ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მხატვრობით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის მასტერკლასი გაიმართა.
მუზეუმს მხატვრები მამუკა ცუცქირიძე, მამუკა ტყეშელაშვილი, გურამ ხეცურიანი, დავით პოპიაშვილი, ქეთი დავლიანიძე, გოგი ხახუტაშვილი, გიორგი ქანდაშვილი, კახაბერ დემურაძე და თეონა ჟღენტი სტუმრობდნენ.
მამუკა ცუცქირიძისა და მისი მეგობარი მხატვრების ურთიერთობა ხარაგაულის მუზეუმთან (დირექტორი ნინო დიდიძე) 2017 წელს დაიწყო.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში კულტურულ-საგანმანათლებლო ხელოვნების ცენტრების დაფუძნების პროექტის ფარგლებში ვეწვიეთ, – ამბობს მამუკა ცუცქირიძე, – ასეთი ცენტრების შექმნის იდეა სწორედ ხარაგაულში დაიბადა მაშინ, როცა მამაჩემის, მხატვარ ლევან ცუცუქირიძის პატივისცემით, მხატვრებმა და მოქანდაკეებმა მუზეუმს 300-ზე მეტი ნამუშევარი აჩუქეს.
ხარაგაულში ახალი სამუზეუმო სივრცის აშენება თავისი საგანმანათლებლო სტუდიებით, სამომავლო საქმეა. ამჯერად ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს შევხვდით. ასეთი შეხვედრები მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
„მოსწავლეები, რომლებიც დღეს მუზეუმში მოვიდნენ, ძალიან ნიჭიერები არიან, – ამბობს მხატვარი მამუკა ტყეშელაშვილი, – მინდოდა, ფრთხილად ჩავრეულიყავი და წავხმარებოდი, მაგრამ ყველა მათგანი ზუსტად მიჰყვებოდა თავის ამოცანას.
შესაძლოა, ასეთი მასტერკლასებით, მათ მომავალ პროფესიად მხატვრობა აირჩიონ“.
„მოსწავლეებთან ურთიერთობის 15-წლიანი გამოცდილება მაქვს, – ამბობს მხატვარი ქეთი დავლიანიძე, – ჩემს გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებ ხარაგაულელ ახალგაზრდებს.
მხატვრობა აზროვნებაა, შინაგანი სამყაროს გამოსავალია, პრობლემების წარმოჩენასა და გადაჭრაში გვეხმარება. ხარაგაულელ მოსწავლეებს ეტყობათ, რომ ხელოვნების კარგი მასწავლებლები ჰყავთ და მის რჩევებს ითვალისწინებენ“.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი დალი ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მეათე კლასის მოსწავლეებმა პროექტულ სწავლებაში თემად მუზეუმი აირჩიეს.
„სასწავლო წლის დასაწყისში მუზეუმში დაცული ნახატების გამოფენა დავათვალიერეთ. ახლა კი შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ამ ნამუშევრების ავტორებს შევხვედროდით. მათი რეკომენდაციები ამ ახალგაზრდების ნამუშევრებს მომავალში სერიოზულ კვალად დააჩნდება.
მასტერკლასში მონაწილე მათე ლურსმანაშვილს მხატვრობა სურს. ის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას სამხატვრო აკადემიაში აპირებს. მათე ამბობს, რომ მხატვრების მითითებებს აუცილებლად გაითვალისწინებს.
ქრისტინე ორთოიძეს მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია. თუმცა, ხატვა ძალიან უყვარს და ამბობს, რომ მასტერკლასზე მიღებული რჩევები, გემოვნების დახვეწისა და ხატვის ტექნიკის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.