ხარაგაულში, სოფელ ისლარში, ზაფხულის მოსვლა სათავგადასავლო დღეებს და უცხოელი ქალის გამოჩენას ნიშნავდა; ქალის, რომელიც სათნო ღიმილით გამოირჩეოდა. ინა რანსონი არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავალი საფრანგეთის“ დამფუძნებელი იყო, რომლის ფარგლებშიც ისლარში ზაფხულის განმავლობაში ბავშვებისთვის ეკო-ბანაკები იმართებოდა.        

წლების განმავლობაში ხარაგაულელმა ბავშვებმა, ბანაკის კოორდინატორ ცისანა ჭიპაშვილთან ერთად, არაერთი ეკოლოგიური აქცია გამართეს მდინარის დაბინძურების შესახებ, დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია, გააკეთეს საინფორმაციო ბანერები და აამაღლეს მოსახლეობის ცნობიერება, გარემოსდაცვისა და ეკოლოგიის შესახებ.

წარმოშობით გერმანელი ინა რანსონი პარიზში ცხოვრობდა. ის ფილოლოგიის დოქტორი, ჟურნალისტი და მდგრადი განვითარების შესახებ ნაშრომების ავტორი იყო. 1995-97 წლებში გერმანულ ენას თბილისის ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტში ასწავლიდა. სწორედ აქედან მოყოლებული, ყოველ წელს ჩამოდიოდა საქართველოში. 

საქართველოს სიყვარულით 2004 წელს ასოციაცია „მომავალი-საფრანგეთი“ (Momavali-France) დააარსა, რომლის მიზანია დაეხმაროს სოციალურად დაუცველ, დევნილ და სსმ ბავშვებს საქართველოში.

ასოციაციამ დღემდე  სხვადასხვა სახის დახმარება გაუწია თბილისის ბავშვთა სახლებს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ ბავშვებს, საქართველოს სამ რეგიონში დააარსა კულტურული ცენტრები. ააშენა სასწავლო მინისათბური და მეფუტკრეობის შემსწავლელი ცენტრები.

ორ სკოლაში ჩამოაყალიბა თოჯინების თეატრი, შექმნა მობილური ლაბორატორია, რომელიც იკვლევს წყლის დაბინძურების დონეს.

მოაწყო სხვადასხვა ხელობების შემსწავლელი ვორქშოფები, ეკობანაკები. სწორედ მისი ეკობანაკების ნაწილი იყო ისლარის ეკო შეხვედრებიც. 2019 წელს ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა სოფელ ისლარის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად კანალიზაციის არარსებობა და მდ. ჯიხველას დაბინძურება აწუხებდა.

ინამ, საკუთარი ხარჯებით უამრავ ადამიანს გაუწია დახმარება და ზოგჯერ  სასიცოცხლოც კი. ქველმოქმედებისთვის საჭირო თანხას საკუთარი ჯიბიდან და ასევე მეგობრებისგან იღებდა.ე ხმარებოდნენ და-ძმები, ახლობლები, უცხო ადამიანები; აწყობდა გამოფენა-გაყიდვებს…

40 დღე გავიდა, რაც მისი თავაზიანი ღიმილი აღარ არის.

მადლობა, ინა, ყველაფრისათვის, – ასე დაემშვიდობა „Momavali-France“ – კოორდინატორი ცისანა ჭიპაშვილი ინა რანსონს ხარაგაულისა და ხარაგაულელი ბავშვებისთვის გაკეთებული წვლილისთვის.