#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 37-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა
(გამოქვეყნების დრო 08:15 სთ)
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში 37-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესიც დაიწყო.
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შტაბების წარმომადგენელთა ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამ მომენტისთვის მშვიდი ვითარებაა.
დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. წელს პირველად არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება და ამ მეთოდით ხმას 3 113 757 ამომრჩეველი მისცემს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. მათ შორის – #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 18 559 ამომრჩეველია.
ხარაგაულში არჩევნები ელექტრონულად ტარდება 18 საარჩევნო უბანზე (#48.01 დაბა ხარაგაულის; #48.02 პატარა ხარაგაულის; #48.03 ბაზალეთის; #48.08 ვარძიის; #48.09 ვახანის; #48.11 კიცხის; #48.12 თეთრაწყაროს; #48.13 ლაშეს; #48.14 ლეღვანის; #48.15 მარელისის; #48.17 მოლითის; #48.19 ქვების; #48.21 სარგვეშის #48.23 საღანძილის; #48.26 ფარცხნალის; #48.29 წყალაფორეთის; #48.31 ხიდრის #48.35 საქარიქედის).
როგორი იყო წინა წლების საპარლამენტო არჩევნების სტატისტიკა ხარაგაულში
(გამოქვეყნების დრო 09:34 სთ)
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 19 492 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობა 13 495 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 69,23%-ია.
2020 წელს არჩევნებზე ხარაგაულის საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ 7 210 ხმა მიიღო (53,43%), პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 3 153 ხმა (23,36%).
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 19 904 ამომრჩეველი იყო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 745 ამომრჩეველმა. ამ ხმებიდან 10 277 ხმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო (45,44%), 6 501 ხმა – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (28, 75%)
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხარაგაულში რეგისტრირებულია 18 261 ამომრჩეველი. არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
10 საათისთვის #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ხმა 2 073-მა ამომრჩეველმა მისცა
(გამოქვეყნების დრო 10:18 სთ)
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გია ცისკაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, 10:00 საათისთვის ხარაგაულის 37 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი 2 073-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 18 559 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
რა დარღვევები დააფიქსირეს საარჩევნო შტაბებმა და დამკვირვებელმა ხარაგაულის საარჩევნო ოლქში
(გამოქვეყნებულია 13:15 სთ)
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსის, თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, დიდვაკისა და კიცხის საარჩევნო უბნებზე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები 100 მეტრის რადიუსში დგანან და ამომრჩეველს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მისივე ინფორმაციით, მათ არ უკეთიათ აკრედიტაციის დამადასტურებელი ბეიჯები.
თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ მისი მითითების შემდეგ კიცხის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია ასეთმა პირებმა დატოვეს.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შტაბის უფროსი ინგა მაღრაძე ამბობს, საარჩევნო უბნებზე არის დარღვევები. #48.01 ხარაგაულის საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ორი ბიულეტენი მისცეს.
„მარელისში დავწერეთ შენიშვნა, – ამომრჩეველი, რომელიც დამოუკიდებლად ვერ აფიქსირებდა თავის არჩევანს, აპირებდნენ, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერთან ერთად შეეშვათ ხმის მისაცემად.
დიდივაკის საარჩევნო უბანთან დავაფიქსირეთ მარშუტკები, სადაც სხედან ქალები და ურეკავენ ვიღაცებს“ – ამბობს ინგა მაღრაძე.
„სამართლიანი არჩევნების“ ხარაგაულის რაიონული კოორდინატორის, თამთა გოგოლაძის ინფორმაციით, #48.03 ბაზალეთის საარჩევნო უბანზე რწმუნებულის მოადგილე თამარ ჭყოიძე ზის უბნის შესასვლელში და მომსვლელ ამომრჩევლებს აღრიცხავს. „ჩემს შეკითხვაზე მიპასუხა, რომ არჩევნებზე მომსვლელი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას ვწერ და „ქართული ოცნების“ ქოლცენტრს უნდა გადავუგზავნოო“, – ამბობს თამთა გოგოლაძე.
„ამწუთას ვარძიის საარჩევნო უბანზე ვიმყოფები. საარჩევნო უბნის ეზოს გარეთ დგას ხარაგაულის საკრებულო წევრი შმაგი ხიჯაკაზე, ხელში უჭირავს ფურცელი, რომელზეც სახელები, გვარები და პირადი ნომრები აქვს. მითხრა, ჩემს ბიძაშვილებს აღვრიცხავ, ხომ უნდა შევახსენო, არჩევნებზე მოსასვლელები რომ არიანო“, – ამბობს თამთა გოგოლაძე, – „სამართლიანი არჩევნების“ რაიონული კოორდინატორი.
12:00 საათისთვის #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ხმა 5 328 ამომრჩეველმა მისცა
(გამოქვეყნებულია 13:27 სთ-ზე)
ხარაგაულის საარჩევნო უბნებთან ხალხმრავლობაა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ხმა მისცა 5 328 ამომრჩეველმა (29,2%). საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა რიგებია.
ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 18 559 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 15:00 საათისთვის ხმა ამომრჩეველთა 56%-მა მისცა
(გამოქვეყნებულია 15:20)
#48 ხარაგაულის საოლქო კომისიიდან მოპოვებული ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ხმა მისცა 10 447-მა ამომრჩეველმა. ეს ამომრჩეველთა რაოდენობის 56,4%-ია.
ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 18 559 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ხარაგაულში საარჩევნო უბნებზე, სავარაუდოდ, ფული რიგდება
(გამოქვეყნების დრო 15:46 სთ)
საარჩევნო შტაბებიდან მოპოვებული ინფორმაციით, #48.02 ხარაგაულის, #48.08 ვარძიისა და #48.31 ხიდრის საარჩევნო უბნებზე, სავარაუდოდ, ამომრჩევლებს ფულს ურიგებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსი თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ის ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ხიდარში წავიდა. მისივე თქმით, ავტომანქანა, რომელიც მოქალაქე ირაკლი ბერაძეს ეკუთვნის, ხიდრის საარჩევნო უბნის წინ იდგა და თორნიკე ავალიშვილის მისვლისთანავე ადგილიდან დაიძრა. ახლა ის ავტომანქანა უბნიდან მოშორებით დგას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ვარძიის საარჩევნო უბანზე კობა გოგსაძე ამბობს, რომ უბნის გარეთ მდებარე ხის ფარდულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ამომრჩევლები ხმის მიცემამდე შეჰყავთ. „როგორც კი საარჩევნო უბნიდან გარეთ გავდივარ, იქაურობას მაშინვე ტოვებენ“, – ამბობს კობა გოგსაძე, – არ ვიცი, ფულს არიგებენ თუ არა“.
ხევის საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის შედეგები, შესაძლოა, გაუქმდეს
(გამოქვეყნების დრო 20:00 სთ.)
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 72%-მა მიიღო
(გამოქვეყნების დრო 20:15 სთ)
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 18 897 ამომრჩევლიდან არჩევნებში 13 675 ამომრჩეველი (72,36%) მონაწილეობდა.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, არჩილ ბლიაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, წინასწარი შედეგები ასეთია:
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:
#4 კოალიაცია „ცვლილებისთვის“ – 686 ხმა (5,16%);
#5 „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 1 364 ხმა (10,26%);
#6 „ევროპელი დემოკრატები“ – 54 ხმა (0,406 %);
#8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 309 ხმა (2,325 %);
#9 „კოალიცია ძლიერი საქართველო“ – 1 108 ხმა (8,34%);
#10 „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 48 ხმა (0,361%);
#16 „შეცვალე საქართველო“ – 71 ხმა (0,534 %);
#24 „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 24 ხმა (0,181 %);
#25 „გახარია საქართველოსთვის“ – 672 ხმა (5,06%);
#27 „ქართველ ერთობა“ – 48 ხმა (0,361%);
#36 „გირჩი“ – 182 ხმა (1,37%);
#41 „ქართული ოცნება“ – 8 648 ხმა (65,07%).
სხვა დანარჩენი პარტიებისგან მოპოვებული ხმები – 66 ხმა.
ხარაგაულსა და რამდენიმე სოფელში ელექტროენერგია გაითიშა
(გამოქვეყნების დრო 23:00 სთ.)
ხევის საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა
(გამოქვეყნების დრო 23:15 სთ)
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩილ ბლიაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, #48.30 ხევის საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა.
„არჩევნების დასრულების შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხევის საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიას არ ჰქონდა ხელმოწერები, – ამბობს არჩილ ბლიაძე, – ყუთი ადგილზევე დაილუქა. საოლქო კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყუთის შედეგები უნდა გაბათილებულიყო“.
#48.30 ხევის საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთით ხმის მიმცემთა სიაში 46 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთი საჩივარია შესული
(გამოქვეყნების დრო 01: 20 სთ.)
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, არჩილ ბლიაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ოლქში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა საჩივარი შეიტანა.
„პარტიის წარმომადგენელი ითხოვს, რომ ექვსი საარჩევნო უბნის შედეგები ხელახლა გადაითვალოს. ეს უბნებია: #48.01 და #48.02 ხარაგაულის, #48.03 ბაზალეთის, #48.08 ვარძიის, #48.12 თეთრაწყაროს და #48.31 ხიდრის საარჩევნო უბნები. განმცხადებელი ამ უბნების ხელახლა გადათვლას იმის გამო მოითხოვს, რომ ხმის დათვლის დაწყებისას ამ უბნებზე ელექტროენერგია გაითიშა“.
არჩილ ბლიაძის ინფორმაციით, საჩივრის განხილვის ვადა კომისიას 30 ოქტომბრამდე აქვს.
P.S. 30 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიას დავუკავშირდით. არჩილ ბლიაძის ინფორმაციით, კომისიამ საჩივარი არ განიხილა, რადგან საჩივარი, რომელიც ხმის დავთვლის პროცესს ეხება, „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საარჩევნო უბანზე უნდა დაწერილიყო.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლისგან კი საჩივარი არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საარჩევნო უბანზე არ დაწერილა.
ამავე თემაზე
რამ შეცვალა ამომრჩევლის ნება – დამკვირვებელთა გამოცდილება და მოსაზრებები
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი