„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ თვითმმართველობებისგან მათ ბალანსზე არსებული სამედიცინო ამბულატორიების შენობებისა და მიწის ფართის გადაცემას ითხოვს. საექიმო ამბულატორიები „სამედიცინო ჰოლდინგის“ დაქვემდებარებაში 2022 წლის მარტიდანაა.

„ამბულატორიების ამორტიზებულ შენობებში ვერ ხდება პაციენტების სათანადოდ მომსახურება და ოჯახის ექიმის პროგრამის სრულყოფილად განხორციელება“, – ნათქვამია წერილში, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ „სამედიცინო ჰოლდინგისგან“ მიიღო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 18 საექიმო ამბულატორია ფუნქციონირებს.

ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ინგა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე „სამედიცინო ჰოლდინგს“ წიფის, წყალაფორეთისა და ზვარის სამედიცინო ამბულატორიების შენობები გადაეცემა. ფარცხნალის, ბაზალეთის, ხიდრის, სარგვეშის, ვარძიისა და ვახანის საექიმო ამბულატორიები სოფლების ადმინისტრაციულ შენობებში ფუნქციონირებენ. ამიტომ ეს ქონებები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. დანარჩენი ამბულატორიები ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზეა.

„ამბულატორიების „სამედიცინო ჰოლდინგზე“ გადაცემის პროცესი მთელ საქართველოში დაიწყო, – ამბობს ინგა ლურსმანაშვილი, – იმედია, უახლოეს პერიოდში ამ შენობების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და სათანადო სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება“.

ათეული წლებია, ხარაგაულში სამედიცინო ამბულატორიებს წყლის, გადახურვისა თუ ეზოს შემოღობვის პრობლემები აქვს. გასულ წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას

ეკონომიკის სამინისტროსგან სოფლის ამბულატორიების შენობების თვითმმართველობის ბალანსზე გადმოცემა სწორედ ამ შენობების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სურდა. 2019 წელს ხარაგაულის თვითმმართველობამ ხიდრის, ფარცხნალის, ვახანისა და წყალაფორეთის ამბულატორიები გაარემონტა.

ამის მიუხედავად, წყალაფორეთის ამბულატორიაში წყლის სისტემა კვლავ მოსაწესრიგებელია და სახურავიდან წყალი ჟონავს. მოლითის ამბულატორიის შენობაშიც წყალი ჩამოდის. ხუნევის, მოლითის, საღანძილისა და წიფის ამბულატორიები შემოსაღობია. ლაშეს, ზვარეს, საღანძილის, ფარცხნალის, ვახანის, ხუნევის, კიცხისა და მოლითის ამბულატორიებს წყალი არ მიეწოდება. სავალალო მდგომარეობაშია ზვარეს ამბულატორიის შენობა, რომელიც დამეწყრილ ზონაშია. შენობის ჭერიდან და კედლებიდან პლასტიკატები ცვივა და აქ პაციენტის მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 

„გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტს წერილობით მივმართეთ, რომ იმ მიწის მდგრადობა შეესწავლა, სადაც ზვარეს ამბულატორიაა, – ამბობს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, – გვიპასუხეს, რომ გეოლოგიური დასკვნა უნდა დაუკვეთოს იმ კომპანიამ, რომელიც ზვარეს შენობას რეაბილიტაციას ჩაუტარებს.  ვფიქრობდით, რომ ამბულატორიების გადმოცემის შემდეგ ამ შენობებისთვის თვითმმართველობას მიგვეხედა, მაგრამ ახლა „სამედიცინო ჰოლდინგი“ სხვაგვარად ითხოვს“.

„შენობა თანდათან იშლება და თავზე გვენგრევა, – ამბობს ზვარეს ამბულატორიის ექთანი შორენა ნათობიძე, – აღარავისი მჯერა, რომ პირველად ჯანდაცვაში რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება. „სამედიცინო ჰოლდინგის“ დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ ჩემი მდგომარეობა გაუარესდა – ვსარგებლობდი შეღავათით, როგორც მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებული და მცხოვრები და ეს შეღავათი გამიუქმეს. აცრები რომ ჩავატარო, ხელთათმანები, სპირტი და ბამბა ჩემი ხელფასით უნდა ვიყიდო. „ჯანდაცვის კარიბჭეაო“, – ლამაზად რომ უწოდებენ სოფლის ექიმის პროგრამას და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას გვთხოვენ, რა პირობებში ვმუშაობთ, ამით რატომ არ ინტერესდებიან“?!

როდის დაიწყებს „სამედიცინო ჰოლდინგი“ სოფლის ამბულატორიების შენობების მოწესრიგებას, ექიმებისა და ექთნების შრომის პირობების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნვას, კონკრეტულად რის შეცვლას გეგმავენ – ამ შეკითხვებით „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ „სამედიცინო ჰოლდინგს“ მიმართა.

ჰოლდინგიდან პრესსამსახურის მენეჯერმა ნათია სორდიამ გვიპასუხა, რომ ჩაატარეს ამბულატორიების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ანალიზი და 1013 ამბულატორიიდან 700-მდე საჭიროებს ან რეაბილიტაციას, ან ხელახლა აშენებას.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები გათვლილია 2023-2024 წლებზე, – მას შემდეგ, რაც დასრულდება ამბულატორიების „სამედიცინო ჰოლდინგზე“ გადმოცემის პროცესი, – ამბობს ნათია სორდია, – ამის შემდეგ ჰოლდინგი სრულად უზრუნველყოფს როგორც პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას, ასევე ამბულატორიების გამართულობას“.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ზვარეს საექიმო ამბულატორიის შენობა

ამავე თემაზე 

ოჯახის ექიმის ათწლეულობით მოუგვარებელი პრობლემები ზემო იმერეთში

სოფლის ოჯახის ექიმებს ყურადღება სჭირდებათ (ვიდეო)

სოფლის ექიმის დეფორმირებული რეფორმა (ვიდეო)