ხარაგაულისადმი განსაკუთრებულად თბილი და ემოციური დამოკიდებულება აქვს.

2018 წელს, როცა ელისაბეთ რუდი ამერიკის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, მეგობრის, რამაზ ბლუაშვილის ორგანიზებით, ხარაგაულს პირველად ესტუმრა. მაშინ დიპლომატმა ხარაგაულს „საქართველოს გული“ უწოდა.

ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხარაგაულში ადგილობრივ მეწარმეთა გასაძლიერებლად რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა. მას შემდეგ ელისაბეთ რუდი ხარაგაულში რამდენჯერმე გვესტუმრა; მათ შორის – 2019 წლის 12 მაისს, ანდრიაობას, რკინისჯვარზე იმყოფებოდა.

ამჯერად, შვებულების ბოლო დღეების გატარება ისევ ხარაგაულში მოისურვა. ყოფილ ელჩს შევხვდით და რამდენიმე შეკითხვით გავესაუბრეთ.

– ქალბატონო ელისაბეთ, რა არის ამჟამად ხარაგაულში თქვენი ჩამოსვლის მიზეზი და მიზანი?

– ხარაგაულში როგორც დიპლომატი, 8 წლის წინ ჩამოვედი და აქაურობა ძალიან მომეწონა. ახლა, უკვე, როცა ოფიციალურად პენსიაში გავედი და მოგზაურობისთვის უფრო მეტი დრო მაქვს, შვებულების ბოლო დღეები აუცილებლად ხარაგაულში უნდა გამეტარებინა. მინდოდა, მენახა ჩემი საყვარელი ხარაგაული.

– საქართველოში თქვენ 2017-2020 წლებში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იყავით. რაც ჩვენი ქვეყანა დატოვეთ, თქვენი გულისყური, ალბათ, ისევ არის მომართული საქართველოსკენ. ხომ არ დაახასიათებდით სხვაობას იმდროინდელ და დღევანდელ საქართველოს შორის?

– ელჩის მოვალეობას როცა ვასრულებდი, მაშინ საქართველოსა და ამერიკას ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა როგორც ეკონომიკურ, ისე უსაფრთხოების საკითხებში. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ჩვენი ქვეყნების გზები ერთმანეთს დაშორდა. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის დროებითი და ჩვენი ურთიერთობა აღდგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეგიონების, მათ შორის ხარაგაულის, ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

დღეს, საქართველოში ჩამოსულს, დამხვდა ავტობანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიურია ქვეყნისთვის. თუმცა, გასულ წლებში, როცა აქ ჩამოვდიოდი, ხაშურში ნაზუქსა და ჰამაკს ვყიდულობდი, ზესტაფონში ყავას დავლევდი… ავტობანისა და რკინიგზის მშენებლობამ, პირველ რიგში, პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს ხალხზე, ხარაგაულელებზე, რასაც, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ.

– როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობარი, საქართველოს გაძლიერების გასაღებს რაში ხედავთ, რას მოიაზრებდით გაძლიერებულ საქართველოში?

– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკასა და საქართველოში გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის; ადამიანებისთვის, რომელთაც უნდათ, საკუთარი აზრი გამოხატონ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებთ. ამიტომ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი, მომავალი ძლიერი საქართველოსთვის.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ უმნიშვნელოვანესია თავისუფალი მედიის არსებობა, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე. აღსანიშნავი და დასაფასებელია ის საქმიანობა, რასაც თქვენ აკეთებთ იმიტომ, რომ ხალხს ყოველთვის აინტერესებს, რა ხდება მათ გარშემო.

– ორი წელი ხდება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, პატიმრობაში იმყოფება ორი ავტორიტეტული გამოცემის დამფუძნებელი და რედაქტორი მზია ამაღლობელი – არაერთი ჯილდოს, მათ შორის სახაროვის პრემიის, მფლობელი. ეს ფაქტი თქვენთვის რაზე მეტყველებს?

– პრესისა და სიტყვის თავისუფლება საერთაშორისო დონეზე გარანტირებული უფლებაა. ამ უფლების დარღვევა შემაშფოთებელია და ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პრობლემა აქვს თავისუფალ აზრს, თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ პრესას. ამისთვის ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ. თავისუფალი სიტყვა ამერიკაში დაფასებულია. იმედია, ეს საქართველოშიც აღდგება და ისე იქნება, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას ეკადრება.

– ამ სიტუაციაში რას გვირჩევთ და გვისურვებთ ჟურნალისტებს?

– ჟურნალისტიკა ძალიან რთული პროფესიაა, დიდ თავდადებასა და გამძლეობას მოითხოვს. ჟურნალისტებს ვურჩევ, რომ აუცილებლად გააგრძელონ თავიანთი საქმე, იყვნენ გამძლეები იმიტომ, რომ მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

– ხარაგაულში თქვენი წინანდელი სტუმრობიდან რა და ვინ გახსენდებათ განსაკუთრებულად და რატომ?

– განსაკუთრებულად რამაზ ბლუაშვილის ბიძა, ჟორა ბლუაშვილი მახსენდება. ის მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მონაწილე და ვეტერანი იყო. განმაცვიფრა იმან, რომ მან არა მარტო საქართველოსა და ხარაგაულის ისტორია იცოდა, არამედ მსოფლიო პოლიტიკა მიმოიხილა და ამერიკელ პოლიტიკოსებზე ხუმრობები შემომთავაზა.

ასევე არასდროს დამავიწყდება ძალიან საინტერესო შეხვედრა ხარაგაულელ ახალგაზრდებთან, რომლებმაც ხარაგაულის განვითარების ხედვა შემოგვთავაზეს.

მნიშვნელოვანი იყო, როცა გია ჯაჯანიძის გადაცემაში ვმონაწილეობდი და ინტერვიუ დევის ხვრელში ჩავწერეთ. ყველაზე მეტად ხარაგაულში „დევებმა“ მომხიბლა.

– ერთი სიტყვით რომ შეგეძლოთ ხარაგაულის დახასიათება, რას იტყოდით?

– საქართველო არის მთების ქვეყანა. ახლახან, ოთხი დღე ვიყავი სვანეთში, სადაც ძალიან ლამაზი, მაგრამ, ამავე დროს, საშიში მთები ვნახე. ხარაგაულში კი მომხიბვლელი, მწვანე მთებია. ხარაგაულის მთებში პოულობ შინაგან სიმშვიდეს. ხარაგაული მოსაფრთხილებელი და მოსაფერებელი მარგალიტია, რომლისთვისაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გულში ჩავიხუტოთ და განვავითაროთ.

ნინო კაპანაძე

რამაზ ბლუაშვილის ფოტოები