„ყურადღება,
მათ, ვისაც სურს მაღალანაზღაურებადი სამსახური, ყოველგვარი შრომისა და საქმის კეთების გარეშე, გაგიმართლათ!
„არაფრის კეთების დეპარტამენტი“ აცხადებს ვაკანსიას, არაფრის კეთების სპეციალისტის თანამდებობაზე!
იჩქარეთ!
გასაუბრება გაიმართება ხვალ, 12 საათზე,
„არაფრის კეთების დეპარტამენტის“ შენობაში, 43-ე სართულზე.
გისურვებთ წარმატებას!“
აგერ უკვე მესამედ კითხულობს გაზეთის გვერდზე დიდი ასოებით განთავსებულ რეკლამას და ვერ გაუგია, სიმართლეა თუ ტექსტშია გამოტოვებული რამე და უბრალოდ, ასე იკითხება….
დაბნეულია….
ერთადერთი, რითაც დაიღალა, უფულობა და უსაქმოდ ყოფნაა…
ერთადერთი, რაც ტკივა, – გვერდებია, ამდენი კოტრიალით…
და აი, მგონი ეშველა და გამოჩნდა შესაფერისი…
არადა, აქამდე განა არ სცადა, სადღაც მივიდა, „ვიღაციჩებსაც“ დაარეკვინა, მარა შენც არ მომიკვდე…
ყველგან დაიწუნეს…
ზოგან კომპეტენცია არ ეყო …
ზოგან სამუშაო გამოცდილება…
ზოგან კომუნიკაბელურობა…
ზოგან სისხარტე…
ზოგან სიფათი…
ზოგან ჯანდაბა და ზოგან დოზანა!
რა გაააკეთოს ახლა, … გააგრძელოს გინება, – ჩემი ბედის ასე და ისეო, ამ მთავრობისიცო და იმათიც, ვინც ამათ მერე იქნებაო, ჩემთვის მაინც არავინ არ არისო – და გადაბრუნდეს გვერდზე, თუ ენდოს განცხადებას და წავიდეს ხვალ გასაუბრებაზე?
მობილურ ტელეფონში „არაფრის კეთების დეპარტამენტი“ „დაგუგლა“… მისდა გასაკვირად, უამრავი ამოაგდო…
გაიგე ახლა შენ, კონკრეტულად რომელი აცხადებს ვაკანსიას…
თუმცა, მისამართი ხო წერია განცხადებაში…
ცოტა დამშვიდდა…
ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, – რაც არის არის, მივდივარ ხვალ გასაუბრებაზეო…
მანამდე უნდა მოვემზადოო, გაიფიქრა და მთელი დღე კოტრიალსა და არაფრის კეთებაში გალია…
მოკლედ, დილაადრიან სამსახურის მაძიებელი ადგა, მოწესრიგდა, პირჯვარი გადაიწერა და „არაფრის კეთების დეპარტამენტში“ გამოცხადებული ვაკანსიისაკენ დაიძრა…
– აი, მოვედით, ეს შენობაა! – უთხრა ტაქსის მძღოლმა!
მადლობა გადაუხადა და შენობის ეზოში შეიზლაზნა…
ათი საათი სრულდებოდა, თუმცა კაციშვილის ჭაჭანება არ ჩანდა…
ბოლოს, ვიღაც გამოჩნდა, ეზოს ალაგებდა…
გამოესაუბრა…
– უკაცრავად, „არაფრის კეთების დეპარტამენტთან“ სწორად მოვედი?
– დიახ, ძმაო, ეს შენობაა!
– და… რომელ სართულზეა, უშუალოდ?
დამლაგებელს გაეცინა…
– რა სართულზე, ეს ორმოცდაათ სართულიანი შენობა მთლიანად მაგ დეპარტამენტს უჭირავს და ეგერ ეე, მეორე კორპუსი შენდება, რომ ვეღარ ეტევიან; პირველად ხარ შენ, ეტყობა!
– კიი, პირველად ვარ!
– ახლა გასაგებია, ასე ადრე რატომ მოხვედით!
– რაღა ადრე, ათი საათია! – გაიკვირვა.
– კიი, ათია, მაგრამ აქ თორმეტ-პირველ საათამდე არავინ მოდის!
– რატომ არ მოდიან?
– რა უნდათ, რომ მოვიდნენ, საქმე არაფერი აქვთ და…
– ააა, გასაგებია, მადლობა!
შენობაში შევიდა, ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა და რამდენიმე წუთში განცხადებაში მითითებულ სართულზე ავიდა…
მალე მიაგნო ვაკანსიაზე მოსულთათვის გასასაუბრებლად გამოყოფილი ოთახი…
ოთახში, შესასვლელ კარებთან ახლოს, ფუმფულა სკამზე ჩამოჯდა და დაელოდა…
თორმეტს არც არაფერი უკლდა, კანტიკუნტად გამოჩნდნენ „არაფრის კეთების დეპარტამენტის“ თანამშრომლები და კომისიის წევრები…
– უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით, მალე დაიწყება? – მთქნარება გააწყვეტინა მდივან გოგონას!
– ალბათ! – დიდი პაუზის შემდეგ იყო პასუხი.
სამი წევრისაგან შემდგარი კომისია ოთახში შებრძანდა და…
– პირველი ვინ არის, შემოვიდეს!
ზლაზვნით შევიდა, თითქოს კიდეც უნდა და არც უნდა…
– გამარჯობათ, გაგვეცანით!
გაეცნო…
– პირველი ხართ, ეტყობა ძალიან გინდათ სამსახური!
– დიახ, ძალიან, ორი საათია, აქ ვარ უკვე!
– ორი საათი? ოო, ეგ ცუდია!
– რატომ?
– რატომ და ჩვენს სამსახურს არ უყვარს პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე კადრები!
მიხვდა, რომ ცუდად დაიწყო…
– არა პატივცემულებო, თქვენ არასწორად გაიგეთ. ადრე იმიტომ მოვედი, რომ სახლში საქმე არაფერი მქონდა! – შეეცადა გამოსწორებას!
– საქმე არაფერი გქონდა? ეს უკვე კარგია!
– აბა, მოგვახსენე, „არაფრის კეთების“ შტატში რომ აგიყვანოთ, რისი გაკეთება შეგიძლია!
– არაფრის!
– სულ არაფრის?
– არა, ნუუ, რაღაცების გაკეთება შემიძლია, მაგრამ… მეზარება!
– გეზარებათ? ოო, დაზარება კარგია!
– რა გამოცდილება გაქვთ იმის, რომ სამსახურში აყვანის შემთხვევაში მთელი დღეები შეძლებთ არაფრის კეთებას? – საქმეში ჩაერთო მეორე გამომცდელი!
– რა გითხრათ, 40 წელს გადავცდი და დღემდე არაფერი მიკეთებია და აწი რა ჯანდაბა გამაკეთებინებს!
– ყველაზე მეტად რა გიყვართ?
– ძილი და უსაქმოდ ყოფნა!
გამომცდელმა მეორეს რაღაც გადაუჩურჩულა! სახეზე ეტყობა, რომ პასუხებით კმაყოფილია!
– თქვენ არაფერს ჰკითხავთ, პატივცემულო? – შეეკითხა გასაუბრების კომისიის თავმჯდომარეს ის ორი.
კომისიის თავმჯდომარემ ხელებში ჩარგული უზარმაზარი თავი მაგიდიდან ნაძალადევად წამოწია, ჯერ იმ ორს შეხედა, მერე მე შემომხედა, მერე ოთახი მოათვალიერა, ბოლოს გამოერკვა და…
– ჰაა?
– თქვენ არაფერს ჰკითხავთ, პატივცემულო?
– ნწუ! – დიდი პაუზის შემდეგ არ ისურვა კითხვის დასმა თავმჯდომარემ და ბომბორა თავი ისევ ხელებში ჩარგო.
– კარგით, საკმარისია, გაბრძანდით და დაგველოდეთ, ორი საათისთვის შეიტყობთ, აგიყვანეთ თუ არა! … შემდეგი შემოვიდეს!
გამოვიდა და ისევ იმ ფუმფულა სკამზე დაჯდა, სადაც ლოდინის დროს იჯდა…
– უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით … – რაღაცის თქმა დააპირა მდივან გოგონაზე, თუმცა მდივანი გოგონა ისე გულიანად ფშვინავდა, საცოდაობა იყო მისი გაღვიძება და შეწუხება.
თვითონაც თვალები მილულა და გაიტრუნა… გონებაში გადახედა გასაუბრებაზე მის ნაპასუხებს… კმაყოფილია…
განსაკუთრებით კომისიის თავმჯდომარე მოეწონა…
ეტყობა, პროფესიონალია არაფრის კეთებაში….
გასაუბრებაზე მოსული, არაფრის კეთებით ფულის შოვნის მსურველთა რიგს, ბოლო არ უჩანს…
მსურველთა რიგიდან გამომდინარე ხვდება, რომ კონკურენციაც დიდი იქნება…
პასუხების გამოცხადების ორმა საათმა სამსახურის მაძიებელთა სიმრავლის გამო კიდევ ორ საათს გადაინაცვლა…
…და აი, როგორც იქნა… დადგა გამოცხადების დრო…
კომისიის წევრები გამოვიდნენ „განაჩენის“ გამოსაცხადებლად…
დაძაბულობა პიკს აღწევს…
– პატივცემულო, თქვენ გამოაცხადებთ თუ ჩვენ ვუთხრათ გადაწყვეტილების შესახებ? – დაეკითხნენ კომისიის თავმჯდომარეს რიგითები.
პასუხმა დააგვიანა…
– კარგით, გასაგებია პატივცემულო, ჩვენ ვიტყვით…
მეგობრებო, კომისიის წევრებმა ბევრი ვიმსჯელეთ, თუ ვინ აგვეყვანა არაფრის კეთების სპეციალისტად. გამოგიტყდებით, რომ ძალიან გაგვიჭირდა არჩევანის გაკეთება, თქვენში ძალიან ბევრი ზარმაცი და არაფრის გამკეთებელი ადამიანია და ჩვენ იმედი გვაქვს, მომავალში ბევრი თქვენგანი არაფრის კეთებით დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ჩვენს საზოგადოებაში; რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს არჩევანს… ჩვენი არჩევანია…
და ჰოი, საოცრებავ, მოეყურა თუ მართლა მისი სახელი ახსენეს?
არა, არ მოყურებია… აი, კიდევ ერთხელ გაიმეორეს…
– თამაზ, მოგვილოცავს, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შენ ხარ ყველაზე ზარმაცი და არაფრის გამკეთებელი ამ ქვეყანაზე!
სიხარულის ჟრუანტელმა დაუარა…
– ადექი, დაგვენახე!
უნდა ადგომა, ცდილობს…
თუმცა…
რა ჯანდაბამ შებორკა და გააქვავა, ვერ დგება…
– ადექი თამაზ, ახლავე ადექი! ტონში სიმკაცრე შეერიათ არაფრის კეთების კომისიის წევრებს!
– ცოტა ხანი კიდევ მაცალეთ და ავდგები! – ძლივს ამოილუღლუღა!
-არა, არავითარი ცოტა ხანი, ახლავე აეთერი ფეხზე, სანამ ცივი წყალი დამისხამს თავზე, არ გრცხვენია, შუადღე წამოვიდა, არ მოგშივდა მაინც, შე არაფრის გამკეთებელო, ზარმაცო და უსაქმურო! – უქნარა შვილის ტკბილი სიზმრიდან გამოყვანას ცდილობს შეშფოთებული დედა!!!
მამუკა ჭიპაშვილი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი