მხატვარი მამუკა ცუცქირიძე, მეგობარ მხატვრებთან ერთად, ხარაგაულში მოზარდებისთვის სამხატვრო საკვირაო სკოლის გახსნას გეგმავს.
ისინი ახლახან ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ, – მხატვრებმა მამუკა ცუცქირიძემ, დავით პოპიაშვილმა, გიორგი ხახუტაშვილმა, თამარ თაყაიშვილმა და ლიკა კერვალიშვილმა ამ მუზეუმში სამხატვრო გამოფენა მოინახულეს.
ხარაგაულის მუზეუმის სამ საგამოფენო დარბაზში ამ მხატვრების ნამუშევრებიც არის გამოფენილი. მეოცე საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეების სამასი ნამუშევარი ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში 2017 წლიდან არის დაცული.
ხარაგაულში სამხატვრო საკვირაო სკოლის გახსნის იდეა ჯერ კიდევ მაშინ, ამ გამოფენის გახსნისას, დაიბადა.
„შემოდგომაზე ხარაგაულში საგანმანათლებლო პროექტის დაწყება გვსურს, – ამბობს მამუკა ცუცქირიძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში, – სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის საკვირაო სამხატვრო სკოლის გახსნას ვაპირებთ. ხატვასა და ძერწვაში მასტერკლასები ჩატარდება. ცნობილი მხატვრები, ჩემი მეგობრები ხარაგაულში ჩამოვლენ და დაინტერესებულ ახალგაზრდებს ხატვას შეასწავლიან.
ამას 2019 წლიდან ვაპირებთ. თუმცა, არ არის ფინანსურად ადვილი, რომ ყოველ შაბათ-კვირას სტაბილური სასწავლო პროცესი წარმართო. საკვირაო სკოლის გახსნის იდეის განხორციელებას ხელი პანდემიამაც შეუშალა. ოქტომბრიდან ვგეგმავ, რომ ჩემ მეგობრებთან ერთად ხარაგაულს პერიოდულად ვეწვიო.
ფინანსების მოსაძიებლად გარკვეული გეგმები მაქვს. ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება წილობრივად უნდა დაგვეხმაროს, რომ ერთობლივად ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, ეზიარონ ხელოვნებას – უშუალოდ ხატვისა და ძერწვის პროცესს.
ამით, ბევრმა ხარაგაულელმა ახალგაზრდამ, შესაძლოა, მომავალ პროფესიად მხატვრობა, დიზაინერობა, არქიტექტორობა აირჩიოს. შესაძლოა, სხვა პროფესიას გაჰყვნენ, მაგრამ მათი კრეატიული აზროვნება აბსოლუტურად განსხვავებული და ამაღლებული იქნება“.
მამუკა ცუცქირიძე და მისი მეგობარი მხატვრები ხატვით დაინტერესებულ მოზარდებთან მუშაობას გეგმავენ მუნიციპალიტეტებში, სადაც ახალგაზრდებს ამის ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვთ და სადაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხელშეწყობა იქნება. ახლახან წალენჯიხაში მხატვრობით დაინტერესებული სტუდენტებსა და მოსწავლეებისთვის ხუთდღიანი ვორქშოპი ჩაატარეს. ყოველდღიურად ათეულობით ახალგაზრდა ერთვებოდა პროფესიონალი მხატვრებისგან შეთავაზებულ მასტერკლასებში.
მოზარდებისთვის ანალოგიური ვორქშოპის მოწყობას გეგმავენ ხარაგაულშიც. მხოლოდ ამისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
„წალენჯიხაში ხატვით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ვიმუშავეთ, – ამბობს მხატვარი თამარ თაყაიშვილი, – ხუთი დღის განმავლობაში ასზე მეტი მოზარდი მოვიდა არა მხოლოდ წალენჯიხის სოფლებიდან, არამედ – მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც. იქ ხატვის წრე ფუნქციონირებს, ამიტომ ახალგაზრდებს გარკვეული ცოდნა ჰქონდათ. ჩვენ კონტრასტული ფერების შეყვანა, კომპოზიციურად განლაგება შევასწავლეთ. ეს მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
„ხარაგაული ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია, რადგან ამ კუთხის შვილი ვარ, – ამბობს მამუკა ცუცქირიძე, – ვაპირებ, რომ ხარაგაულის მუზეუმში წარმოდგენილი სამხატვრო კოლექცია თემატურად უფრო მეტად გავამდიდრო.
ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს გეგმა, რომ მუზეუმის მიმდებარე ეზოს ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების ხელოვნების მუზეუმი, თავის საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრთან ერთად, აშენდეს. ეს კოლექცია, რაც აქ არის გამოფენილი, დიდ მუხტს იძლევა და ნებისმიერ მნახველზე უზარმაზარ გავლენას ახდენს.
ეს ნამუშევრები მამაჩემმა, ლევან ცუცქირიძემ, და მისმა მეგობრებმა მუზეუმს დიდი სიყვარულით შემოწირეს და ამ დარბაზებში მანამ იქნება გამოფენილი, ვიდრე ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მიმდებარედ ხელოვნების მუზეუმი არ აშენდება.
ახალი თანამედროვე მუზეუმი ხარაგაულს ახალ იმიჯს შეუქმნის და ის ტურისტულ მარშრუტებში აუცილებლად მოხვდება. ახალი სტანდარტების მუზეუმი ნიშნავს იმას, რომ აქ საერთაშორისო დონის ხელოვნების პროექტები განხორციელდება. ეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს ახალ სიცოცხლეს შესძენს“.
რამდენად არსებობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის სამხატვრო საკვირაო სკოლის ასამოქმედებლად ხელშეწყობის მზაობა და რამდენად აქვს შესაძლებლობა ხარაგაულის თვითმმართველობას, რომ განახორციელოს თავისი გეგმა და გამოყოს/მოიპოვოს დაფინანსება ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მიმდებარედ ხელოვნების მუზეუმის ასაშენებლად, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს და ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორს, მამუკა ჭიპაშვილს მივმართეთ.
„გიდასტურებთ, რომ მუზეუმის განახლებისა და სამხატვრო გალერეის ცალკე მოწყობის იდეა გვაქვს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – დანარჩენი საკითხები, რაზეც თქვენ მესაუბრებით, ჯერჯერობით, დეტალებში გავლილი არა გვაქვს.
მინდა მადლობა გადავუხადო მხატვრების ჯგუფს, რომლებიც ხარაგაულში საკვირაო სამხატვრო სკოლის დაფუძნებას აპირებენ. თუმცა, მათთან ამ ფორმატში შეხვედრა არ მქონია და მათი გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ასე რომ, ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში, თუ ვინმეს ხელშეწყობის საშუალება აქვს, წარმოადგინოს კონკრეტული გეგმები, არა იდეების დონეზე, არამედ პრაქტიკულად, – რა შეუძლიათ რომ განახორციელონ ჩვენთან ერთად“.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან მუზეუმის განახლების საკითხზე ისაუბრა.
„მერმა მითხრა, რომ მომავალი წლიდან ხარაგაულში ახალი მუზეუმის აშენება იგეგმება, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – თუ ახალი მუზეუმი გაკეთდება, იქ იქნება ახალი სივრცეები, სადაც ნახატები განთავსდება. საკვირაო სამხატვრო სკოლას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჩემი წინამორბედისგან ვიცი. თუმცა, ამ კუთხით რაიმე კონკრეტული გეგმა, ჯერჯერობით, არ მაქვს. ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტიც არ არის“.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე ხარაგაულში სამხატვრო საკვირაო სკოლის ამოქმედებას მიესალმება. ის ამბობს, რომ მუზეუმი, ბოლო წლებია, ექსპონატებს ვეღარ იტევს და ახალი შენობის აგება ძალიან მნიშვნელოვანია.
„გამიხარდება ხარაგაულში სამხატვრო სკოლის ჩამოყალიბება, – ამბობს ნინო დიდიძე, – ეს ახალგაზრდების განვითარებისთვის ძალიან კარგი საქმე იქნება. თუმცა, მე გადაწყვეტილების მიმღები არ ვარ. მუზეუმს რომ დამატებითი სივრცე სჭირდება, ამაზე 2015 წლიდან ვსაუბრობთ. ადგილობრივი ხელისუფლება მუზეუმისთვის ახალ შენობას გვპირდება“.
ლაურა გოგოლაძე
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.