პირველადი ჯანდაცვის, – სოფლის საექიმო ამბულატორიების, გამართულ მომსახურებაზეა დამოკიდებული დაავადებების პრევენცია და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა შემდგომი გართულებებისაგან.

სოფლად დასაქმებულ ოჯახის ექიმებს უამრავ პრობლემასთან შეჭიდება უწევთ. პირველადი ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები კი, ჯერჯერობით, მის ძირეულ საჭიროებებზე ორიენტირებული ვერ არის.

 

„უტრანსპორტობის გამო, ვერც მე მივდივარ დროულად

პაციენტთან და ვერც ის მოდის ჩემთან“

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ერთი დღე წიფის სამედიცინო ამბულატორიის ექიმთან და ექთანთან ერთად გავატარეთ. თვრამეტი წელია, ნინო ბუხნიკაშვილი ამ ამბულატორიის ექიმია.

ნინო ექიმი ამბობს, რომ რეგიონებში ექიმების დეფიციტისა და ოჯახის ექიმების არასაკმარისი ანაზღაურების გამო, ის და მისი კოლეგები რამდენიმე ადგილზე მუშაობენ.

„სამედიცინო ჰოლდინგმა“, რომლის დაქვემდებარებაშიც სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან გადავიდა, ოჯახის ექიმებთან ხელშეკრულება მათთვის მორგებული გრაფიკით გააფორმა.

„ცნობილი ფაქტია, რომ ხარაგაულში ექიმების დეფიციტია, – ამბობს ნინო ბუხნიკაშვილი, – სამედიცინო უნივერსიტეტდამთავრებულები სპეციალობად არც ოჯახის ექიმობას ირჩევენ და აღარც რაიონებში ბრუნდებიან.

ხელშეკრულების მიხედვით, წიფაში ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს ვმუშაობ. თუ ფიზიკურად მისვლას ვერ ვახერხებ, პაციენტებთან სატელეფონო კონტაქტი სისტემატურად მაქვს და ისინი დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიკავშირდებიან.

წიფის თემში მცხოვრები ყველა ადამიანის ჯანმრთელობის ისტორია ვიცი, რადგან პირველი შემხებლობა პაციენტს ოჯახის ექიმთან აქვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველადი ჯანდაცვა გაძლიერდეს, პაციენტები სტაციონარში არ მოხვდნენ და დაავადებას დროულად ვუმკურნალოთ.

ყველაზე დიდი პრობლემა სოფლებში ტრანსპორტირებაა. გვყავს საწოლს მიჯაჭვული ავადმყოფები, რომლებთანაც ჩემს გარდა, წლებია, სხვა ექიმი არ მისულა.

წიფა მაღალმთიანი სოფელია, საკმაოდ დიდ ფართობზე განფენილი რთული რელიეფით. პაციენტი რომ გამომიძახებს, ფეხით უნდა წავიდე გოლათუბანში, ფონაში, სოფელ წიფაში. ზოგჯერ, მთელი დღე ერთ პაციენტთან მისვლა-მოსვლას ვუნდები.

ყოფილა შემთხვევა, რომ ამბულატორიაში ვმჯდარვარ და აქაურებს სასწრაფო გამოუძახიათ. უტრანსპორტობის გამო, ვერც მე მივდივარ დროულად პაციენტთან და ვერც ის მოდის ჩემთან.

ტრანსპორტის პრობლემა რომ მოგვიგვარდებოდეს, დროც დაგვეზოგება და სასწრაფო დახმარება სხვა უფრო გადაუდებლად მისახმარებელ პაციენტთან წავა.

„სამედიცინო ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს ამბულატორიის შენობა და ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული პრობლემები ჩაინიშნეს. თუმცა, როცა სანტექნიკა გვიზიანდება, ამას ჩვენვე ვაგვარებთ.

დენისა და ინტერნეტის თანხას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი გვიხდის.

დამლაგებელი არ გვყავს და არც არასდროს გვყოლია. ამბულატორიის შენობას ექთანი ალაგებს და ასუფთავებს. კარგი იქნება, თუ ამბულატორიაში დამლაგებელს სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით მაინც დაასაქმებენ“.

პაციენტებთან ბინაზე მისვლის სირთულეზე საუბრობს წიფის ამბულატორიის ექთანი ელენა ბანცაძე, – განსაკუთრებით მკაცრ ზამთარში, როცა ათეული კილომეტრების გავლა ფეხით უწევს.

„საათი-საათნახევარი გზაში ვარ, როცა გოლათუბანში მივდივარ, – ამბობს ელენა, – ყველაფერს დრო უნდა; ტაქსიც არ არის, რომ გამოიძახო.

ჩვენი ანაზღაურება არასაკმარისია. ხელზე 720 ლარს ვიღებ და ამას მაღალმთიანობის დანამატი 230 ლარი ემატება. საჭიროა, ხარჯი მოგვცენ. შეშას მე და ექიმი ხელფასით ვყიდულობთ. ხელფასით ვავსებთ ექიმის ჩანთას პირველადი მედიკამენტებით.

კარგი იქნება, თუ ამბულატორია უფრო თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება და ადგილზე ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობა მოგვეცემა. მწოლიარე ავადმყოფებს გამოკვლევები ესაჭიროებათ, მათი კლინიკამდე გადაყვანა რეანიმობილით რთულია ოჯახისთვისაც და ავადმყოფისთვისაც.

დიაგნოზის დასმა და ანამნეზის შეკრება ზეპირად, კვლევების გარეშე გვიწევს. წიფის ამბულატორიის ეზო შემოსაღობია. ორი წელია, გასატანია სამედიცინო ნარჩენები, რომელიც ცალკე დავლუქეთ“.

დღის მეორე ნახევარში ნინო ბუხნიკაშვილთან და ელენა ბანცაძესთან ერთად, შორ მანძილზე, სოფელ წიფაში მცხოვრები ჟორა ჩიტაძის ოჯახში ფეხით მივედით. პაციენტი, 12 წელია, საწოლს მიჯაჭვულია. ასეთი ავადმყოფი ექიმმა და ექთანმა თვეში ორჯერ მაინც უნდა მოინახულონ.

„ესენი არიან ჩემი ექიმებიც, შვილებიც და ყველაფერი, – ასე შეხვდა მათ ჟორა ჩიტაძის მეუღლე ქალბატონი ნათელა ჩიტაძე, – ესენი აცოცხლებენ ჩემს მეუღლეს, როგორც კი დავურეკავ, – თოვლშიც, ქარბუქშიც – მაშინვე მოდიან, წამლებიც თავად მოაქვთ და გადასხმებსაც უკეთებენ. მარტო ჩვენზე კი არა, აქ მცხოვრებ ყველა ოჯახზე ასე ზრუნავენ“.

 

ოჯახის ექიმებს სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ

იმის მიუხედავად, რომ ექიმი სოფელში ყოველდღიურადაა საჭირო, წიფაში მცხოვრები ოჯახები სამედიცინო მომსახურებით კმაყოფილები არიან. წიფაში მცხოვრები გოჩა კვინიკაძე ამბობს, რომ სოფლის საექიმო ამბულატორიის ექიმებს სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

„სოფელში მართლაც კვალიფიციური ექიმი და ექთანი გვყავს, – ამბობს გოჩა კვინიკაძე, – მართალია, ექიმი ყოველდღე არ არის, მაგრამ ექთანი ადგილობრივია და დღე-ღამის ნებისმიერ დროს ჩვენს გვერდითაა. ნინო ექიმზე ვერავინ იტყვის, დამჭირდა და არ მოვიდაო.

პანდემიის დროს მეუღლე საკუთარი მანქანით დაატარებდა და კოვიდიან ავადმყოფებს ემსახურებოდა. ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. სოფლის ამბულატორიის ექიმსა და ექთანს რომ ნორმალური ანაზღაურება ჰქონდეთ, სხვაგან ხომ აღარ იმუშავებდნენ“?!

„კოვიდპანდემიის დროს ნინო ექიმი და ელგა ექთანი ისე მკურნალობდნენ პაციენტებს, რომ წიფის თემის სოფლებიდან არც სტაციონარში გადაუყვანიათ ვინმე და კოვიდით არც არავინ გარდაცვლილა, – ამბობს წიფაში მცხოვრები ნინო ჩხეიძე, – დღე-ღამის ნებისმიერ დროს ვურეკავთ და ჩვენი საჭიროების მიხედვით გვეხმარებიან.

პირველადი ჯანდაცვის მომსახურება რომ გაუმჯობესდეს, სამედიცინო პერსონალს პაციენტამდე მისვლისთვის ტრანსპორტირების პრობლემა უნდა მოუგვარონ“

 

„სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ოჯახის ექიმების მიმართ ნდობა და
მათი ანაზღაურება სათანადოდ გაზარდოს“

„პირველადი ჯანდაცვა არის კარიბჭე ჯანდაცვის სისტემაში, – ამბობს მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა, – პაციენტი, რომელსაც რაიმე დაავადების სიმპტომი აღენიშნება, ან ზოგადად, პრევენციისთვის, ოჯახის ექიმს უნდა მიმართავდეს.

პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია პაციენტის უწყვეტი სამედიცინო მეთვალუყურეობაა – ფაქტობრივად, ოჯახის ექიმმა, ადამიანის დაბადებიდან სიკვდილამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყველა დეტალი უნდა იცოდეს.

ამით გაადვილდება დიაგნოზის დასმა, სამედიცინო პროცედურები, მეთვალყურეობა, მკურნალობა.

პირველადი ჯანდაცვის მახასიათებელია ყოვლისმომცველობა. ეს ნიშნავს, რომ ოჯახის ექიმმა, ზოგადად, ყველაფერი უნდა იცოდეს ყველა დაავადების შესახებ. მასთან მისულ პაციენტს სწორი მკურნალობა უნდა დაუნიშნოს ან პაციენტი, მისი მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, ექიმ-სპეციალისტთან გადაამისამართოს.

საერთოდ, პაციენტის საჭიროებების 80% პირველადი ჯანდაცვის დონეზე უნდა გვარდებოდეს.

საქართველოში, ოჯახის ექიმს, წლის განმავლობაში 3-4-ჯერ მიმართავენ, ევროპის ქვეყნებში წელიწადში 9-10-ჯერ და ძირითადად, პროფილაქტიკის მიზნით.

საქართველოში პაციენტები, ძირითადად, ექიმ-სპეციალისტებთან ოჯახის ექიმის გვერდის ავლით მიდიან, ან პირდაპირ აფთიაქებს აკითხავენ. ამიტომ გვაქვს ავადობის მძიმე შემთხვევები – მკურნალობის დაწყება სიმსივნის მესამე-მეოთხე სტადიაზე.

სახელმწიფომ ორი რამ უნდა გააკეთოს  გააძლიეროს ოჯახის ექიმების მიმართ ნდობა და ოჯახის ექიმის ანაზღაურება სათანადოდ გაზარდოს. ოჯახის ექიმი 2 500 ლარს მაინც უნდა ღებულობდეს ან გზის ხარჯი ეძლეოდეს რელიეფურად ძნელად მისადგომ და საექიმო ამბულატორიიდან დაშორებულ სოფლებში მისასვლელად“.

 

რას გვპირდება სამედიცინო ჰოლდინგი

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია დაინტერესდა, კონკრეტულად როდის და როგორ დაიწყებს „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ ამბულატორიების შენობების მოწესრიგებას და გეგმავს თუ არა ოჯახის ექიმების ანაზღაურების გაზრდას.

„სამედიცინო ჰოლდინგიდან“ გვიპასუხეს, რომ „სოფლის ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს.

საქართველოში მოქმედი 1013 ამბულატორიიდან 700 სარეაბილიტაციო ან ასაშენებელია. ამბულატორიებში დავიწყეთ როზეტების (შტეფსელი), ჩამრთველების, ნათურების, ონკანების შეცვლა და ეს პროცესი გაგრძელდება.

ამბულატორიების სრული რემონტები და ახლის მშენებლობა 2024 წლიდან დაიწყება. 2024 წელს ოჯახის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 10%-ით ზრდა იგეგმება“.

 

რეფორმები საჭიროებებზე ორიენტირებული ვერ არის

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ათეული წლებია, ოჯახის ექიმების პრობლემებს აშუქებს. 2019 წელს, ჩვენმა გუნდმა, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან ერთად და ექსპერტ თენგიზ ვერულავას ჩართულობით, პირველადი ჯანდაცვის გამოწვევების შესახებ ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში კვლევა ჩაატარა.

ამ კვლევით გამოკვეთილი პრობლემები ამ დრომდე მოუგვარებელია.

ათეული წლებია, ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტების (ხარაგაული. ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა) სოფლებში საექიმო ამბულატორიებში წყლის, გადახურვისა თუ ეზოს შემოღობვის პრობლემები აქვთ.ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 15-15 საექიმო ამბულატორია ფუნქციონირებს, 8 – საჩხერეში, 11 – ჭიათურაში.

ინფრასტრუქტურის კუთხით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხარაგაულში ზვარეს, ზესტაფონში ძირულას, საჩხერეში არგვეთისა და ჭიათურაში მორძგვეთის საექიმო ამბულატორიების შენობებშია.

ამ ოთხ მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა დანარჩენი საექიმო ამბულატორიის შენობა კი კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებს.

„სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამა „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დაქვემდებარებაში რაც გადავიდა, ჩვენს საქმიანობაში ცოტა რამ შეიცვალა, – ამბობს ძირულას სოფლის ექიმი ნატო გიორგაძე, – ერთი სასიამოვნო სიახლე ისაა, რომ ქუთაისში ანგარიშების ჩასაბარებლად აღარ გვიბარებენ. პერიოდულად „ექიმის ჩანთას“ გვივსებენ, შვებულებითა და ბიულეტენით სარგებლობის უფლება გვაქვს.

ერთი თვის წინ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგიდან“ ტელეფონით დაგვიკავშირდნენ და ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ინფორმაცია ჩაინიშნეს.

მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, პირველადი ჯანდაცვის პრობლემებით სისტემატურად რომ ინტერესდებით“.

კაცხის ორდონიანი ამბულატორიის ექიმი ნათელა ბიწაძე ამბობს, რომ მორძგვეთის მოსახლეობა, ფაქტობრივად, სამედიცინო მომსახურების გარეშეა დარჩენილი. შენობა, სადაც ექიმმა პაციენტები უნდა მიიღოს, ვერავითარ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ იქ ახალი შენობის აგება იგეგმება. ქალბატონი ნათელა, მედიაგაშუქების მხარდაჭერით, უკეთესის მოლოდინშია.

„არაფრის იმედი აღარ მაქვს, – ამბობს ზვარეს ამბულატორიის ექთანი შორენა ნათობიძე, – ამბულატორიაში მუდმივად შიშით ვართ, ჭერი არ ჩამოგვენგრეს. წყლის პრობლემა ჩვენი სახსრებით მოვაგვარეთ – ხელსაბანი ვიყიდე და მოვაწყვე.

ზვარეს ამბულატორია დამეწყრილ ზონაშია. თუმცა, ჯერჯერობით, მეწყერი შეჩერებულია. რამე პრობლემა თუ შეგვექმნა, ზვარეში მერის წარმომადგენელი ბესო დალალიშვილი გვიგვარებს, მუდმივად თავს დაგვტრიალებს და მისი ძალიან მადლობელი ვარ.

ორი კვირის წინ იყვნენ ზვარეში „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგიდან“ და შიშით შენობაში ვერ გაჩერდნენ. გვითხრეს, რომ აქ აუცილებლად ახალი შენობა უნდა აიგოს. დაპირებებისგან დავიღალეთ, ხომ უნდა ჩანდეს რეალური ქმედება?!

მომავალი წლიდან ხელფასის 10%-ით მატებას გვპირდებიან. თუმცა, ეს არასაკმარისია, რადგან ექიმის ჩანთას საჭირო მედიკამენტებით ისევ ხელფასით ვავსებთ. პირველადი დახმარების მედიკამენტებს რომ ოთხ თვეში ერთხელ გვაძლევენ, საკმარისი არ არის“.

ნინო კაპანაძე

ვიდეო სოციალურ ქსელში