ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის მეოთხე წიგნის – „ამბები ღიმილის არომატით“ პრეზენტაცია გაიმართა.
ამ წიგნის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ მამუკა ჭიპაშვილს ბავშვობიდან უყვარდა ხატვა და იუმორისტული ჟურნალების კითხვა. მოგვიანებით იუმორისტული ლექსების, ნოველების და ფელეტონების წერა დაიწყო.
2015 წელს კი თავისი ნაწარმოებები წიგნად გამოსცა. პირველს მეორე, მესამე და მეოთხე წიგნი მოჰყვა. წიგნში შესული ყველა ნაწარმოები თავად მამუკა ჭიპაშვილის ნახატებითაა გაფორმებული.
პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელს, იზა ვეფხვაძეს მიჰყავდა. მან მამუკა ჭიპაშვილის ოთხივე წიგნი მიმოიხილა, მის მრავალმხრივ ნიჭსა და ხელოვნებისადმი სიყვარულზე ისაუბრა.
„მამუკა ჭიპაშვილი 2006 წლიდან დღემდე ტრადიციული ლიტერატურული კონკურსის „ოდეონი“ მონაწილეა, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – ის თითქმის ყოველ წელს ჟიურის მოწონებას იმსახურებდა და საპრიზო ადგილების მფლობელი ხდებოდა. მის პირველ წიგნში სწორედ „ოდეონზე“ შექმნილი ნაწარმოებები შევიდა.
იუმორისტულ ჟანრში მამუკა ჭიპაშვილი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია.
მისი იუმორი ჯანსაღი და საინტერესოა. მისი ნაწარმოებები ღიმილს მოგგვრით, თუმცა, ამავე დროს დაგაფიქრებთ… ის რომ ნიჭიერი იუმორისტია, ამის დასტურია მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში ხარაგაულელთა გუნდის „ჭირიმეს“ წარმატება. ამ გუნდის მსგავსი დახვეწილი ხუმრობები კონკურსში მონაწილე არც ერთ გუნდს არ ჰქონია. მამუკა გამორჩეულია იმით, რომ ძალიან უყვარს ადამიანები და იცის გვერდით დგომა“.
წიგნიდან იუმორისტული ლექსები წაიკითხეს ავტორის მეგობრებმა – ირინე ჩხეიძემ, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ვასილ კიკნაძემ, დავით ჩადუნელმა, ნიკოლოზ წიკლაურმა და იზა ვეფხვაძემ, ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის ნორჩმა მკითხველებმა.
მამუკა ჭიპაშვილის ლექსზე „სოხუმის მონატრება“ სიმღერა შექმნა გიორგი მაქაძემ. ეს სიმღერა ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა კვარტეტმა შეასრულა.
ღონისძიებაზე მამუკა ჭიპაშვილის რეჟისორობით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების „ის, რასაც ვერ მოშლი“ და „წიგნის კითხვა“ ჩვენება გაიმართა.
მეოთხე წიგნის პრეზენტაცია მიულოცეს და მამუკა ჭიპაშვილს წარმატებები უსურვეს პოეტმა ვალერი გოგნაძემ, საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომელმა ეკა შველიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ, ხარაგაულის ეკლესიის წინამძღვარმა მამა თომამ (ლაცაბიძე).
ვალერი გოგნაძე: – ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლე რომ არ ერიოსო, – ნათქვამია. ვფიქრობ, მამუკას ნაწარმოებებში სწორედ სიმართლეა, რაც ძალიან მომწონს. ის კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი და საუკეთესო ოჯახის მამაა.
ეკა შველიძე: – მამუკა არის ძალიან ღრმა სულის ადამიანი. მას იუმორით მოაქვს ჩვენამდე სიმართლე და ამ სიმართლის თქმა არასდროსაა ადვილი. მისი ნაწარმოებების წაკითხვისას ვიცინით, მაგრამ ამ სიცილის მიღმა დიდი სევდაა. მამუკა ლიტერატურის ამ ჟანრს რომ არის შეჭიდებული, დიდ საქმეს აკეთებს. მადლობა ამისთვის. ვუსურვებ გამძლეობას და ყველა სირთულესთან გამკლავებას.
ნანა ლურსმანაშვილი: – მამუკა ჭიპაშვილი საუკეთესო ხელმძღვანელია. ის ხელს გვიწყობს, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. პროექტით „ცოცხალი წიგნები“ ხარაგაულის სოფლებში მამუკას ნაწარმოებები ყველას ძალიან მოსწონს.
მარინა ვეფხვაძე: – მამუკა ჭიპაშვილის ნაწარმოებები სატირულ-იუმორისტულია. გარდა მწერლობისა, მამუკა საუკეთესო ორგანიზატორია. მისი ხელმძღვანელობით გასულ წელს მუნიციპალიტეტში მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ გაიმართა და მასში ყველა სკოლა ჩაერთო. მამუკას შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ.
მამა თომა (ლაცაბიძე): – დიდი მადლობა ყველას არაჩვეულებრივი საღამოსთვის. დავეთანხმები ყველას, იუმორისტულ ნაწარმოებებში დიდი პრობლემებია გადმოცემული. მამუკამ ეს ყველაფერი მაღალ დონეზე წარმოაჩინა და მადლობა მას ამისთვის.
თავად მამუკა ჭიპაშვილმა წიგნის პრეზენტაციაზე აღნიშნა: – შედეგი მიიღწევა იმ შემთხვევაში, როცა შენი საქმე და გარშემომყოფი ადამიანები გიყვარს.
მადლობა მეგობრებს, თანამშრომლებს, რომ ჩვენი ხარაგაული, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. წერის პროცესში ყოველთვის ვფიქრობ, რა შევქმნა ახალი და საინტერესო. ძალიან მიხარია, რომ მომავალი თაობა, რომელიც წიგნს ჩვენს თაობასთან შედარებით უფრო ნაკლებად კითხულობს, ჩემი წიგნებით ინტერესდება.
ნინო კაპანაძე
გთავაზობთ ორ ნოველას მამუკა ჭიპაშვილი ახალი კრებულიდან „ამბები ღიმილის არომატით“:
რაზე კამათობდნენ სასვენი ნიშნები
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი