2025 წლის აპრილიდან ხარაგაულში უსინათლოთა პროგრამა, გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილი ბიუჯეტით უნდა განახლდეს.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, რომელიც ამ პროგრამას შვიდი წელია ახორციელებს, მომავალ წელს უსინათლოთა პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათას ლარს ითხოვს. ბოლო ხუთი წელია, უსინათლოთა პროგრამა 12 ათასი ლარით ფინანსდება.
მომავალ წელს თანხა ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმებული ექვსი პირის ხელფასების ზრდას, ბრაილის შრიფტის შესასწავლად სპეციალური ფურცლების, სამაგიდო თამაშების ინვენტარისა და ადაპტირებული კომპიუტერული პროგრამების შეძენას მოხმარდება.
„2024 წელს პროგრამა 27 ნოემბერს დავასრულეთ, – ამბობს უსინათლოთა პროგრამის მენეჯერი გულიკო ჭარბაძე, – 11 უსინათლო პირი სხვადასხვა პროგრამაში იყო ჩართული. ჩვენი პროგრამა რვათვიანია. დეკემბერში საქმიანობას ვწყვეტთ, რადგან უსინათლოებს ზამთარში ხარაგაულში სოფლებიდან მოსვლა უჭირთ. თუმცა, არც სხვა თვეებშია ტრანსპორტირება მათთვის ადვილი.
უსინათლოები ბრაილის შრიფტს, ადაპტირებულ კომპიუტერულ პროგრამებს, სამაგიდო სპორტულ თამაშებსა და აუდიო წიგნების მოძიებას სწავლობენ. მეცადინეობა კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და პარასკევს გვაქვს.
ბრაილის შრიფტს მათ მზია კურტანიძე ასწავლის, ადაპტირებულ კომპიუტერულ პროგრამებს – ვასილ ლომიძე, სამაგიდო სპორტულ თამაშებს – რომან შავიძე, აუდიო წიგნების მოძიებას – თინათინ ცხრაკბილაშვილი. პროგრამის ტექნიკური მენეჯერია სერგო შველიძე.
წელს 8 უსინათლო ბრაილის შრიფტს დაეუფლა. თერთმეტივე უსინათლომ ადაპტირებულ კომპიუტერთან მუშაობა ისწავლა. ანდროიდის ტიპის ტელეფონებში ხმოვანი წიგნების ჩატვირთვა შესაძლებელია, თუმცა, ასეთი მარკის ტელეფონი ყველას არ აქვს.
უსინათლოებს, მათ შორის ვასილ ლომიძეს, რომელიც ადაპტირებული კომპიუტერული პროგრამების მასწავლებელია, ტრანსპორტირება დამოუკიდებლად არ შეუძლია. ის ვერტყვიჭალიდან დადის და ხარაგაულში მოსვლისას ტრანსპორტთან ერთი ადამიანი ხვდება, რომელმაც ის კულტურის ცენტრში უნდა მოიყვანოს.
2024 წელს კიცხიდან, თეთრაწყაროდან და ღორეშიდან ხუთ უსინათლოს უნდოდა პროგრამაში ჩართვა, მაგრამ ვერ შეძლეს. მათ დამოუკიდებლად ტრანსპორტირება არ შეუძლიათ. მათი ოჯახის წევრს კი ხან არ სცალია, ხანაც ხარაგაულამდე ტრანსპორტირების თანხა არ აქვთ.
გასულ წლებში ბრაილის შრიფტისთვის სპეციალურ ფურცლებსა და სამაგიდო თამაშების ინვენტარს ხელფასიდან ვყიდულობდით. მომავალი წლიდან საკანცელარიო და უსინათლოთა ტრანსპორტირებისთვის ხარჯი გვექნება“.
უსინათლოთა პროგრამის ტექნიკური მენეჯერი სერგო შველიძე მოხარულია, რომ 2025 წლიდან უსინათლოებს სოფლებიდან ტრანსპორტირების თანხას აუნაზღაურებენ და ისინი მათთვის სასურველი პროგრამების დაუფლებას შეძლებენ.
„2024 წელს ხარაგაულის ბიუჯეტიდან უსინათლოთა ყოველთვიური დახმარება 50 ლარიდან 70 ლარამდე გაიზარდა, – ამბობს ადაპტირებული კომპიუტერის სპეციალისტი ვასილ ლომიძე, – საახალწლოდ და სააღდგომოდ დამატებით 50-50 ლარი ჩაგვირიცხეს.
ხარაგაულის მერიაში წარვადგინე პროგრამა და 2025 წლის სექტემბრისთვის ათი უსინათლო პირის ციხისძირში რეკრეაცია-რეანიმაციის ათდღიან პროგრამაში ჩართვას ვითხოვ. ამ პროგრამის ბიუჯეტი 8 ათასი ლარია. უსინათლოებს სპეციალისტები მათ დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის აუცილებელ და საჭირო უნარ-ჩვევებს შეასწავლიან. გორის, რუსთავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიები ამ პროგრამას აფინანსებენ. ხარაგაულის მერი მხარდაჭერას დამპირდა“.
მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრიდან მერიისთვის წარდგენილი 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში მათ არაფერი შეუცვლიათ და შესაბამისად, უსინათლოთა პროგრამის დაფინანსებაც იზრდება. მისივე თქმით, თუ სხვა დამატებითი ხარჯი დასჭირდებათ, უსინათლოებს შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: უსინათლოთა პროგრამის მონაწილეები
ამავე თემაზე
უსინათლოთა პროგრამის გამართულად ფუნქციონირებისთვის დაფინანსების გაზრდა აუცილებელია
უსინათლოთა პროგრამის მონაწილეებს მხარდაჭერა ტრანსპორტირებაშიც სჭირდებათ
უსინათლოებს თვითმმართველობისგან მხარდაჭერა სჭირდებათ
ვასილ ლომიძე – კომპიუტერის სწავლისას უსინათლო სრულყოფილად აღიქვამს სამყაროს
„ცხოვრებას თუ ერთი დაუჩოქე, ჩათვალე, რომ ყველაფერი იქ დამთავრდა“ – ვასილ ლომიძე
2025 წლის აპრილიდან ხარაგაულში უსინათლოთა პროგრამა, გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილი ბიუჯეტით უნდა განახლდეს. ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, […]
ხარაგაულის საავადმყოფო, ბოლო წლებია,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ლიტერატურული კონკურსის, „საბა 2024-ის” გამარჯვებულები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის