

ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის ცვლილებას, გაძლიერებულ წყურვილს, ოფლიანობასა და ძილის დარღვევას ყოველდღიურ სტრესს უკავშირებენ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მსგავსი ნიშნები ენდოკრინულ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდის არის საჭირო ენდოკრინოლოგთან მიმართვა, რამდენად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური კვლევები და რა როლი აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს ჰორმონალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექიმ-ენდოკრინოლოგს თამარ მაღრაძეს ვესაუბრეთ.
თამარ ექიმთან საუბარი მისი ბავშვობისა და მოსწავლეობის გახსენებით დავიწყეთ.
თამარ მაღრაძე ხარაგაულში, თამაზ მაღრაძისა და ნათია ქურციკიძის ოჯახში დაიბადა.
ნათია ქურციკიძე ხარაგაულის საავადმყოფოში ექიმ-ენდოკრინოლოგად მუშაობდა, თამაზ მაღრაძე კი წლების განმავლობაში „ხარაგაულის მაღალი ძაბვის გამთიშველების ქარხნის“ დირექტორი იყო.
თამარმა სწავლა ხარაგაულის #1 საშუალო სკოლაში ნაადრევად, ხუთი წლის ასაკში დაიწყო. მისი და, ანა რომ წავიდა სკოლაში, თამარიც წაჰყვა. თავიდან ყველას ეგონა, რომ სკოლაში სიარული მალე მობეზრდებოდა. თუმცა, წერა-კითხვა რომ დაიწყო, მშობლებმა მოითხოვეს და ბევრიც იბრძოლეს, რომ თამარი პირველ კლასში ჩაერიცხათ.
ყველაზე ბედნიერ და ლაღ პერიოდად თამარ მაღრაძე მოსწავლეობის წლებს მიიჩნევს.
ექიმობა ბავშვობიდან სურდა. ყველაზე მეტად ამ პროფესიაში დედისა და მისი კოლეგებისადმი პაციენტების მხრიდან გამოხატული მადლიერება ხიბლავდა. სტუდენტობის ძალიან რთული, თუმცა საინტერესო წლების განმავლობაში, რაც არ მოსწონდა, აპროტესტებდა. ცხოვრების ერთ-ერთ დიდ გამართლებად მიიჩნევს, რომ ექიმ რამაზ ყურაშვილის ჯგუფში მოხვდა და შემდეგ მუშაობაც მის გვერდით, დიაბეტის ეროვნულ ცენტრში გააგრძელა.
ბავშვობაში ვერ წარმოედგინა, ექიმობა თუ ასეთი რთული და საპასუხისმგებლო იქნებოდა. სტუდენტობისას დარწმუნდა, რომ მუდმივად უნდა ესწავლა და განვითარებულიყო. ყველა დაბრკოლება ღირსეულად და სწორი გზებით უნდა გადაელახა ისე, როგორიც ამას მშობლები ასწავლიდნენ. თამარი ამბობს, რომ მშობლების დამსახურებაა, ოთხივე დედმამიშვილი თავიანთ პროფესიებში წარმატებულები რომ არიან.
„სტუდენტობიდან უმცროს ექიმად ვმუშაობდი, – გვიამბობს თამარი, – პარალელურად, სხვა სამსახურებშიც. ასე სჭირდებოდა ჩემს ოჯახს. რეზიდენტურა დიაბეტის ეროვნულ ცენტრში გავიარე. იქ დავინტერესდი კვლევებით, რომლებიც აშშ-ის წამლების კომპანიებთან ერთად ტარდებოდა და ამ პროცესში აქტიურად ჩავერთე.
ბატონი რამაზ ყურაშვილი ცდილობდა, პაციენტებთან ყოველდღიური ურთერთობა მქონოდა. ამ ცენტრში ჩამოვყალიბდი როგორც სამეცნიერო მიმართულების ექიმი და როგორც მკურნალი ენდოკრინოლოგი. ვმონაწილეობ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. ჩავაბარე დოქტორანტურაში და ვმუშაობ შაქრიანი დიაბეტის თემაზე.
ვასწავლი სტუდენტებს კავკასიის საერთაშორისო და ევროპის უნივერსიტეტებში. ვფიქრობ, მიღებული ცოდნის გაზიარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პროგრესის მიუხედავად, საქართველოში მედიცინა ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემების წინაშეა.
ჩემს საკუთარ ოჯახს რაც შეეხება, მყავს მეუღლე, ყოფილი მორაგბე და ამჟამად მწვრთნელი – ზერო პეტრიაშვილი. მადლობას ვუხდი მას ჩემი გულშემატკივრობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რადგან ჩემი პროფესია ძალიან რთულია.
ხასიათი შემიცვალა ექიმობამ, ისეთ ისტორიებს ვისმენ ყოველდღე პაციენტებისგან და ისეთ რთულ ამბებს ვეჭიდები, ლაღად ვეღარ ვცხოვრობ, – პაციენტის ფინანსური შესაძლებლობებიდან დაწყებული, მძიმე დიაგნოზებით დამთავრებული.
– რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს?
– ენდოკრინოლოგიური პრობლემების მიხვედრა პაციენტებს ცოტა უჭირთ, რადგან ისეთი სიმპტომები ახასიათებს, რაც შესაძლოა, დაღლილობასა და სტრესებსაც მივაწეროთ. ეს სიმპტომებია – სისუსტე, თმის ცვენა, ოფლიანობა, ძილის დარღვევა. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგები ზემო იმერეთში და მათ შორის, ხარაგაულში, ძალიან ხშირია, რადგან იოდდეფიციტურ არეალში ვართ.
შაქრიან დიაბეტს რაც შეეხება, ეს არის ვერაგი დაავადება. ამ დიაგნოზს როცა ვსვამთ, ჩათვალეთ, რომ პაციენტს უკვე ეს დაავადება, 6-7 წელია, აქვს. სიმპტომები ვლინდება იმ დროს, როცა ადამიანის ორგანიზმს აღარ შეუძლია შეინარჩუნოს წონასწორობა, ეწყებათ ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილი, პირის სიმშრალე, შესაძლოა უცაბედად ინსულტი ან ინფარქტი განვითარდეს.
სულ ვეუბნებით პაციენტებს, წელიწადში ორჯერ მაინც შეიმოწმონ სისხლში გლუკოზა. ეს ძვირადღირებული ანალიზი არ არის. ის პაციენტები, ვისი ოჯახის წევრებს – მშობლებსა და ბებია-ბაბუებს, ჰქონდათ შაქრიანი დიაბეტი, დიდი რისკის ქვეშ არიან და განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ.
გენეტიკური დაავადებების უმრავლესობა ცხოვრების მეორე ნახევარში ვლინდება.
არასწორი ცხოვრების წესი, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება მდგომარეობას ართულებს. კვირა არ გავა, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სამი-ოთხი დიაგნოზი არ დავსვა. ეს დაავადება განსაკუთრებით ახალგაზრდებში გახშირდა. საწყის სტადიაზე აღმოჩენილი დაავადება აბსოლუტურად განკურნებადია.
– თქვენ ბრძანეთ, რომ მედიცინაში სერიოზული პრობლემებია. კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– ექიმობა არის ძალიან სერიოზული ფიზიკური, ფსიქოლოგური, ემოციური დატვირთვა. ყოველდღე ვუსმენთ პაციენტების უმძიმეს, ან ნაკლებად მძიმე პრობლემებს. ამიტომ მათ, ვისაც ექიმობა სურთ, ეს კარგად უნდა გააცნობიერონ. ზოგს ჰგონია, რომ ექვს წელიწადში ექიმი გახდება. სწორედ ექვსი წლის შემდეგ იწყება უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა.
ძალიან მაწუხებს ის, რომ რეზიდენტურაში სწავლა ფასიანია. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ბევრმა ჩემმა მეგობარმა ვეღარ ისწავლა რეზუდენტურაში, რადგან თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ. ამის გამო ჩვენმა ქვეყანამ უამრავი კარგი ექიმი დაკარგა.
ევროპის არცერთ ქვეყანაში რეზიდენტურა ფასიანი არ არის. პირიქით, რეზიდენტებს თანხას იქით უხდიან. სამედიცინო სფეროს წარმომადგენელებთან შეხვედრებზე ამ საკითხს ყოველთვის ვაყენებ.
რეზიდენტურის გამოცდაში რომ უმაღლეს ქულებს მიიღებ, ფულს იქ სწავლაში აღარ უნდა იხდიდე. ამიტომაც ჩვენ რეგიონულ საავადმყოფოებში კადრების მხრივ სერიოზული პრობლემები გვაქვს და თუ არაფერი შეიცვალა, მომავალშიც გვექნება.
– რა არის ყველაზე მთავარი პაციენტისა და ექიმის ურთიერთობაში?
– ყველაზე მთავარი არის გულწრფელობა და სიმართლე. ყველა პაციენტს ვეუბნები, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე პასუხს ვაგებ. ზედმეტი პრეპარატების დანიშვნის სასტიკი წინაღმდეგი ვარ. თანამედროვე მედიცინა გულისხმობს მინიმალური ჩარევებით მაქსიმალური შედეგის მიღებას.
პაციენტის ნდობა უნდა მოიპოვო. 21-ე საუკუნეში ეს ძნელია. ინტერნეტით ზოგჯერ პაციენტები არასწორ ინფორმაციებსაც იღებენ და შემდეგ მათი დარწმუნება გვიწევს.
ხარაგაულთან თითქმის ყოველდღიური კავშირი მაქვს. ბევრი ხარაგაულელი პაციენტიც მყავს. დედაქალაქში ათეულობით ენდოკრინოლოგია, ხარაგაულის საავადმყოფოში – არც ერთი. ამიტომ ჯანდაცვაში სისტემური ცვლილებებია საჭირო. რეგიონში სამუშაოდ რომ წავა ექიმი, მას ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.
ნინო კაპანაძე
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის ცვლილებას, გაძლიერებულ წყურვილს, ოფლიანობასა და ძილის დარღვევას ყოველდღიურ სტრესს უკავშირებენ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მსგავსი ნიშნები […]
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში, „ბათუმელებისა“
ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური
საქართველოს ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს