26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ამბობს, რომ არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ფაქტებზე საუბრობენ.

როგორ ჩატარდა არჩევნები ხარაგაულში, რამდენად ელოდნენ ასეთ შედეგს და ეს შედეგი არის თუ არა ადამიანების ნების რეალური გამოხატულება, – ამ შეკითხვებით საარჩევნო პროცესში ჩართულ რამდენიმე ხარაგაულელს მივმართეთ.

მაია ბერაძე ხარაგაულში #48.01 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი იყო. ის ამბობს, რომ არ ელოდა, სახელისუფლებო პარტია ამდენ ხმას თუ მიიღებდა.

„ვფიქრობ, ადამიანებმა თავისი ნების საწინააღდეგო ნაბიჯი გადადგეს, სამსახურების დაკარგვისა და სოციალური დახმარების მოხსნის შიშით. ამომრჩევლის ნებაზე ძალიან იმოქმედა ომის შესახებ პროპაგანდამ. სოფლებში მოხუცები ამბობდნენ, რომ ურჩევნიათ ჰქონდეთ „ორი ლუკმა“ და იყოს მშვიდობა. ასეთი განცდა ჰქონდათ, რომ – თუ „ქართული ოცნება“ არ დარჩებოდა ხელისუფლებაში, ომი დაიწყებოდა.

ხმის მიცემის ფარულობა ნამდვილად დაირღვა. გაფერადების კვალი არა მარტო ბიულეტენის უკანა მხარეს, არამედ ჩარჩოკონვერტზეც გადადიოდა. ადამიანებს დამხმარე სჭიდებოდათ, რადგან აპარატი ხშირად უკან აბრუნებდა ბიულეტენს. ჩვენ ამისთვის იმ დროსსათანადო ყურადღება არ მიგვიქცევია.

წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანები სამეზობლოში, სამეგობროსა თუ სამსახურებში, არჩევნების თემაზე არ საუბრობდნენ. განსხვავებული აზრის გამოხატვას ერიდებოდნენ. საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც საკუთარ პოზიციას ღიად და აშკარად გამოვხატავდი. ბევრს სურდა, რომ საარჩევნო კომისიის წევრი ყოფილიყო ოპოზიციური პარტიიდან, თუმცა, შემდეგ ყველამ უარი განაცხადა. ოპოზიციური პარტიების ოფისებთან გავლასაც კი ერიდებოდნენ, რადგან ადამიანთა ჯგუფი აკონტროლებდა, ვინ სად შედიოდა. ყოჩაღ შენ, როგორ გაბედეო, მეუბნებოდნენ. რა გავბედე? ეს იყო ჩემი კონსტიტუციური უფლება. ვიდექი იქ, სადაც ვთვლიდი, რომ იყო სიმართლე.

სოფო კობახიძე კომისიის წევრი იყო თეთრაწყაროს საარჩევნო უბანზე. „ეს არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის სოფელი და სიტუაციაც იყო მის მიმართ მიკერძოებული. საარჩევნო უბნის შემოსასვლელში ამომრჩევლებს მერის ძმა ხვდებოდა. ერთი ამომრჩეველი ხმის მიცემას მართვის მოწმობით ცდილობდა. იქ რომ არ ვყოფილიყავი და ეს ფაქტი არ გამეპროტესტებინა, კომისიის თავმჯდომარე მართვის მოწმობით ხმის მიცემაზე თანახმა იყო. რეგისტრატორებს ამომრჩევლების მონაცემები, ძირითადად, ხელით შეჰყავდათ იმიტომ, რომ აპარატი არაერთ პირადობის მოწმობას არ აღიქვამდა. საინტერესოა, ეს რის გამო ხდებოდა. ყველაფრის კონტროლი შეუძლებელი იყო.

ხიდრის საარჩევნო უბნის კომისიის წევრი თამარ თაბუკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიიდან კომისიის წევრობა დიდი რისკი იყო. „სოფელში რამდენიმე ადამიანს შევთავაზე, რომ ოპოზიციური პარტიებიდან კომისიის წევრები ყოფილიყვნენ. მეუბნებოდნენ, შარში ნუ გამაბამო, – ამბობს თამარი, – ალბათ რაღაცებზე ხელი შეეშლებოდათ. ყოველთვის მსურდა, კომისიის წევრი საოლქო კომისიიდან ვყოფილიყავი და კონკურსში სულ ვერთვებოდი. თუმცა, უშედეგოდ. ნამდვილად ვერ დავხუჭავ თვალს უკანონობაზე. ვარ პედაგოგი და გულით მინდა, რომ ადამიანები, პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც, კეთილ საქმეს ემსახურებოდნენ. ერთგული ვარ სინდისისა და ღირსების წინაშე. ვისაც მოვწონვარ, იმან მიმიღოს.

საჯაროდ ვამბობ, – ილია ჭავჭავაძის მოძღვრებისკენ ვარ, – „ჯერ მაცოცხლე, მერე მაბედნიერე“, – ეს არის ჩემი პოლიტიკური და ადამიანური ლოზუნგი. აკაკი წერეთლის სიტყვები – „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“, – ეს ლოზუნგი მეჭირა ხელში 1989 წლის აპრილის აქციებზე თბილისში და დღესაც ამ აზრზე ვარ.

„ქართული ოცნების“ გამარჯვებას ველოდი, მაგრამ არა იმხელა ციფრით. არჩევნები ხომ არჩევნების დღეს არ ყალბდება. ვხედავდი სიტუაციას სოფელში. ოპოზიციურ პარტიებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ჰქონდათ. ვისთანაც მივიდოდნენ, იმ მოქალაქეებთან ხორციელდებოდა ზარი, – ვინ იყო თქვენთან და რისთვის მოვიდაო.

არჩევნებამდე ადამიანებში შიშს ვგრძნობდი. „საკუთარი ტრანსპორტით ვმოძრაობ და გზაში არავინ დამაჯარიმოს“, „ამ ორი კაპიკით ვარჩენ ოჯახს“; „შვილიშვილებს პენსია არ მოუხსნან“ – ამბობდნენ ჩემი თანასოფლელები. ადამიანებს მოქალაქეობრივი განათლება აკლიათ. ობოლ ბავშვს რომ 18 წლის ასაკის შესრულებამდე პენსიას ვერც ერთი ხელისუფლება და პარტია ვერ მოუხსნის, ეს ადამიანმა უნდა იცოდეს.

მშვიდობის თემა არის უმთავრესი, რითაც „ქართული ოცნება“ მანიპულირებდა. ეს იმდენად მოწყვლადი სიტყვა გახდა, რომ ადამიანებს საწინააღმდეგო აზრში ვეღარ დაარწმუნებდი. „მგზავრის წერილებიდან“ უნდა გვახსოვდეს, „რაის ვაქნევთ ცარიელ მშვიდობას“.

გადასატანი ყუთით ოჯახებში რომ შევდიოდი, ყველა ამბობდა, რომ „ხმას აძლევდნენ მშვიდობას“. მე, როგორც მოქალაქეს, მაინტერესებს, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, მშვიდობის რა მყარი გარანტიები არსებობს, – თუნდაც, რაიმე სახის ხელმოწერილი დოკუმენტის სახით, პუტინის მხრიდან. ყველა სამთავრობო კონცერტსა და საარჩევნო შეხვედრაზე გაიძახოდნენ, მშვიდობა გვინდა, მშვიდობა გვინდაო. მშვიდობა გვინდა ყველას! „ქართული ოცნება“ საარჩევნო შეხვედრებზე ეკონომიკის წინსვლასა და გაძლიერებაზე არ საუბრობდა.

ევროკავშირზე არ ჰქონდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ დავიღუპებით, სექსუალური ორიენტაცია შეგვეცვლება, აღარ ვიქნებით ქართველები, ოჯახები შეგვერყვნება, ადათ-წესებს და იდენტობას დავკარგავთ ევროკავშირში შესვლითო. ამ დროს ჩვენი ეკლესია-მონასტრები სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით გარემონტდა და ბევრი სხვა სასიკეთო საქმე გაკეთდა.

სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვერ შეძლო, ამომრჩევლებისთვის აეხსნა, რომ ეს იყო რეფერენდუმი და არა ჩვეულებრივი არჩევნები.

სამთავრობო გუნდში არიან ძალიან ღირსეული ადამიანები. ჩვენ ერთად ვიდექით 1989 წლის აპრილის აქციების დროს. პაატა გოგოლაძე, ნოდარი ვეფხვაძე, კობა ლურსმანაშვილი.. მწამდა მათი, ერთი აზრი, სურვილი და მიზანი გვქონდა – საქართველოს დამოუკიდებლობა და რუსეთისგან იზოლაცია. მართლა მაინტერესებს, ვერ ვხვდები რა ხდება, თუ რაღაც ისე არ გამოუდით. ყველა გზა ტაძართან არ მიგვიყვანს. ბოღმის, შურის, შიშის, ძალადობის, ქრთამის, ჭირისა და უბედურების გზით სიარული არ გვინდა.

სამწუხაროდ, წინასაარჩევნოდ, ტელევიზიებში დებატები არ მოგვისმენია. დებატებში იბადება ჭეშმარიტება, – ამომრჩეველი დაინახავს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი. უნდა ვისმენდეთ ჯანსაღ პოლემიკას, დისკუსიას ნებისმიერ არხზე. მერე აღარ იქნება გაუთვითცნობიერებელი მოქალაქე, თავის ყურით რომ მოისმენს პოლიტიკოსებისგან მოსაზრებებს“.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრი შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ სადაც ის იმყოფებოდა, არჩევნები იქ ნორმალურად წარიმართა. „გულწრფელად გეუბნებით, რომელ უბნებთანაც მივედი, არაფერი დარღვევა არ მინახავს. ვარძიის, წყალაფორეთისა და ხიდრის საარჩევნო უბნებზე ვიმყოფებოდი. ვარძიაში საარჩევნო უბნიდან 200 მეტრის მოშორებით შენობაში კაცები ღვინოს სვამდნენ და მათ ფულის დარიგება დააბრალეს. იმ შენობაში ყველა შედიოდა – ჩვენი მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. მე არ მინახავს არც ძალადობა, არც მუქარა ჩემი თვალით, ხატზე შემიძლია დავიფიცო.

ოპოზიციის პროტესტს რაც შეეხება, ისინი არჩევნების შედეგებს არც წინა არჩევნების შემდეგ აღიარებდნენ. ამდენ ხალხს ატყუებდნენ, ვიგებთ, ვიგებთო და წააგეს. სხვა რა უნდა თქვან ახლა. რით ამტკიცებენ, რომ მოიგეს. თუნდაც ის, რომ ამბობენ, ბიულეტენის უკან ხმა ვის მიეცი, ჩანსო. ამომრჩეველს თუ დამალვა უნდოდა, მის არჩევანს ვერავინ დაინახავდა. არავინ აკვირდებოდა, უკან წერტილი იყო თუ არა. ბიულეტენის ჩარჩოკონვერტში ჩადებისას არაფერი ჩანდა, არავინ არავის ჩაჩერებოდა. მე თავად უბანზე ვერ შევდიოდი, არ მქონდა მაგის უფლება. თუმცა, როცა ხმა მივეცი, არ მინახავს, რომ ამომრჩეველს ვინმე თავზე დადგომოდა.

ამავე თემაზე:
ვაგრძელებთ ბრძოლას რეალური ცვლილებებისთვის

საპარლამენტო არჩევნების დღე ხარაგაულში

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ხარაგაულის მერის მიერ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელისშეშლას

 

ვიდეო სოციალურ ქსელში:
„კოალიაცია ცვლილებისთვის“ დამკვირვებელი ხათუნა მანჯავიძე საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

კობა გოგსაძე, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ საუბრობს