გვიან ღამემდე ვასწორე მეშვიდე კლასის ქართულის საკონტროლო წერის რვეულები…
30-წლიანი პედაგოგიური სტაჟი მაქვს და ასეთი ზარმაცი და უცოდინარი ბავშვები ჯერ არ მყოლია….
დამღალეს ძალიან….
შარშან კიდევ არა უშავდათ და რაღაცას ფორხილებდნენ…
წელს ბოლომდე მოეშვნენ და აღარაფერს აკეთებენ…
ამ მობილურებმაც მთლად გამოაშტერა და გამოატვინა… ბაიყუშებივით ჩაშტერებიან მთელი დღე შიგნით და აღარც წერა ახსოვთ და აღარც კითხვა…
აგერ, ოცამდე ნაწერი გავასწორე და „ათიანი“ კი არა, ერთი-ორი „რვიანი“ შეფასება ძლივს დავწერე…
კი არ წერენ, ძირითადად, ჯღაბნიან…
გული შემიღონდა…
სასვენ ნიშნებს ან საერთოდ არ ხმარობენ, ან უაზროდ და უადგილოდ სვამენ….
თავი მისკდება…
წნევის და საგულე წამლები დავლიე და დასაძინებლად მივწექი…
ვერ ვიძინებ…
ზემოთ ჩამოთვლილ წამლებს საძილე და კაპლის წვეთებიც მივამატე და დაძინებას ხელმეორედ შევეცადე…
თავში მერევა ნაჯღაბნები….
გადახაზულები…
სასვენი ნიშნები…
უაზრო წინადადებები…
მოგვიანებით საძილე წამალმა თავისი ქნა და გონებას ნელ-ნელა ბინდი გადაეკრა…
ვერ გეტყვით, გულში ჩამყვა, თუ რა მოხდა…
მოკლედ, სიზმარი ვნახე, უცნაური, საოცარი…
….
ერთ პატარა, მომცრო ყუთში, ქართული ანბანის ასოებთან ერთად თავი მოეყარათ სასვენ ნიშნებს: „წერტილს“, „მძიმეს“, „დეფისს“, „ორწერტილს“, „ბრჭყალებს“, „კითხვის“ და „ძახილის“ ნიშნებს და სხვებს…
მივაყურადე….
რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ….
– რაც არ უნდა წინადადება ააწყოთ და აზრები დაალაგოთ, ჩემს გარეშე არაფერი გამოგივათ, ბოლოში მაინც მე უნდა დავსკუპდე, ბოლო სიტყვა მე მეკუთვნის, – იქაჩება ერთი ციდა „წერტილი“!
– ნეტა რას იჭიმები, მიწას არც ამჩნევიხარ, შენხელა მარტო თავი მაქვს, ტანზე რომ არაფერი ვთქვა. მართალია, ბოლოში შენ ხარ, მაგრამ მე ყოველთვის შენზე გაცილებით წინ ვარ საჭირო, თანაც უფრო ხშირად, ვიდრე შენ! – მძიმე სიმართლე მიახალა პირში „წერტილს“ „მძიმემ“!
– რა იყო, მაგ ყანწივით მოკაკვულ ტანს მახარბებ? სარკეში არ ჩაგიხედავს? თავკომბალას ჰგავხარ! – „მძიმის“ დაბულინგებას ბოლომდე ცდილობს „წერტილი“!
– კარგით რაა, და-ძმის ჩხუბი ვის გაუგია? – ორივეს დამშვიდებას ცდილობს „წერტილ-მძიმე“!
– რა ამბავია, რატომ კამათობთ, რატომ არ მაძინებთ? – კითხვა დასვა უხუცესმა, ხმაურით შეწუხებულმა „კითხვის ნიშანმა“, რომელიც ისე იყო სიბერისაგან წელში მოკუნტული, ლამის ცხვირს ურტყამდა მიწას!
– რატომ და მგონი ამ „წერტილსა“ და „მძიმეს“ დღეს გამადიდებელ შუშაში აქვთ ჩახედული! – ბრჭყალები გამოაჩინა „ბრჭყალებმა“! – მე რომ სიტყვას ჩემი ბრჭყალებით შემოვსაზღვრავ, აი, ეს არის ყველაზე რთული და დასაფასებელი!
– უმადურო! – გაჯავრდა „მძიმე“! – ხომ არ დაგავიწყდა, რომ მაგ ბრჭყალების გაკეთება ჩემს გარეშე არ შეგიძლია, თუ თავსა და ბოლოში ორ-ორი ჩემნაირი არ დაგიდგა.
– მართალია, მართალია! – „მძიმეს“ გამოექომაგნენ სხვა „მძიმეები“! – ეგ შენი ბრჭყალები ჩვენით არის, რომ ბაქიბუქობ, თავში დგომა კიდევ არაფერი ისეთი და აი, სიტყვის ბოლოს რომ თავდაყირა ვდგებოდით შენი გულისთვის და ტვინში ლამის სისხლი გვექცეოდა, ასე დაგვიფასე?
– კი მაგრამ, ტვინი რომ წაიღეთ, ყველა დიალოგს რომ მე ვიწყებ, ამნეზია დაგემართათ, თუ რაშია საქმე? – კამათში ჩაება მხართეძოზე წამოწოლილი „დეფისი“.
– დაწყებით ბევრი იწყებს, დამთავრებაა მთავარი! – თავის უპირატესობას არ თმობს „წერტილი“!
– კაცო, აგერ „ორწერტილი“ და „მრავალწერტილი“ ხმას არ იღებს და ეს მართლა წერტილი რა დღეშია, ნახეთ! – „წერტილის“ ბაქიობას ვერ ითმენს „ფრჩხილები“!
-კი მაგრამ, შენ ჩვენს კამათში რატომ ერევი, რომ მოხრუკულხარ ბეჭებში; თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ იყო და დაზუსტება არ გახდა საჭირო, შენ არავის რომ არ ახსოვხარ, ხომ არ გავიწყდება? – არ შეარჩინა შეპასუხება „წერტილმა“ „ფრჩხილებს“!
– „შილაკი“ არ მქონდეს ახალი გაკეთებული, მე ვიცი, რასაც გიზამდი! – ვეღარ მოთოკა ნერვები „ფრჩხილებმა“, – თავი დიდ ვინმედ მოგაქვს, არადა, მთელი ცხოვრება „კითხვის ნიშანი“ და „ძახილის ნიშანი“ თავზე გაზის!
– მეძახდით? – ძლივს გაახილა თვალები ძილ-ბურანში მყოფმა „ძახილის ნიშანმა“!
– შენ არავინ გეძახდა, დაიძინე! – გასძახა ძახილის ნიშანს „დეფისმა“!
– დაიძინე კაია, შენ რა გენაღვლება, მთელი ცხოვრება წამოწოლილი ხარ; აპა, მე მკითხე, სარივით სულ ფეხზე ვარ!
– კაცო, რაც მე მაქვს გადატანილი ცხოვრებაში, იმას ვერც ერთი ვერ გადაიტანთ, მაგრამ ხომ ხედავთ, ჩუმად ვარ ჩემთვის და ხმას არ ვიღებ! – პირველად ჩაერთო საუბარში „გადატანის ნიშანი“.
– მართალია, ვერ უარვყოფ, რომ ყველაფრის გადატანა შენ გიწევს, მაგრამ არც ჩემი გზაა ია-ვარდით მოფენილი; „მძიმე“ მქვია და ღმერთმაც სახელივით მძიმე ბედი მარგუნა. ამასწინათ ერთმა უცოდინარმა, ერთ პატარა ტექსტში, ათჯერ მაინც გამომტოვა. მერე ესეც არ მაკმარა და ისეთ უადგილო ადგილას დამასკუპა, ლამის მთელი შინაარსი შეიცვალა და მკითხველმა ვის დააბრალა ეს ყველაფერი?… რა თქმა უნდა მე, ამ ერთ პატარა „მძიმეს“! – მძიმე ისტორია დაასრულა თვალებზე ცრემლმომდგარმა „მძიმემ“.
– კაცო, „სასვენი ნიშნები“ არ ხართ?… დამასვენეთ, რა იქნება! – გადაირია „ძახილის ნიშანი“!
კამათი და ხმაური გაგრძელდა.
– მათქმევინებთ? – იკითხა „კითხვის ნიშანმა“!
– გისმენთ, უხუცესო!
– მოდით, ანბანი გავაღვიძოთ და მათ ვკითხოთ, რომელია ჩვენში პირველი და ყველაზე საჭირო!
– კარგი აზრია, გავაღვიძოთ და ეგენი იტყვიან სიმართლეს! – აზრი მოიწონეს „სასვენმა ნიშნებმა“!
ყუთში მიძინებულმა ანბანმა გაიღვიძა…
„სასვენი ნიშნების“ ყაყანმა იმატა, ყველა სათითაოდ ცდილობდა ანბანისთვის ახსნას, თუ რაზე კამათობდნენ… ანბანი მშვიდად უსმენდა ხან ერთ „სასვენ ნიშანს“, ხან მეორეს… ბოლოს ფეხზე წამოიმართა და დაპირისპირებულ ნიშნებს მიმართა:
– ძმებო და მეგობრებო, ტყუილუბრალოდ კამათობთ და არჩევთ, თუ რომელია თქვენში უფრო საჭირო და მოთხოვნადი. მინდა გითხრათ, რომ ყველა თქვენგანი ერთნაირად საჭირო ხართ და ყველას თქვენი ფუნქცია გაკისრიათ, – ზოგი იწყებთ, ზოგი ასრულებთ, ზოგი აჩერებთ და ზოგიც ამშვიდებთ. მთავარია, ვინმე უცოდინარის კალამს არ ჩაუვარდეთ ხელში და ისეთ შეუფერებელ ადგილას არ დაგსვან, რომ იქედან ვერავინ შეძლოს საღი აზრის გამოტანა. აგერ, შეგვხედეთ ჩვენ, ქართული ანბანის ასოებს, განა „შ“-ს და „წ“-ს, ანდა „ძ“-ს და „ხ“-ს მოსწონთ, როცა ვერ არჩევენ და ერთმანეთში ერევათ, ანდა, როცა სიტყვიდან ზოგიერთ ჩვენგანს ისე გამოტოვებენ, სიტყვის აზრიც იკარგება, მაგრამ ხომ ხედავთ, ვითმენთ. ახლა კამათისა და პირველობის გარკვევის დრო არ არის; მოდით, ყველამ გვერდზე გადავდოთ ჩვენ-ჩვენი ამბიციები და სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, ერთობლივად, ერთი კარგი მიმართვა გავუგზავნოთ ბავშვებს!
ჩვენო ძვირფასებო!
გირჩევთ, ნაკლები დრო გაატაროთ კომპიუტერებთან და მობილურ ტელეფონებთან! გთხოვთ, დაუბრუნდით წიგნების კითხვას, რადგან კაცობრიობას დღემდე წიგნზე უკეთესი არაფერი შეუქმნია და წერა-კითხვის უცოდინარი თაობა ვერ იქნება ვერც ერთი ქვეყნის საიმედო მომავალი. გთხოვთ! გთხოვთ! გთხოვთ!
მამუკა ჭიპაშვილი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი