ნიდერლანდებში მოქმედი ქართული სამოყვარულო თეატრი „ათინათი“ და ამ თეატრის სპექტაკლ „დარისპანის გასაჭირის“ რეჟისორი ირინე ჩხეიძე ლიეტუვაში, ქალაქ კაუნასის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს.
ეს ფესტივალი 2024 წლის ნოემბრის ბოლოს გაიმართება.
„ათინათმა“ 13 ოქტომბერს ბრისუელში ამ სპექტაკლის პრემიერა გამართა.
„მოგეხსენებათ, ივლისიდან ნიდერლანდების ქართულ თეატრთან ვმუშაობ, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – 13 ოქტომბერს ჩვენი სპექტაკლის – „დარისპანის გასაჭირი“ პრემიერა შედგა. ეს იყო საოცრად ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში. სპექტაკლს ქართველი ემიგრანტები დაესწრნენ ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან. სპეციალურად პრემიერისთვის ჩემი მეგობრები ამერიკიდან და იტალიიდან ჩამოვიდნენ.
სპექტაკლზე იმყოფებოდნენ ნიდერლანდებსა და ბელგიაში ქართული საელჩოების წარმომადგენლები, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე სასულიერო პირები, მათ შორის ხარაგაულელები.
ბოლო ორი კვირა თეატრალურ დასთან ბევრი ვიმუშავეთ. რეპეტიციები ზღვისპირა ქალაქ ვოლედამში მიმდინარეობდა. ველოდი, რომ მსახიობები კარგად ითამაშებდნენ. თუმცა, პრემიერამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მაყურებელი მოიხიბლა მსახიობების ოსტატობითა და საშემსრულებრლო ხელოვნებით. ბედნიერი ვარ, „ათინათის“ დასს რომ შევხვდი.
ნიდერლანდებში ქართველმა ემიგრანტებმა დამანახეს, თუ როგორ უყვართ საქართველო, საკუთარი საქმე, ხელოვნება და თეატრი. კიდევ ერთხელ მადლობა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მეუფე დოსითეოსს (ბოგვერაძე) და „ათინათს“ ამ შესაძლებლობისთვის.
სოციალურ ქსელში ოსიკოს როლის შემსრულებელი ალექსანდრე ნარსია წერს:
– საოცრად ჩაიარა სპექტაკლის პრემიერამ ბრიუსელში, მადლობა ღმერთს ამ ბედნიერი დღეებისთვის. მადლობა მეუფე დოსითეოსს ასეთი გულთბილი დახვედრისთვის და გვერდში დგომისთვის. კიდევ ერთხელ გაბრწყინდა „ათინათი“ – ქართული თეატრი ნიდერლანდების სამეფოში მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“.
განსაკუთრებული მადლობა საოცარ რეჟისორს, ქალბატონ ირინე ჩხეიძეს. მასთან მუშაობა ყველა მსახიობისთვის იყო ოცნებების ახდენის და უდიდესი სიხარულის საწინდარი.
მადლობა ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს, დიდ რეჟისორს და მეგობარს ბადრი წერედიანს, რომ ასე ერთ მუშტად შეკრულნი ვაკეთებთ დიდ ქართულ საქმეს. ასევე გულითადი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში ედგა ამ დიდ საქმეს და წვლილი შეიტანა“.
ნათია ახვლედიანი, „ათინათის“ ხელმძღვანელი: – სპექტაკლის პრემიერაზე სკამების დამატება გახდა საჭირო. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მოახერხეთ და მობრძანდით. განსაკუთრებით ჩვენი ჰოლანდიელი გულშემატკივრების მიმართ მინდა მადლიერება გამოვხატო, რადგან ისინი არც მანძილმა შეაშინა და არც სხვა საქმეებმა. მოახერხეს და ამჯერადაც ჩვენს გვერდით იყვნენ.
მადლობა ჩვენს ბელგიელ მასპინძელ მაყურებელს, რომელიც ასე მრავლად მოვიდა მხარდაჭერის გამოსახატად. უზომოდ დიდი მადლობა მეუფე დოსითეოსს ყველაფრისთვის, რადგან არაფერი მოხდებოდა მის გარეშე.
მადლობა ჩვენს ქალბატონ რეჟისორ ირინე ჩხეიძეს ნდობისთვის და პროფესიონალიზმისთვის. მადლობა ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს ბადრი წერედიანს ერთგულებისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპაექიის მღვდელმონაზონი ეფრემი (ლომიძე): ძალიან დიდი მადლობა, ულამაზესი ღონისძიებისთვის. ძალიან ვისიამოვნე, ბევრი ვიცინე და ბევრიც ვიტირე. საოცარი კომპოზიციაა კარგი შესრულებით. მიხარიხართ ყველა, ვინც ასე დიდი სიყვარულით და მაღალი კომპეტენციით ემსახურებით ჩვენს ხალხს, ქვეყანას და მის ლამაზ კულტურას.
ვულოცავთ ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორ ირინე ჩხეიძეს ამ დიდ აღიარებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
ბრიუსელში გამართული პრემიერის ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე. ფოტოების ავტორია ვატო მაღრაძე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი