალოს და ახალი დამიგოს!
– ისე, ახალი ტარი არც ჩვენ გვაწყენს, შემოგვალპა ტანზე ეს ძველი ტარები! – წამოიძახეს ტარიანმა იარაღებმა.
– ჰოდა, ჭკუით იყავით, თუ არა, ჩემს გარეშე არც თქვენი ტარები არ გამოითლება!
– ეჰ, ეზოში ახლა წელამდე ბალახი იქნება. იმედია, ჩემი არსებობა გაახსენდება პატრონს და გამომიყენებს! – საუბარში ჩაერია ცელი.
– ვის რაში სჭირდები ნეტა მასეთი დაბლაგვებული, ახლა ელექტროცელებია მოდაში! – ცელი გამოუსვა ცელს ცულმა!
გამწარებული ცელი მოცელილივით დაენარცხა მარნის ქვიან იატაკს.
– ნეტა მე ალაფელსი დავწილდები? – წაილუღლუღა ხერხმა.
– ეჰ, შენ ვის რაში უნდა დაჭირდე, ყველა კბილი ჩამტვრეული გაქვს! – მწარე სიმართლე არ დაუმალეს უკბილოს.
– ლომი მქვია ახლა მე? რამდენი ხანია, ასე, გაუნძრევლად ვგდივარ ყურეში, ადამიანის გარეშე ლომი კი არა, არარაობა ვარ, ერთი გამოუსადეგარი რკინის ნაჭერი! – გულზე ხელს იბრაგუნებს ლომი.
– იყო დრო, ამ ოჯახის წინაპარი მეუღლეს ეჩურჩულებოდა, შენთან ერთად თოხის ტარზე ვიცხოვრებო, მარა ახლა აღარც თოხი ახსოვთ და აღარც ტარი!
– არც ჩემზე იკლავენ თავს. სოფელში თუ ვინმე არ დაიღუპა და საფლავის გასაჭრელად არ წამიყვანეს, მეც არავის ვახსოვარ! – თოხს გამოეხმაურა ბარი.
– რა ვერ გავიგე თუ იცით, – ეს ქალაქელები, ამ ჩანგლის ხმარებას თუ შეეჩვივნენ, ჩემი ხელში დაჭერა რატომ ეზარებათ? – დაიჩივლა ფიწალმა.
– ურო ბაბუ, შენ არაფერს გაიხსენებ?
– ეჰ, შვილებო, ცუდი დრო დაგიდგათ, ცუდი. მე ახალგაზრდობა მაინც მქონდა დალხენილი, მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, რაც მე რუს ნამგალთან ვარ „ნაგულავები“, სულ ერთად ვიყავით, სადაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან ნამგალსა და უროს დაინახავდით, მთელს მსოფლიოს აზანზარებდა ჩვენი დუეტი, მარა… გაფრინდა წლები… გაფრინდა… – პაუზა გააკეთა და ისევ მოგონებებში გადავარდა, – გუთანი თუ გახსოვთ რომელიმე თქვენგანს?.. ახალგაზრდები ხართ და ბევრს არ გემახსოვრებათ, აქ, ჩვენთან ადრე გუთანი ცხოვრობდა, აბა იმას ჰქონდა საგაზაფხულოდ სამუშაო, თუ ჰქონდა…
– სად წავიდა მერე ეს გუთანი? – დაინტერესდნენ ახალგაზრდა იარაღები.
– გუთნები გადაშენდნენ, ისევე როგორც დინოზავრები… დრომ გადააშენა, დრომ!
– აფსუს, როგორ შეიცვალა ყველაფერი, – საუბარში პირველად ჩაერთო ნიჩაბი , – რაც მე სახურავიდან თოვლი მაქვს ჩამოყრილი, ხშირად დღეში ორ-სამჯერ ვწმენდდი სახურავს, მარა… კარგა ხანია, აღარც თოვლია და აღარც გადამთოვლელი. ახლა კიდეც რომ გავინძრე, ისე ვარ ჩრჩილისგან შეჭმული და ჩამჩიჩული, წამში დავიშლები მარტივ მამრავლებად… მოკლედ, მეგობრებო, დიდი ხანია ნიჩაბზე ვზივარ, თქვენ იყავით აწი კარგად და მე… – ცრემლი მოადგა თვალზე.
– გახსოვთ, დილით მამლის ყივილი რომ გვაღვიძებდა, იყივლებდა თუ არა მამალი, წამში დაიჭრიალებდა კარები, არიქა დაგვთენებია თავზეო, ახმაურდებოდა ოჯახის უფროსი, აკაკანდებოდნენ ქათმები, აჭყივლდებოდნენ გოჭები, აბღავლდებოდა საქონელი, პატრონი ხარებს კისერზე უღელს გადაადებდა, უღელზე ურემს გამოაბამდა, ურემზე ლამაზად მოწნულ ძარს შემოაგდებდა, ჩვენთან მოვიდოდა, დაგვხედავდა, საჭირო იარაღებს შეარჩევდა, მხარზე გადაიდებდა და ღიღინით გაუყვებოდა სოფლის ორღობეს. შებინდებისას დაღლილ-დაქანცული ბრუნდებოდა უკან დატვირთული ურმით და ჭიშკრიდან გასძახებდა, – დედაკაცო, სუფრა გამიშალეო!
– ეჰ, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ! – პირველად ჩაერთო ტკბილმწარე მოგონებებში ტუჩმოტეხილი თიხის დოქი, – აფსუს, რა ბიჭი ვიყავი, თავზე ფუჩეჩის ქუდი მეხურა, პატრონი გვერდიდან არ მიცილებდა, დროდადრო ფუჩეჩს მომხდიდა, მომიყუდებდა და დალოცვილი სითხით ყელს ჩაიკოკლოზინებდა… ახლა… ახლა, ღვინო კი არა, წყალიც სანატრელი გამიხდა, სულ გამოვფიჩინდი, ობობას ქსელებმა ყელი ამომიქოლეს და სუნთქვა მიჭირს, ვიხრჩობი, ისე მწყურია, ცოტაც და ბოლომდე დავიმსხვრევი და დავმიწდები!
– კარგით, მორჩით გოდებასა და წუწუნს, მე რაღა უნდა ვთქვა მაშინ, ამხელა საწნახელი, ვაგდივარ აგერ, უკვე რამდენი წელია, უსაქმოდ, მხარ-თეძოზე წამოწოლილი და ვლპები.
– შენ არც მანამდე იკლავდი მუშაობით თავს, წელიწადში მარტო ერთხელ სჭირდებოდი პატრონს, თუმცა სიმართლე უნდა ვთქვა, მაინც დიდი მოწიწებით გექცეოდა. მწარე ხასიათის კი იყავი, მარა როცა ყურძნით აგავსებდნენ, შენი პირიდან ისეთი სიტკბო გადმოდიოდა, მთელი მარანი საამური სურნელით ივსებოდა. მერე საქმეში ერთვებოდა უზარმაზარმუცელა, გაუმაძღარი ქვევრი, რომელიც უცბად გადაუძახებდა ხახაში ღვთაებრივ სითხეს… სითხე იწყებდა ქვევრში ფართხალს და ცდილობდა გარეთ გამოსულიყო, თუმცა გამჭრიახი პატრონი ქვევრს სარქველს აფარებდა და საგულდაგულოდ უგლესდა თავს აყალო მიწით. მერე საქმეში ორშიმო ერთვებოდა, გახსოვთ ორშიმო?
– როგორ არ გვახსოვს, შე კაცო… მაშინ ვერ ვხვდებოდით, რატომ ლოცავდნენ გლეხკაცის მარჯვენას. გვეგონა, რომ ჩვენ ვიყავით მთავარი შემოქმედები სიუხვისა და სოფლის სიძლიერისა… თურმე მწარედ ვცდებოდით…
ნელ-ნელა ირიჟრაჟა… სადღაც მამლის ყივილის ხმა გაისმა…. სადღაც ძაღლმა დაიყეფა… ვიღაცამ მარნის კარზე ჩამოკიდებული ბოქლომი გადაატრიალა… კარებმა დაიჭრიალა… მძიმედ იღებოდა, თუმცა მაინც იღებოდა და ახლადგაღვიძებულ მზის სხივებს ეპატიჟებოდა მარანში.
…იმედიანად თენდებოდა სოფლად!
მამუკა ჭიპაშვილი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი