ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობის დიდინაწილი თავს მცირე მეწარმეობითა და სარესტორნო ბიზნესით ირჩენდა.
საავტომობილო გზის გასწვრივ მაქათუბანში, ბორითში, უბისაში, ვაშლევში, ხუნევსა და ხევში მოსახლეობა ხილს, სიმინდს, მურაბებს, სოკოსა და სხვა ადგილობრივ ნაწარმს ჰყიდდა. რიკოთის ავტობანის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ 200-ზე მეტი ოჯახი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩა.
ფულადი კომპენსაცია სახელწიფოსგან იმ პირებმა მიიღეს, ვისი სავაჭრო დახლი თუ კვების ობიექტი უშუალოდ ავტობანის მშენებლობის არეალში მოექცა. ავტობანს მიღმა დარჩენილი მოვაჭრეები და რესტორნების მფლობელები კი გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
შვიდი წლის წინ ხუნევში მცხოვრებმა შორენა გორგაძემ სავაჭრო დახლი სახლის წინ გახსნა. ეს მისი ოჯახის ერთადერთი საარსებო წყარო იყო. შორენა გვიამბობს, რომ კარგად ვაჭრობდა და წლების განმავლობაში გამომუშავებული თანხით სახლის აშენება შეძლო.
„ავტობანის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ძალიან დავზარალდი, – ამბობს შორენა, – ახლა ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ჩემი მეუღლის ხელფასი – თვეში 1 100 ლარია. ის ავტობანის მშენებლობაზე მუშაობს. ორი შვილი მყავს და მეუღლის ხელფასი თვიდან თვემდე ძლივს გვყოფნის.
ჩემი მეზობლებიც, დაახლოებით ოცამდე ოჯახი, ამ მდგომარეობაში არიან. რამდენიმე მათგანმა ვაჭრობა საქასრიაში გააგრძელა. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და საქასრიაში ყოველდღე ვერ ვივლი, ოჯახს მთელი დღე ვერ მივატოვებ. ხუნევის მოსახლეობის ნაწილი შემოსავლის გარეშე დავრჩით.
სახლის წინ ჩემი ხელით ბუხარი ავაშენე, სიმინდს ვხარშავდი და ვყიდდი. აღარაფერში მჭირდება და ხომ არ დავანგრიო-მეთქი, ვფიქრობ, მაგრამ ვერ ვიმეტებ. ხომ იცით, იმედით ცოცხლობს კაცი“.
2023 წლის გაზაფხულზე შორენა გორგაძემ და მისმა თანასოფლელებმა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს.
ხუნევში მერის წარმომადგენელი კახა ლომიძე მათ განცხადების დაწერაში დაეხმარა. ხუნეველი გარე მოვაჭრეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას ითხოვენ; როგორც შორენა გორგაძე ამბობს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან უპასუხეს, რომ მათი წერილები განხილვაშია.
ავტობანის მშენებლობამ ხუნევში მერის წარმომადგენლის, კახა ლომიძის ოჯახიც დააზარალა, რადგან მათთვის ერთ-ერთი შემოსავალი სარესტორნო ბიზნესი იყო. კახა ლომიძე ამბობს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს რესტორნების მფლობელებმა წლიური დეკლარაციები წარუდგინეს.
ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ამ დოკუმენტების მიხედვით გარკეული კომპენსაცია ავტობანის მიღმა დარჩენილმა გარე მოვაჭრეებმა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმაც მიიღონ.
„ამ ზაფხულში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა გვითხრეს, რომ მეწარმეებს აუცილებლად შეხვდებოდნენ, – ამბობს კახა ლომიძე, – ჩვენც ველოდებით“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
რიკოთის ავტობანის მიღმა ჩიხში დარჩენილები…
„ეს ავტობანი კარგი მათთვისაა, ვისაც თბილისიდან ბათუმში ჩასვლა ეჩქარება“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი