ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე, ევროკავშირის გაცვლითი პროგრამა „ერასმუსის“ ფარგლებში, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფებოდა.
ამ სასწავლო ვიზიტში ექვსი ქვეყნის 14-დან 18 წლამდე ასაკის ოცდაათი ახალგაზრდა მონაწილეობდა. პროგრამის თემა იყო – „მენტალური ჯანმრთელობა და ტექნოლოგიების გავლენა ახალგაზრდებში“.
სანდრო ტაბატაძე რუმინეთში ვიზიტისა და იქ მიღებული გამოცდილების შესახებ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:
– „ერასმუსის“ შესახებ რამდენიმე წლის წინ შევიტყვე. ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ და ყოველთვის დადებითად საუბრობდნენ. მეც გამიჩნდა „ერასმუსის“ პროგრამაში მთელი გულითა და სულით ჩართვის სურვილი. ინგლისურ ენაზე დაწერილი სამოტივაციო წერილი და რეზიუმე გავაგზავნე და მონაწილეთა შორის შემარჩიეს.
რუმინეთში ყოფნისას ყოველი დღე ახალი გამოწვევა იყო – სხვადასხვა აქტუალური თემის შესახებ გვიწევდა პრეზენტაცის მოწყობა ტექსტის, პლაკატების, ნახატის, ვიდეოკოლაჟის ან ინტერვიუს სახით. ამას გარდა, გვქონდა სპორტული აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავდა მონაწილეების ენერგიულობის უზრუნველყოფას, ამასთანავე სახალისო გზებით ერთმანეთის კულტურის გაზიარებას, ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და დამეგობრებას.
ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი კულტურული საღამო აღმოჩნდა, რადგან იმ დღეს ექვსი ქვეყნის ისტორიას, ნაციონალურ კერძებს, ტრადიციებსა და კულტურას გავეცანი. ის დღე ჩემთვის იმიტომაც იყო განსაკუთრებული, რომ მე თავად მომეცა შესაძლებლობა, წარმომეჩინა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, ქართული ცეკვის სახით.
ბუქარესტში სასწავლო ვიზიტი იყო ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში. პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის გარდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გავიცანი, ვესაუბრე თავიანთ ქვეყანაზე და ამით ევროპული ქვეყნების მიმართ ჩემი ცოდნა კიდევ უფრო ავიმაღლე.
მომეცა ულამაზესი ქვეყნის, რუმინეთის დათვალიერების საშუალება, შევიძინე ახალი მეგობრები, გავიღრმავე კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები და ყოველდღიურად ვმუშაობდი პრობლემის მარტივად გადაჭრის გზებზე.
ერთი დღით ტრანსილვანიაში ვიმყოფებოდით. ეს იყო ძალიან საინტერესო ტური – დავათვალიერეთ ტრანსილვანიის ულამაზესი რეგიონი, დრაკულასა და პელეს ცნობილი სასახლეები. მადლობა „ერასმუსის“ პროგრამას ამ შესაძლებლობისთვის.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ სანდრო ტაბატაძეს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი