საქართველოს ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს ამკაცრებს.

ცვლილება შეეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, ანუ PTI-ს, რომელიც განსაზღვრავს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილის გამოყენება შეიძლება სესხის მომსახურებისთვის.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამჟამად მოქმედი 1500-ლარიანი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება.

2027 წლის 1 თებერვლიდან 25%-იანი PTI-ის მოთხოვნა 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან ზღვარი 2500 ლარამდე გაიზრდება. ეროვნული ბანკის განმარტებით, ცვლილების მიზანი ჭარბვალიანობის რისკების შემცირება და ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნებაა.

ცვლილება იმ მსესხებლებს შეეხება, რომელთა ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 1500-დან 2500 ლარამდეა. მათთვის დასაშვები სესხის ყოველთვიური მომსახურების მაქსიმალური მოცულობა 50%-დან 25%-მდე მცირდება.

შესაბამისად, ერთი და იმავე შემოსავლის მქონე პირისთვის ბანკიდან ხელმისაწვდომი სესხის მოცულობა, ფაქტობრივად განახევრდება. ანუ ეროვნული ბანკი 1500 ლარიდან 2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს ბანკებიდან ასაღები კრედიტის მაქსიმალურ ლიმიტს უნახევრებს.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ჭარბვალიანობის რისკებით არის განმარტებული:

„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების მორიგი რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა.

მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს.

PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა, შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით.

შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას.

ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია. ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება.

კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“, – წერს ეროვნული ბანკი.

რა იცვლება პრაქტიკაში

მაგალითად, თუ ადამიანს თვეში 1500 ლარის წმინდა შემოსავალი აქვს, მოქმედი PTI-ის პირობებში მას ლარში აღებული სესხის მომსახურებისთვის შემოსავლის 50%-ის გამოყენება შეუძლია, ანუ მაქსიმუმ 750 ლარი თვეში.

2027 წლის 1 სექტემბრიდან ეს ზღვარი 25% გახდება და იგივე შემოსავლის მქონე მსესხებლისთვის სესხის მაქსიმალური ყოველთვიური მომსახურება 375 ლარამდე შემცირდება.

ეს ცვლილება განსაკუთრებით თვალსაჩინოა კონკრეტული სესხის მაგალითზე.

ვთქვათ, მოქალაქეს სურს 3-წლიანი, ანუ 36-თვიანი სესხის აღება, ხოლო ჰიპოთეტური წლიური საპროცენტო განაკვეთი 15%-ია. ამ შემთხვევაში, არსებული PTI-ის პირობებში, 1500-ლარიანი შემოსავლის მქონე პირს მაქსიმალური 750-ლარიანი ყოველთვიური გადასახადის ფარგლებში დაახლოებით 21 650 ლარის სესხის აღება შეეძლებოდა.

იგივე საპროცენტო განაკვეთისა და 3-წლიანი ვადის პირობებში, 2027 წლის 1 სექტემბრიდან მაქსიმალური ყოველთვიური გადასახადი 375 ლარი იქნება. შესაბამისად, ამავე შემოსავლის მქონე პირის მაქსიმალური სესხის თანხა დაახლოებით 10 825 ლარამდე შემცირდება.

რატომ ცვლის ეროვნული ბანკი წესს

ეროვნული ბანკის განმარტებით, PTI-ის თავდაპირველი ზღვრები 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე იყო დაფუძნებული და 2022 წელს განახლდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, მას შემდეგ ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის გამო, მისი შეფასებით, ფიქსირებული 1500-ლარიანი ზღვარი ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებას.

ეროვნული ბანკის ლოგიკა ისაა, რომ თუ PTI-ის ზღვარი უცვლელი დარჩება, ადამიანების უფრო მაღალ შემოსავლიან კატეგორიაში გადასვლა შესაძლოა მხოლოდ ნომინალური ხელფასების ზრდას ასახავდეს და არ ნიშნავდეს მათი რეალური გადახდისუნარიანობის ან საკრედიტო რისკის გაუმჯობესებას.

ამ არგუმენტით, ეროვნული ბანკი 1500-ლარიან ზღვარს 2500 ლარამდე ზრდის, მაგრამ თავად PTI-ის პროცენტული მოთხოვნა არ იცვლება: 25%-იანი ზღვარი უბრალოდ უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებზეც გავრცელდება. შედეგად, რეგულაციის მთავარი პრაქტიკული ეფექტი სწორედ 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების დასაშვები ტვირთის შემცირება იქნება.

ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას ასევე იმით ასაბუთებს, რომ ცვლილების ეტაპობრივად განხორციელება მისი ერთჯერადი მკვეთრი გავლენის თავიდან აცილებას ემსახურება. შესაბამისად, გამკაცრება ორ ეტაპად შევა ძალაში: ჯერ 1500-2000 ლარის, შემდეგ კი 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის.

ამასთან, თავად ეროვნული ბანკის 2025 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შინამეურნეობების საკრედიტო სტანდარტები ჯანსაღია, PTI-ისა და LTV-ის განაწილება დადებით სურათს აჩვენებს და შინამეურნეობებს მაკროეკონომიკური შოკების შემთხვევაში ბუფერები აქვთ. ამავე ანგარიშში ცენტრალური ბანკი მიუთითებს, რომ შინამეურნეობების დაკრედიტების ზრდა მაღალია და კრედიტზე ხელმისაწვდომობაც კარგია.

შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილება ერთდროულად ორ მიზანს აერთიანებს: ეროვნული ბანკი არსებული PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ნომინალურ ეკონომიკურ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანას ცდილობს, მაგრამ ამის შედეგად 2027 წლიდან დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეების ნაწილისთვის ახალი სესხის მომსახურების დასაშვები ტვირთი მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც მათთვის საკრედიტო ხელმისაწვდომობის გამკაცრებას ნიშნავს.

წყარო