ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან მესამე ორშაბათს ტრადიციული დღესასწაული – დედაღვთისობა აღინიშნება. ამ დღეს ტაძარში ტარდება წირვა და მომლოცველები საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბებიან.

რატომ და როგორ დაწესდა დედაღვთისობა, ამის შესახებ განმარტება ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მოძღვარს მამა დიმიტრის (დეკანოსიძე) ვთხოვეთ.

მოძღვრის განმარტებით, ეს დღესასწაული თამარ მეფის მიერ ვარძიაში ღვთისმშობლის ხატის მობრძანებას და აქ ტაძრის მშენებლობისთვის ადგილის კურთხევას უკავშირდება.

„ჩხერის ციხეზე მყოფ მეფე თამარს ღვთისმშობელი გამოეცხადა და აჩვენა ადგილი, სადაც მისი სახელობის ტაძარი უნდა აეგო, – ამბობს მამა დიმიტრი, – მეფე თამარი სოფელ ვარძიაში ღვთისმშობლის ხატით მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, აღდგომიდან მესამე კვირას მობრძანებულა.

მენელსაცხებლე დედები – მარიამ მაგდალინელი, მარიამ კლეოპასი, იაკობ და იოანე მოციქულების დედა სალომე, სუსანა, მართა და მარიამი – მაცხოვრის სიკვდილის შემდეგ პირველები მივიდნენ მისი სხეულის განსაბანად და აღდგომის პირველი მოწმეები გახდნენ.

თამარ მეფეს ვარძიაში მისვლის დღეს, ტაძრის ასაშენებელი ადგილის საკურთხებლად სასულიერო პირები მიუწვევია. ეს ზეიმი მეორე დღესაც გაგრძელებულა. მეფეს ღვთისმშობლის ხატი ვარძიაში დაუტოვებია. ამჟამად კი ღვთისმშობლის ის ხატი ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

გილოცავთ ყველას დედაღვთისობას. ღვთისმშობლის, მენელსაცხებლე დედათა და წმინდა მეფე თამარის მადლი გფარავდეთ და გეწეოდეთ“.

ფოტო – სოფელ ვარძიის ფეისბუქგვერდიდან.