ხარაგაულის საავადმყოფო, ბოლო წლებია, ყველა პაციენტს მისთვის საჭირო მომსახურებას ვეღარ უწევს, რადგან სპეციალისტები არ ჰყავს.

ამ თემაზე „ჩემი ხარაგაულის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში ხარაგაულის კლინიკის დირექტორი, დიმიტრი კოჩაძე და მედიცინის აკადემიური დოქტორი, თენგიზ ვერულავა საუბრობდნენ. ამავე წერილში მოცემულია ხარაგაულის საავადმყოფოში მომუშავე ექიმ-სპეციალისტთა მუშაობის განრიგი.

ამ სტატიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ ხარაგაულის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ დააკომენტარა, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში ექიმ-სპეციალისტების ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აქტიურადაა ჩართული, სამედიცინო აქციების ორგანიზებითა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის რეკომენდაციების მიწოდებით.

დავინტერესდით და გოჩა გიორგიძეს მივმართეთ, – რას და როგორ აკეთებს თვითმმართველობა ხარაგაულის საავადმყოფოში პაციენტების მომსახურებისა და კადრების მოზიდვის გასაძლიერებლად.

– ვცდილობთ, ხშირად მოვაწყოთ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო აქციები ვიწრო სპეციალისტების ჩართულობით, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ადგილობრივი თვითმმართველობა – რწმუნებულებისა და დეპუტატების მეშვეობით, ეხმარება მოსახლეობას, რომ ამ აქციებზე მოვიდნენ. ეს დახმარება გულისხმობს არა მარტო შეტყობინებას სამედიცინო აქციის თაობაზე, არამედ კონკრეტულ ადგილამდე მათ ტრანსპორტირებასაც.

ამავე დროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, მოქალაქეებს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ვრთავთ. ბუნებრივია, ეს პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო მომსახურებისთვის არასაკმარისია.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ადგილობრივ დონეზე – ხარაგაულის კლინიკასა და ბორითის გადაუდებელი დახმარების ცენტრში, სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ.

ამისთვის გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსაზრებები წერილობით წარვუდგინეთ და ჯანდაცვის მინისტრს პირადად ვესაუბრე. ხარაგაულის საავადმყოფოში, რეზიდენტურის დაფინანსების გზით, ახალგაზრდა კადრების მოზიდვის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ჩვენ ვიყავით და ეს საკითხი გადაწყვეტის პროცესშია.

ხარაგაულის საკრებულო ვამზადებთ ახალ წერილს, რომლითაც გვინდა ისევ მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს. საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაზე განვიხილეთ და ჩამოვყალიბდით ერთ კონკრეტულ სტრატეგიაზე.

ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ განვითარდეს ბორითის საავადმყოფოში როგორც ამბულატორიული სერვისები, ასევე ერთი კონკრეტული პროფილის მიმართულებით შეიქმნას მძლავრი ბაზა სტაციონარის დონეზე, რომელზეც აეწყობა უკვე სხვა სამედიცინო სერვისები – ლაბორატორიული და ა.შ.

ხარაგაულის კლინიკამ უნდა დაადგინოს ფიქსირებული და არა მცოცავი გრაფიკი, – თვისა და კვირის რომელ დღეს იქნებიან საავადმყოფოში ვიწრო სპეციალისტები. მოსახლეობამ ზუსტად უნდა იცოდეს, კონკრეტულად რომელ დღეს მოემსახურება ესა თუ ის სპეციალისტი. ამ მიმართულებით ბევრს მუშაობს ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი დიმიტრი კოჩაძე.

ჩვენი ერთობლივი მიზანია, რომ ხარაგაულელ პაციენტებს ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურეობაზე მეზობელ მუნიციპალიტეტებში წასვლა არ უწევდეთ.

ბორითის კლინიკაში რომელი სამედიცინო პროფილის განვითარებას ვგეგმავთ, ამ ეტაპზე არ დავაკონკრეტებ. ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე ვერსიას განვიხილავთ.

ამავე თემაზე

ავადმყოფობა ხარაგაულის საავადმყოფოში ექიმთა მუშაობის განრიგს არ ცნობს