როგორ ჩატარდა ხარაგაულში საპარლამენტო არჩევნები, რა გეგმები აქვს, როგორ აპირებს საქმიანობას და კოლეგებთან თანამშრომლობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, – ამ შეკითხვებით „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, საკრებულოს წევრს, ინგა მაღრაძეს მივმართეთ.

– ხელისუფლებისგან ამომრჩევლების საყოველთაო დაშინების, ტერორისა და მოსყიდვის პირობებში ჩვენი პოლიტიკური გუნდისადმი მხარდაჭერა მაძლევს იმის იმედს, ძალასა და მოტივაციას, რომ უკეთეს მომავალს ვიმსახურებთ. არ გვაქვს უფლება, ფარ-ხმალი დავყაროთ. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა რეალური ცვლილებებისთვის. მადლობა ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს. ჩატარებული არჩევნების შეფასება წინასაარჩევნო პერიოდიდან უნდა დავიწყოთ.

ამ ხელისუფლების საარჩევნო რესურსი არის უმძიმესი სოციალური ვითარება, ასევე – ბიუჯეტიდან ხელფასების გაცემაზე დამოკიდებული მოსახლეობა. ხარაგაულში თითქმის ყოველი მეორე ოჯახი სოციალური დახმარების მიმღებია. ხელისუფლებამ ადამიანები დააყენა არჩევანის წინაშე – დაკარგავდნენ შემოსავალს, თუ ხელისუფლების სასარგებლო არჩევანს არ განახორციელებდნენ. მიდიოდა მასიური პროპაგანდა, რომ მათი ხმა არ იქნებოდა ფარული.

ადამიანების არჩევანზე იმოქმედა დეზინფორმაციამ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა ომი, თუ მოქმედ ხელისუფლებას არ აირჩევდნენ. წინასაარჩევნო შეხვედრებზე არ უშვებდნენ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს და მედიის წარმომადგენლებს. ხელისუფლება ხვდებოდა თავის მხარდამჭერებს, სადაც არც შეკითხვის დასმის შესაძლებლობა იყო, არც ღია დისკუსიებისა და დებატების.

ერთ-ერთი მედიასაშუალებით ჩემი თანასოფლელის ინტერვიუ გადაიცა, სადაც ის ამბობს, რომ სამსახურიც აქვს, ბეტონის გზაც მიუვიდა სახლამდე და ამის გამო ხელისუფლების მხარდამჭერია. სამწუხაროდ, ვერც მისი ახალგაზრდა შვილებისთვის გახდა ის ბეტონის გზა და 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა მიმზიდველი და ვერც სხვა მისი თანასოფლელებისთვის. დღეს ამ სოფელს აღარც სკოლა აქვს და აღარც საბავშვო ბაღი.

ლეღვნის საბავშვო ბაღის „საშემოდგომო ზეიმში“ ორი აღსაზრდელი მონაწილეობდა. ათი წლის წინ, როცა იქ საბავშვო ბაღი ავაშენეთ, სოფელში მცხოვრებ ყველა ბავშვს ბაღის შენობა ვერ იტევდა.

ადამიანებს ნორმალური ყოფითი პირობები არ აქვთ, თავიანთი საჭიროებებიდან გამოდინარე ბრძოლა უწევთ და წარმოუდგენელია, ხელისუფლების რეალური მხარდამჭერები იყვნენ. ცუდია, როცა ამას შიშისა და ზეწოლის ფასად აკეთებენ.

საუბნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების საკითხს მინდა შევეხო. ადამიანებს როგორც არ უნდა ნდომოდათ ამ პროცესში ჩართვა, ვერ თანხმდებოდნენ, თუ ეს არ იქნებოდა ხელისუფლებისგან შეთავაზებული წინადადება. იცოდნენ, რომ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით პრობლემები შეექმნებოდათ. ახლაც მიდის ეს პროცესი. სოფლებში ადამიანებს ეუბნებიან, რომ მათი არჩევანი არ იყო მოსაწონი და ამიტომ ახლა ეცდებიან, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

არჩევნების დღეს რაც შეეხება, ეს იყო ამომრჩევლების თავისუფალი ნების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია. უბნის შიგნითაც და უბნის გარეთაც მობილიზებულნი იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები – სოფლის რწმუნებულები, დეპუტატები, ასევე სკოლის დირექტორები. უბნის გარეთ მყოფი ჯგუფები ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ახდენდნენ. ვშლიდით ამ სიტუაციას, როგორც შეგვეძლო.

უბანზე შესული ამომრჩევლები ხედავდნენ, თუ ვინ ვის მისცა ხმა. ეს იყო წინასწარ შემუშავებული სქემა, როგორ უნდა მოეპარათ ხალხისთვის არჩევანი. დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლების რეალური ფიქრი და არჩევანი აცდენილი იყო.

ვწუხარ, რომ ამ მასობრივი გაყალბების სქემაში ჩართულები იყვნენ ჩვენი თანამოქალაქეები, მეზობლები, მეგობრები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები. ნებისმიერი პროფესიის ადამიანი უნდა იყოს ჯერ კეთილსინდისიერი და მერე აქვს მის საქმიანობას ფასი და შედეგი. როგორ შეიძლება მასწავლებელი თვლიდეს, რომ მისი სტატუსი და მუშაობა დამოკიდებულია ხელისუფლებაში რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ყოფნაზე.

მაქსიმალური კონტროლი და თვალთვალი ხორციელდებოდა თითოეულ ამომრჩეველზე, წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული – ვის შეხვდნენ, ვის გაუღიმეს. არჩევნების დღეს ათასი თვალი და ყური უყურებდა და უსმენდა, რას იზამდნენ. ბუნებრივია, ამ პირობებში, თავისუფალი არჩევანი რთული იქნებოდა. ეს შიშზე დაფუძნებული არჩევნები იყო.

არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ არ დაწერილა. ხარაგაულის ქუჩებში მე უფრო მხარგაშლილი და ლაღი დავდივარ, ვიდრე სახელისუფლებო გუნდის ის წარმომადგენლები, ვისაც საარჩევნო კამპანია მიჰყავდა. მათ კარგად იციან, რის ფასად მიიღეს ეს ე.წ. შედეგი.

ხარაგაულის საკრებულოში საქმიანობას რაც შეეხება, სამწუხაროდ, იქ საკითხების შინაარსობრივი განხილვა არ მიმდინარეობს. ვფიქრობ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სრულფასოვანი თანაშრომლობა რთული იქნება. თუმცა, კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრისთვის, ვიქნებით უფრო მობილიზებული, მოსახლეობის პრობლემების წარმოსაჩენად. ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა მოვთხოვოთ რეაგირება ნებისმიერ საკითხზე, ვამხილოთ ისინი, როცა საბიუჯეტო სახსრებს საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენებენ. ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამაზე რეაქციები უნდა ჰქონდეთ თავად მათ ამომრჩევლებს.

ბოლომდე უნდა დავიცვათ ეს ქვეყანა და სამშვიდობოს გავიყვანოთ. განსაკუთრებით მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა მადლობა, საარჩევნო პროცესში ჩართულობისთვის. მათი ძალისხმევა, რომელიც ცვლილებებისკენ იყო მიმართული, უკვალოდ არ ჩაივლის. ბრძოლა გრძელდება. ახალგაზრდების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ამ პროცესს, ყველა ერთად, ქვეყნის გამარჯვებამდე მივიყვანთ.

ნინო კაპანაძე

ვიდეო სოციალურ ქსელში

ამავე თემაზე
რამ შეცვალა ამომრჩევლის ნება – დამკვირვებელთა გამოცდილება და მოსაზრებებ