მომავლის მწერალი – ასე უწოდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს, სანდრო ტაბატაძეს კულტურის და ხელოვნების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.

16 წლის სანდრო ტაბატაძე ერთი რომანისა და ათეულობით ლექსის ავტორია.

ხარაგაულელებთან სანდრო ტაბატაძის შეხვედრის ინიციატორი „კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორი მამუკა ჭიპაშვილია. მან სანდრო ბორის საზაფხულო ბანაკში გაიცნო.

„სანდრომ ჩემი ყურადღება ბანაკში პირველივე დღეს მიიქცია, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ის მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდაა, თავდაჯერებული და საინტერესო პიროვნება. ამიტომ გადავწყვიტე, ფართო საზოგადოებას უფრო მეტი შეეტყო სანდროს შესახებ“.

რომანი „ევროპელი“ სანდრო ტაბატაძემ 15 წლის ასაკში დაწერა. „ლექსებსა და მოთხრობებს ამ ასაკში თითქმის ყველა წერს, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი, – თუმცა არ მსმენია, რომ 15 წლისას ვინმეს რომანი დაეწეროს.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სანდროს რომანს აქვს ღერძი, საინტერესო სიუჟეტი. რომანში მნიშვნელოვანი პრობლემების ღრმა ფილოსოფიური ხედვაა გადმოცემული.

„ევროპელი“ მოგვითხრობს პარიზში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ბიჭის ცხოვრებას, რომლის ბაბუაც ევროპაში საცხოვრებლად წავიდა. ახალგაზრდა საკუთარი თავის ძიებაშია. მისი გული და გონება მრავალფეროვნებას ესწრაფვის“.

სანდრო ტაბატაძემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს, შეკრებილ საზოგადოებას მისი შემოქმედების მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის, ხევის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი წიგნის კეთილგონიერ კრიტიკოს-შემფასებელს და რედაქტორს, ქალბატონ ლაურა გოგოლაძეს“, – აღნიშნა სანდრო ტაბატაძემ.

სანდრომ მხატვრულად გვიამბო თავისი ბიოგრაფია, ლექსებისა და რომანის დაწერის ისტორია, წაიკითხა საკუთარი ლექსები.

ღონისძიებაზე გიმნაზიის მოსწავლე მარიამ თაბუკაშვილმა სანდროს რამდენიმე ლექსი წაიკითხა. ხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი სანდრო ტაბატაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული მინი-სპექტაკლი წარმოადგინეს. ეს ნაწარმოები „ფული“ სანდრომ ლიტერატურულ კონკურს „ოდეონზე“ შექმნა და აფხაზეთს მიუძღვნა.

მომავალ მწერალს წარმატებები უსურვეს კლასის ხელმძღვანელმა ლია მახათაძემ, მარელისისა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლების პედაგოგებმა – ნათია შარიქაძემ და მარინე ხვედელიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ და ოჯახის წევრებმა.

მალე სანდრო ტაბატაძის რომანი „ევროპელი“ გამოიცემა და ის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. წიგნის გამოცემის შემდეგ მისი განხილვა „კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრსა“ და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში უკვე დაიგეგმა.

„დღევანდელი დღე ჩემთვის დიდი მოტივაციაა, რომ რასაც ვაკეთებდი, მეტი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით გავაგრძელო, – ამბობს სანდრო ტაბატაძე, – ძალიან მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მომისმინა და დრო დამითმო. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო“.

წარმატებებს ვუსურვებთ სანდროს შემოქმედებით გზაზე.

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

ბედნიერი ვარ, ბუქარესტში ქართული კულტურა რომ წარმოვაჩინე – სანდრო ტაბატაძე