ერთ წელზე მეტია, ხარაგაულელი ლელა კურტანიძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეა. პირველად დიდი ბრაზი მაშინ იგრძნო, როცა გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაინახა. მას შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს.

„2024 წლის შემოდგომაზე გავაცნობიერე, რომ დღეს მხოლოდ შენი საქმის პატიოსნად კეთება საკმარისი არ არის და მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება აუცილებელია, – ამბობს ლელა, – საქართველო რუსეთის გუბერნიად არ უნდა გადაიქცეს. ამას ვერ შევეგუები. ბოლო ორი წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა – შემეცვალა ცხოვრების სტილი, განწყობები, შეხედულებები“.

ლელა კურტანიძესთან საუბარი მისი ბიოგრაფიის გაცნობით დავიწყეთ. ლელა ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში, ტარიელ კურტანიძისა და მაგული კუჭაშვილის ოჯახში დაიბადა.

2007 წელს, ბორითის სკოლის დამთავრების შემდეგ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 100%-იანი საგრანტო დაფინანსებით, გერმანული ფილოლოგიის სპეციალობაზე ჩააბარა. მაგისტრატურაში სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისევ 100%-იანი გრანტით გააგრძელა და სოციალური მუშაკის პროფესიას დაეუფლა.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა შშმ პირებთან, მათ მშობლებთან, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან, პენიტენციურ დაწესებულებებში – მსჯავრდებულებთან და სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებთან.

2018 წლიდან მუშაობა ერთ-ერთ გერმანულ კომპანიაში დაიწყო და პარალელურად შემოქმედებით საქმიანობას მიჰყო ხელი. 2021 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული „მელატონინი“, რომელიც 2022 წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტი გახდა ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი“.

წერა ლელასთვის ფაქიზი თემაა და საკუთარ თავში დიდი დოზით ჩაღრმავებას გულისხმობს. გარე სამყაროში ცვლილებების მცდელობიდან საკუთარი თავის შეცნობა დაიწყო. მეორე პოეტური კრებულის გამოცემა აქციებში მონაწილეობისა და მამის გარდაცვალების გამო გადაედო.

ახლახან ლელა კურტანიძემ გოეთეს ინსტიტუტის ერთ-ერთ პროექტში „კრეატიული კომპასი“ გაიმარჯვა და მარტის ბოლოს შოტლანდიის სახელოვნებო რეზიდენციაში მიემგზავრება. ჟურნალ „ქართული მწერლობის“ 2026 წლის პირველ ნომერში დაიბეჭდა ლელას ლექსი „სიყვარული, ჯანყი, თოვლი“.

რატომ დგას რუსთაველზე, რისი მოლოდინი და იმედი აქვს, როგორ ხედავს საკუთარ თავს და ჩვენს ქვეყანას უახლოეს მომავალში, – ამ შეკითხვებზე სამოქალაქო აქტივისტი, ლელა კურტანიძე გვპასუხობს:

„სიმართლე გითხრათ, ტერმინი „სამოქალაქო აქტივისტი“, არ მომწონს. თითქოს საზოგადოებაში ისეთი განწყობა გაჩნდა, რომ საყოველთაო პრობლემებზე ზრუნვა მხოლოდ აქტივისტებს ევალებათ. საზოგადოებამ პასუხისმგებლობა გადმოგვაბარა რუსთაველზე მდგომ ადამიანებს, რომლებიც პროტესტში ჩავერთეთ.

სიმართლე გითხრათ, ჩემი რესურსის დახარჯვა პოეზიასა და პროზაში მირჩევნია, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, რომ მიმდინარე მოვლენებზე პროტესტი არ გამოვხატო.

რამდენი რამ გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, უთვალავი მტრის შემოსევა და აქამდე მოვიდა. ახლაც გადავრჩებით, მაგრამ ამ ბრძოლას, ისევე როგორც წინა საუკუნეებში, ადამიანები ეწირებიან.

ჩემთვის ოჯახში არავის დაუწყია ქადაგება, რომ სამშობლო უნდა მიყვარდეს. მე ჩემი მშობლების დამოკიდებულებებიდან, მათი ცხოვრების წესიდან ვისწავლე უსამართლობასთან შეუგუებლობა და უკომპრომისობა. მამაჩემი წლების განმავლობაში სკოლის დირექტორი იყო და იმ დროს, როცა ადამიანები უკანონო შემოსავლებით მდიდრდებოდნენ, ჩვენი ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა.

ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება რომ გვიწევდა, მამა სულ დარდობდა, ვერ შეგიქმენით კარგი ცხოვრებაო. მე კი მას მადლობას ვეუბნებოდი, რომ ასეთი ვარ – შემოსავალს ღირებულებების დათმობის სანაცვლოდ ვერ მივიღებ.

ღრმად მწამს, რომ ჩვენი კულტურა, განათლება, შრომითი უფლებები, ოჯახებსა და ბავშვზე ზრუნვის სერვისები ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე ვერ გაძლიერდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ევროპისკენ მიმავალი გზები დაბლოკა. პროპაგანდისტებმა რაც უნდა ილუზორული სურათი დაგვიხატონ, რომ ქვეყანაში კარგი ცხოვრებაა, რუსთაველის პროტესტი არის კრიზისის არსებობის ცოცხალი დასტური.

ხმამაღლა და ყოველდღე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობა სურს, რომ ჩვენც გვაქვს ბევრი რამ შესათავაზებელი ევროპისთვის და  მათთან ერთად თანასწორი ცხოვრება გვინდა.

ამ ქაოსში, როცა ახალ-ახალი კანონებით ხელისუფლება ყოველდღიურად გვაშორებს ევროპას და რუსეთთან გვაახლოებს, რთულია, ოპტიმიზმი შეინარჩუნო. თუმცა, ჩემთვის ოპტიმიზმის საფუძველია ჩვენი ისტორია. ნამდვილი მეომარი შინაგანი რწმენით იბრძვის. ვიცით, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია. თუმცა, პროტესტის შეწყვეტა შეუქცევად ზიანს მოგვიტანს.

ზოგჯერ ნიჰილიზმი შემომიტევს. მერე ვფიქრობ, აქამდე მოვსულვართ და ახლაც წინ წავალთ. ოთახში კედელზე საკუთარი ხელით შექნილი პლაკატი მაქვს  წარწერით – „ბოროტებას ვერ მოათვინიერებ, მას უნდა ებრძოლო“.

სამწუხაროდ, რეგიონებში პროტესტი არ შეინიშნება და ადამიანების უმრავლესობა ჩუმადაა. სოფელში გავიზარდე და ვიცი, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებზე ხელისუფლებისგან დიდი და უხილავი წნეხია.

ჩვენ, რუსთაველზე მყოფ ადამიანებს, ქუჩებში დაგვდევენ, გვცემენ, გვწამლავენ და ეს ხილულია. რეგიონებში, მინიმალური სარგებლის სანაცვლოდ, ადამიანებს უსიტყვოდ აფრთხილებენ, რომ პროტესტის გამოთქმის შემთხვევაში მათ მდგომარეობას მოარყევენ. ძალიან კარგად მესმის მანიპულაციის ანატომია და „კოლექტიური ცხოვრების“ მექანიზმი, რომელიც ცდილობს, „კოლექტივიდან“ არც ერთი წევრი არ გაუშვას. თუმცა, უსამართლობას მაინც არ უნდა შევეგუოთ.

ირანელი უფლებადამცველი შირინ ებადი წიგნში „ოქროს გალია“ წერს – „თუ არ შეგიძლია ბოლო მოუღო უსამართლობას, მაშინ უამბე მაინც ყველას ამის შესახებ“. ვფიქრობ, რომ არჩევანი ყველას გვაქვს და სიმართლის გავრცელება ყველას შეგვიძლია.

ნინო კაპანაძე