რიკოთის ავტობანის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც თავს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გარევაჭრობით ირჩენდნენ, საარსებო შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
რამდენიმე წელია, საქმიანობის გასაგრძელებლად, ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ალტერნატიულ სავაჭრო ტერიტორიას ჰპირდებიან.
დღეს, 10 თებერვალს, როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ფეისბუქგვერდი იუწყება, ხარაგაულის მერი, მისი თანაშემწე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი მიხეილ უჯმაჯურიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენლები თინათინ გოგალაძე და მარიამ ბეგიაშვილი ხევის, ხუნევისა და ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს შეხვედრიან.
ამ შეხვედრაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს დამსწრეთათვის გარე ვაჭრობისთვის შერჩეული ალტერნატიული სივრცის პრეზენტაცია წარუდგენიათ.
ხარაგაულის მერის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ალტერნატიული სავაჭრო სივრცე სოფელ საქასრიაში, დაახლოებით 3 ათას კვმ ფართობზე განთავსდება.
კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ „ალტერნატიული სივრცე ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და მოვაჭრეთათვის დაახლოებით 45 ადგილი იქნება გათვალისწინებული. ობიექტს ექნება სველი წერტილები, დასასვენებელი სივრცე, პარკინგი, კომუნიკაციები (წყალი და დენი).
სავაჭრო და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალურ პროექტში გათვალისწინებული იქნება რეგიონის კულტურული ღირებულებები, რეგიონში გავრცელებული ტრადიციები ვაჭრობის კუთხით და რეგიონის ლანდშაფტი. ტენდერი გამოცხადებულია და მარტში გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც სავაჭრო სივრცეს მოაწყობს.
მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს სივრცე სამართავად და მოვლა-პატრონობისთვის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. ადგილების განაწილებისას მნიშვნელოვანი როლი მუნიციპალიტეტს და მის წარმომადგენლობას მიენიჭება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მერის ფეისბუქგვერდზე ამ ინფორმაციის გაცნობისთანავე დავინტერესდით აღნიშნული ტენდერის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მოძიებით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ამჟამად გამოცხადებული ტენდერებიდან, მხოლოდ 2024 წლის 26 იანვარს 2 159 607 ლარზე გამოცხადებული ტენდერი შეესაბამება, გარკვეულწილად, იმ ტენდერს, რომელიც მერისგან გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
აღნიშნული ტენდერი გამოცხადებულია E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მიმდებარედ საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილის – დასვენების და გაჩერების ადგილებისა და მათი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის. ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებული კომპანიებისგან წინადადებების მიღება 1 მარტს დასრულდება.
„2023 წელს გაიხსნა ხევი-უბისას (F2) და უბისა-შორაპანის (F3) მონაკვეთებზე, ჯამურად 27 კმ, გრიგოლეთი-ქობულეთის 6 კმ-იანი მონაკვეთი. 2024 წელს ეტაპობრივად დაგეგმილია სხვადასხვა მონაკვეთების დასრულება.
E-60 და E-70 ავტომაგისტრალების მიმდებარედ გათვალისწინებულია გასაჩერებელი/დასასვენებელი ადგილების მოწყობა, რაც მნიშვნელოვანია მგზავრთა გადაადგილებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია, გასაჩერებელი/დასასვენებელი ადგილები აღიჭურვოს სათანადო ინფრასტრუქტურით“, – აღნიშნულია ამ ტენდერის ტექნიკურ დავალებაში.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, რომ საგზაო დეპარტამენტის დავალების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა. სამუშაოები, ეტაპობრივად 2 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემაზე გამართული ამ შეხვედრის შესახებ დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაული“ არ იყო ინფორმირებული, – რომ სიღრმისეულად გაგვეშუქებინა მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა უშუალო შეხვედრის მნიშვნელოვანი მომენტები და შეკითხვები დაგვესვა.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია რიკოთის ავტობანის მიმდებარედ მცხოვრები იმ ოჯახების პრობლემას, რომლებიც თავს გარე ვაჭრობით ირჩენდნენ, მათთვის ამ ბიზნესის დაკარგვის მომენტიდან აშუქებს.
ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, არაერთხელ მივმართეთ, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაგეგმილი შეხვედრების შესახებ მერიამ წინასწარ მოგვაწოდოს ინფორმაცია, კონკრეტული მნიშვნელოვანი თემისა და შეხვედრის გასაშუქებლად.
ხარაგაულის მერია დამოუკიდებელ მედიასთან გამართულ თანამშრომლობას ვერ ახერხებს (და ეს პირველი შემთხვევა არ არის); ეს იმ დროს, როცა ყოველწლიურად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათეულ ათასობით ლარს ხარჯავს საინფორმაციო მომსახურებისთვის, – სხვა მედიაკომპანიებთან გამარტივებული შესყიდვებითა და მერიისგან დაფუძნებული ააიპ-ის სუბსიდირებით.
პოსტი სოციალურ ქსელში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი