დღეს, 21 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა.
მერმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტებისა და საქმიანობის შესახებ.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ მერს დავუსვით შეკითხვა:
ხარაგაულის თვითმმართველობას რა უშლით ხელს, რომ სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩენილ ხეველ ბავშვებს ოჯახებში პერიოდულად საკვები პროდუქტები და საახალწლოდ საჩუქრები მაინც გაუგზავნონ ისევე, როგორც პანდემიის დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღი, და მათ შორის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, ამას ეფექტურად აკეთებდა.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის საბავშვო ბაღის 36 პოტენციური აღსაზრდელიდან მხოლოდ 12 ახერხებს სასკოლო მზაობის პროგრამის გავლას, ხევის სკოლაში გამოყოფილ საკლასო ოთახში; ხოლო დანარჩენი ბავშვები, უკვე მეორე წელია, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიღმა არიან დარჩენილები იმის გამო, რომ რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის ორჯგუფიანი საბავშვო ბაღის შენობა, 2021 წლის ნოემბერში დაანგრიეს, ხოლო ახალი შენობა ჯერ აშენებული არ არის.
2023 წლის მარტში ხევის ბაღისთვის ახალი შენობის ასაგებად გამოცხადებული ტენდერი რომ არ ჩაშლილიყო, ამ ბაღის აღსაზრდელები 2023 წლის სექტემბრიდან ბაღის ახალ შენობაში სკოლამდელი აღზრდის სრულყოფილ მომსახურებას (ოთხჯერადი კვების ჩათვლით) მიიღებდნენ.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ, გასული წლის დეკემბერში და 2023 წლის იანვარში, საკვებ პროდუქტებზე ტენდერები რომ გამოაცხადა, ყველა ტენდერში ხევის საბავშვო ბაღი გათვალისწინებული იყო (ტენდერი თევზზე; ტენდერი მცენარეულ ზეთზე; ტენდერი „სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეულ პროდუქტებზე” (კვერცხი, მწვანილი,ნიორი); ტენდერი ფქვილსა და ბურღულეულზე; ტენდერი სხვადასხვა საკვებ პროდუქტებზე; ტენდერი ხორცზე; ტენდერი ბურღულეულზე, კარტოფილზე, ბოსტნეულზე, ხილსა და თხილეულზე; ტენდერი ყველზე; ტენდერი გაყინულ თევზზე).
„კივიტას გეორგიკას“ სკოლამდელი აღზრდის ექსპერტმა ოლღა მუსხელიშვილმა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში რამდენიმე ალტერნატივა განიხილა – თვითმმართველობას შეუძლია მოაწესრიგოს კერძო სახლის სამზარეულო ყველა სტანდარტის დაცვით, ან დაიქირავოს ინდმეწარმე, რომელიც აღსაზრდელებს გამზადებულ საკვებს მიაწვდის.
„სკოლამდელი განათლება, ეტაპობრივად, სკოლამდელ ასაკში აუცილებელია, რადგან სკოლაში ამას ვეღარ აინაზღაურებენ, – ამბობს ოლღა მუსხელიშვილი, – სოციალური უნარები, მათემატიკური აზროვნება, მეტყველება, – ყველაფერი ეს ბავშვს სკოლაში წასვლამდე უნდა განუვითარდეს. მერე უკვე გვიანი იქნება. ტვინი ასე მუშაობს, – იხსნება ფანჯარა რაღაც მომენტში კონკრეტული ცოდნის მისაღებად და სწორედ იმ მომენტში უნდა განავითარო ეს უნარები“.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციისთვის ცნობილია, რომ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე და ხევის საბავშვო ბაღის გამგე ნოემბერში ერთობლივად ეძებდნენ ხევში შენობას, რომელიც საბავშვო ბაღისთვის საჭირო სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, თუმცა ეს მოძიება უშედეგოდ დასრულდა.
რიკოთის ავტობანის მშენებლობის გარე კომუნიკაციების მენეჯერის, დავით სუჯაშვილის, ინფორმაციით, ხევის ბაღისთვის ახალი შენობის მშენებლობა 2024 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
ჩვენს შეკითხვაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა გვიპასუხა:
„ჩემი ხარაგაულისგან“ დასმული საკითხის მოგვარებაზე ხარაგაულის თვითმმართველობა მუშაობს და ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე გაცნობებთ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი