ის, რომ გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია და მას ვერაფერი შეაკავებს, მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ამ დღეებში ქუთაისში რესტორან ,,ქალაქურში~ ინტერნაციონალურ ქორწილში ამოვყავი თავი. აბა, სხვა რა შეიძლებოდა მეფიქრა ქორწილში, სადაც სიძე ამერიკელი გახლდათ, პატარძალი სამხრეთ აფრიკელი, ხოლო ნეფე-დედოფლის მაყრებს იმერლები და მეგრელები წარმოადგენდნენ.
27 წლის ჟიზელ ჰორნერი საქართველოში ივლისში ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად~ პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა და ბორის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. დევიდ ნაითინგი იმავე პროგრამით ჩხოროწყუს რაიონის ლესიჭინის თემის #3 საჯარო სკოლაში მოხვდა ინგლისური ენის მასწავლებლად.
მოკლედ, ჟიზელის და დევიდის ლოვე სტორყ საქართველოში დაიწყო, მათი შეხვედრები და ურთიერთობა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა და გადაწყვიტეს თავიანთი ურთიერთობა დაეკანონებინათ კიდეც. ასეც მოხდა. 21 მარტს ქუთაისის იუსტიციის სახლში ქართველ ხელისმომკიდეებთან ერთად ხელი ოფიციალურად მოაწერეს.
ქორწილის სამზადისში იმერეთშიც და სამეგრელოშიც დევიდის და ჯიზელის აქაური ოჯახის წევრები, მეზობლები და თანამშრომლები ერთნაირი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. პატარძალს ურჩევდნენ კაბას, სამკაულებს, ვარცხნილობას… სიძეს ულოცავდნენ და საქორწილო სამზადისის მოგვარებაში ეხმარებოდნენ…
მელანო ნათენაძე (ბორის საჯარო სკოლის პედაგოგი, პატარძლის ხელისმომკიდე): -განსაკუთრებული, უჩვეულო ქორწილი იყო და ძალიან ვნერვიულობდი. მინდოდა ყველაფერი არაჩვეულებრივი ყოფილიყო, ქართული ტრადიციების დაცვით. ვფიქრობ, ყველაფერი დაგეგმილზე უკეთ გამოვიდა. ამ დღისთვის ყველა ზრუნავდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის სტილისტს ია კვანტიძეს, რომელმაც ძალ-ღონე არ დაიშურა იმისათვის, რომ ჟიზელი ხელის მოწერის დღეს ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი ყოფილიყო. ასევე დიდი მადლობა რესტორან ,,ქალაქურის~ ადმინისტრაციას და ლაშა ავალიშვილს, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად პატარძალს არაერთი ქართული ტრადიციული საქორწინო სიმღერა მიუძღვნა. ჟიზელი და დევიდი იმდენად ბედნიერები იყვნენ, რომ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. დევიდმა მშვიდი, გაწონასწორებული და განათლებული პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა. მგონი, ჩემს ქორწილზე არ მინერვიულებია იმდენი, რაც ახლა ვინერვიულე. მინდა ჟიზელს და დევიდს დიდი ბედნიერება ვუსურვო.
მაია საჯაია (ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ლესიჯინის თემის #3 საჯარო სკოლის პედაგოგი, დევიდ ნაითინგის მასპინძელი ოჯახის დიასახლისი): -დევიდი ძალიან სანდო, კეთილი, მგრძნობიარე და უზომოდ განათლებული ადამიანია. ეტყობა, რომ კარგ ოჯახშია აღზრდილი. საკუთარი ოჯახის წევრივით გვყავს მიღებული და არა მარტო ჩვენი ოჯახის წევრებს, არამედ ჩემს ძმას, მულს, მაზლსაც ძალიან უყვართ. დევიდის ბედნიერება ყველას გაეხარდა. ჩემი ული ქორწილშია, მაზლმა – ვლადივასტოკიდანაც კი დაურეკა ბედნიერების მოსალოცად. დევიდის მეგობრებს ხშირად ვიღებთ სტუმრად. ძალიან მოსწონთ სამეგრელო, მეგრული ღომი, საცივი, ხაჭაპურები. დევიდს ესმის მეგრული და თვითონაც იცის მეგრული სიტყვები…
ემზარ სიჭინავა (დევიდ ნაითინგის ოჯახის მასპინძელი): -დედაჩემმა დევიდი ჩვენს ოჯახში მეოთხე შვილივით მიიღო. დევიდს რომ შეყვარებული ჰყავდა, ვიცოდით, თუმცა ჟიზელს პირადად არ ვიცნობდით. ერთ დღეს კონიაკი მოიტანა და თავისი სიყვარულის სადღეგრძელოს დალევა შემოგვთავაზა. დედაჩემს ეხუმრებიან, ოთხივე შვილი დააქორწინეო. დედას მოსწონს ჯიზელი. ველოდებით სამეგრელოში. მივიღებთ, როგორც რძალს.
ხათუნა კვირკველია(ლესიჭინის #3 საჯარო სკოლის პედაგოგი) -დევიდში მე უფრო ტრადიციების მიმდევარ ადამიანს ვხედავ, ვიდრე თანამედროვეს. მაქვს იმედი, რომ მათი კავშირი უწყვეტი და მყარი იქნება.
ქორწილში დევიდის მეგობარი გოგონა, გაცვლითი პროგრამის მფო კოორდინატორი ყირგიზეთში რებეკა გორდანი ყაზახეთიდან ჩამოვიდა: -ცხრა წელია, ვიცნობ დევიდს. ჩვენ ინდიანას შტატში ერთად ვსწავლობდით ცენტრალური აზიის ისტორიას. ერთად შევისწავლეთ უზბეკური ენა. დევიდმა უზბეკურის გარდა იცის თურქმენული და აზერბაიჯანული ენები. ის ძალიან ნიჭიერია. არსებობს რწმენა, რომ 21 მარტს, – სწორედ იმ დღეს დაქორწინება, როდესაც ჟიზელიმ და დევიდიმ ხელი მოაწერეს, ბედნიერების მომტანია შეყვარებულებისათვის.
ჟიზელი და დევიდი აღფრთოვანებულები არიან თქვენი ქვეყნით, მოსწონთ ქართული ტრადიციები, კარგ გარემოში მოხვდნენ და ვფიქრობ, ამიტომ გადაწყვიტეს თავიანთი ურთიერთობის აქ დაკანონება. მათ სურთ, რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ სხვა ქვეყანაში ერთად გააგრძელონ მუშაობა.
გიგა ბერაძე (ჟიზელ ჰორნერის მასპინძელი ოჯახის უფროსი): -ჩვენს ოჯახში რომ უცხოელი უნდა მოსულიყო საცხოვრებლად, მე და ჩემი მეუღლე თავისებურად განვიცდიდით. ჩემს მეუღლეს ვუთხარი _ ნუ გეშინია, რა ბუნებისაც ჩვენ ვართ, ისეთი ბუნების ადამიანი შეგვხვდება-მეთქი. ეს წინათგრძნობა აგვიხდა. ჟიზელი საკუთარი შვილივით მივიღეთ და ახლაც ღვიძლი შვილივით დავუდექით გევრდით.
ბევრ ქორწილში მითამადია, 68 წლის ასაკში კი ინტერნაციონალურ ქორწილშიც მომიწია თამადობამ. რაც ჩემთვის დაუვიწყარი იქნება. ჯიზელმა თქვა, რომ პროქტის დასრულების შემდეგ ისინი მუშაობას გააგრძელებენ რომელიმე ქვეყანაში, სადაც მეტი ანაზღაურება ექნებათ. 2-3 წლის შემდეგ კი სურთ, დაბრუნდნენ სქართველოში და ბინა შეიძინონ ქუთაისში. გამეხარდება, თუ წლების შემდეგ ჩემი ოჯახი გაახსენდებათ და თავიანთი შვილებით მეწვევიან. ჟიზელის რჩეული ჩამოყალიბებული პიროვნებაა და მჯერა, რომ ცხოვრების კარგი თანამგზავრი იქნება ჟიზელისთვის. თანამგზავრი იქნება ჟიზელისთვის და კარგ ოჯახს შექმნიან, რაც ჩემი დიდი სურვილი იქნება.
ჟიზელ ჰორნერი: -ძალიან ბედნიერი ვარ, დევიდი მთელ მსოფლიოში საუკეთესო ადამიანია, ჩემი და დევიდის ოჯახი ძალიან ბედნიერია ჩვენი ბედნიერებით, ისინი გვენდობიან და ჩვენს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. მათ ნახეს ქორწილზე გადაღებული სურათები და გაიგეს როგორ გვიყვარს ერთმანეთი, გვითხრეს რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილნი. მე და დევიდი არცერთი არ მოველოდით რომ დავქორწინდებოდით,როდესაც საქართველოში ჩამოვედით,მაგრამ ეს მოხდა ძალიან ლამაზად და თითქოს ოცნება ახდა. ცოტა მოწყენილი ვარ, რომ დევიდი, დროებით, ჩემგან შორს იქნება, მაგრამ რას ვიზამთ, მე ჩემი სკოლის ერთგული ვარ, დევიდი – თავისი სკოლის. როდესაც ჩემმა მშობლებმა გაიგეს, რომ ვქორწინდებოდით, ძალიან განიცადეს ის, რომ ჩემს გვერდით ვერ იქნებოდნენ. მე მათ ვუთხარი, არ ენერვიულათ, რადგან აქ ჩემს ოჯახში ვარ და თქვენზე არანაკლებ მიპატრონებენ-მეთქი.
მე მართლა ბედნიერი ვარ აქ, საქართველოში. იმ ადამიანებმა, ვინც ჩემს გვერდით არიან, ძალიან ბევრი გააკეთეს ჩემთვის,მათ გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა შესანიშნავი ქორწილი , ისინი ძალიან მიყვარან და ჩემს გულთან ახლოს არიან.ჩვენ ყოველთვის ვეტყვით ერთმანეთს რომ,ყოველთვის ვგრძნობდით ამ ოჯახის წევრები რომ ვიყავით, არ ვიცი რა იქნება მომავალში, მე და დევიდი შეიძლება კორეაში ან დუბაიში წავიდეთ სამუშაოდ. თუ შანსი მოგვეცემა, გვინდა საქართველოში ვიცხოვროთ.ვნახოთ რა მოხდება,ერთი რამ რაც დანამდვილებით ვიცი არის ის რომ,როცა აქედან წავალთ ,აუცილებლად დავბდუნდებით საქართველოში, ჩვენ ორივეს ძალიან გვიყვარს საქართველო. აქ ხალხი ძალიან, ძალიან თბილია..
ჰამლეტ ბერაძე (ბორის საჯარო სკოლის დირექტორი): -ჟიზელი ძალიან კარგი პიროვნებაა. კარგი ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან. პროგრამაში ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად~ ჩართვა ჩვენი სკოლისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიგვაჩნია, რომ ინგლისური ენის შესასწავლად ბავშვებისათვის შედეგისმომცემია ინგლისურენოვან მასწავლებელთან ურთიერთობა. ამავე დროს ბავშვები ღებულობენ უცხოელებთან ურთიერთობის პრაქტიკას. სკოლას ხშირად სტუმრობენ ამერიკელი მეგობრები. ინგლისური ენის გაღრმავება ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ჩემი ოჯახი და ჩემი კოლექტივი ჟიზელის ბედნიერების თანამონაწილეები გავხდით. გვსურს მომავალშიც გავაგრძელოთ მასთან აქტიური ურთიერთობა.
ირინე ბერაძე (ჟიზელის ახლო მეგობარი): -ვუყურებდი პატარძალს და ვფიქრობდი, რომ მთავარი ფასეულობა მაინც შინაგანი ადამიანური თვისებებია, ჟიზელიმ თავისი კომუნიკაბელურობით, უშუალობით, გულწრფელობით, წესიერებით დაიმსახურა ჩვენი მხარდაჭერა და როცა ასეთი ურთიერთობაა, ეროვნული, რელიგიური თუ ტერიტორიული განსხვავება უკანა პლანზე გადადის; მთავარია, რას გრძნობს გული. გული კი ერთი გვაქვს ქართველსაც, ამერიკელსაც და აფრიკელსაც.
ქორწილში თარჯიმანი არ გვყოლია. როგორც ამბობენ, არსებობს ადამიანთა გულიდან გულში გადამავალი ენა. მას სიყვარულისა და მეგობრობის ენა ეწოდება და თარგმნა არ სჭირდება.
P.S. უახლოეს მომავალში დევიდს და ჟიზელს სამეგრელოში მეგრულ ქორწილს გადაუხდიან.
ინგა ბერაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი