

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საექიმო ამბულატორია 2025 წლის ოქტომბრიდან, საქმიანობას ხარაგაულის საავადმყოფოში აგრძელებს, გეოლოგების რეკომენდაციით, ლაშის თემის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული მეწყერული პროცესების გამო.
„მოსალოდნელია, რომ ფერდობის ზედა ნაწილიდან გადაადგილებული გრუნტი მიუახლოვდება/დაფარავს ლაშის სკოლის ტერიტორიას, – აღნიშნულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაკვეთით „გეოლოჯიქის“ მიერ მომზადებულ გეოლოგიურ დასკვნაში, – მეწყერის გადაადგილებასთან ერთად ხეობის ფსკერის ამოვსების პროცესი გრძელდება და შემდგომში მნიშვნელოვანი მოცულობის ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნის რისკი არსებობს (განსაკუთრებით მდინარე ყარნებას წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების პერიოდში).
ასეთ შემთხვევაში კი საფრთხის ქვეშ დგება სარკინიგზო მაგისტრალი. ასევე, მდინარე ყარნებასა და ჩხერიმელას ხეობების შესაბამის მონაკვეთში მდებარე ინფრასტრუქტურა (სახლები, საავტომობილო გზები, ხიდები და სხვ.)“.
ლაშის საექიმო ამბულატორია მდინარე ყარნებადან ათ მეტრში, ხოლო ლაშის სკოლის შენობიდან – 150 მეტრში მდებარეობს.

2026 წლის იანვარში ამბულატორიის მედპერსონალი, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, ისევ ლაშეში დაბრუნდა. ამ სტატიის მოსამზადებლად, ლაშის ამბულატორიას 9 თებერვალს ვესტუმრეთ. სწორედ იმ დროს ლაშის ამბულატორიაში ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე, თანამშრომლებთან ერთად, პროფილაქტიკური აცრების მდგომარეობასა და ვაქცინების შენახვის პირობებს ამოწმებდა. მან გვითხრა, რომ ლაშის ამბულატორიაში ექიმისა და ექთნის ყოფნა „სამედიცინო ჰოლდინგთან“ იყო შეთანხმებული.
„საექიმო ამბულატორია სადაც მდებარეობს, ეს ადგილი მეწყერსაშიში არაა, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, – რადგან არხი გაიჭრა და მდინარე ყარნებას კალაპოტი გაფართოვდა, მდინარესგან საშიშროება ნაკლებადაა. სახიფათოს თუ რამეს შენიშნავენ, ლაშის ამბულატორია ისევ ხარაგაულის საავადმყოფოში დაბრუნდება“.
ამ საგაზეთო წერილზე მუშაობის პროცესში ლაშის ამბულატორიის ექიმი და ექთანი დაგვიკავშირდნენ. მათ გვითხრეს, რომ „სამედიცინო ჰოლდინგის“ მითითებით, ლაშის ამბულატორიამ საქმიანობა და პაციენტების მიღება ისევ ხარაგაულის რაიონული საავადმყოფოს შენობაში უნდა გააგრძელოს.
„ლაშის თემის სოფლებიდან მოქალაქეებს ხარაგაულის საავადმყოფოში მოსვლა უჭირთ, – ამბობს ლაშის ამბულატორიის ექიმი მაია ნებიერიძე, – ტაქსით მგზავრობას ლაშიდან ხარაგაულის საავადმყოფომდე 20 ლარი მაინც უნდა. ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის ეს მძიმე ფინანსური ტვირთია.
დამეწყრილი ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში წავიდა საცხოვრებლად. წამლის გამოწერა თუ უნდათ, მირეკავენ და დაუყოვნებლივ ვეხმარები. თუმცა, სხვა ქალაქებში ისინი ოჯახის ექიმის მომსახურებას უფასოდ ვეღარ იღებენ და ფულის გადახდა უწევთ.
პალიატიურ მკურნალობაზე მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავდა და ისიც ზესტაფონში გადავიდა საცხოვრებლად.
1999 წლის სექტემბრიდან ლაშის ამბულატორიის ექიმი ვარ. დამეწყრილი მოსახლეობის ტკივილს როგორც საკუთარს, ისე განვიცდი“.
ლაშის ამბულატორიის მედპერსონალს ამბულატორიის შენობაში ინფრასტრუქტურული პრობლემები არც ღვერკი-ხემაღალის მეწყერამდე აკლდა.
„ლაშეში ამბულატორია 2006 წელს აშენდა და შენობაში წყალი არასდროს გვქონია, – ამბობს ექთანი რუსუდან მესხი და სველ წერტილში წებოვანი ლენტით „დასკოჩილ“ უნიტაზს გვაჩვენებს, – უწყლობის გამო ამ უნიტაზითაც არასდროს გვისარგებლია. წყალგაყვანილობა მწყობრიდან გამოსულია და წყლით ავზის ავსება რომ მოვინდომოთ, ექიმის კაბინეტში წყალი შადრევანივით ამოვა.
სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარედან შემოგვაქვს წყალი და ისე ვიყენებთ. წელს სათბობი შეშა ამ დრომდე არ მოგვიტანეს. ამიტომ ლაშის ამბულატორიაში როცა ვართ, შეშა სახლიდან მომაქვს.
ლაშის თემის ხუთ სოფელში – ლაშეში, ღვერკში, ხემაღალში, უჩამეთსა და ლაშის იგორეთში შობადობა ძალიან შემცირებულია. 2025 წელს ამ ხუთ სოფელში არც ერთი ბავშვი არ დაბადებულა. 2024 წელს ერთი ბავშვი დაიბადა და ის ოჯახიც სოფლიდან წავიდა. 2023 წელს ორი ბავშვია დაბადებული, 2022 წელში – ერთი. მეწყერის გამო, ღვერკი და ხემაღალი 112-მა ოჯახმა დატოვა. ძალიან რთული მდგომარეობაა“.

ლაშის თემის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები ლაშის ამბულატორიაში ჩვენი სტუმრობის დღეს, 9 თებერვალსაც მოვიდნენ. ისინი ოჯახის ექიმისა და ექთნის მომსახურებით კმაყოფილები არიან.
ბიჭიკო ღვინჯილია ამბობს, რომ მაია ექიმი მაღალი დონის პროფესიონალია. ცეზარი ხარატიშვილის თქმით, ქალაქის საავადმყოფოში გაუკვირდათ, აპარატურის გარეშე სოფლის ექიმმა ზუსტი დიაგნოზი როგორ დასვაო. თანასოფლელების ნათქვამს იზიარებს ლამარა კალანდაძე. ის მიიჩნევს, რომ მაია ექიმი, პროფესიონალიზმთან ერთად, საუკეთესო პიროვნული თვისებებით გამოირჩევა.
ლაშის საექიმო ამბულატორიის ექიმი მაია ნებიერიძე ლაშის თემის სოფლების მოსახლეობას ხარაგაულის საავადმყოფოში კვირაში სამ დღეს – ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ემსახურება. ექთანი რუსუდან მესხი კი – ყოველდღე.
ნინო კაპანაძე
სასოფლო გზების სარეაბილიტაციოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საექიმო ამბულატორია 2025 წლის ოქტომბრიდან, საქმიანობას ხარაგაულის საავადმყოფოში აგრძელებს, გეოლოგების რეკომენდაციით, ლაშის თემის სოფლებში – ღვერკსა […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, მულტიფუნქციური (ახალგაზრდული, კულტურული,
ერთ წელზე მეტია, ხარაგაულელი ლელა კურტანიძე თბილისში, რუსთაველის