დღეს, 23 ივლისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს თანამედროვე გამოჩენილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები საჩუქრად გადმოეცა. მუზეუმის გალერეას ორმოცდაათი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი შეემატა. ამ საქმის ინიციატორი ცნობილი ფერმწერი, პროფესორი, „ხელოვნების ქურუმი,“ წარმოშობით ხარაგაულელი მხატვარი ლევან ცუცქირიძე და მის მიერ დაფუძნებული ხელოვნების სკოლა „ფრესკაა.“
„ეს დღე ძალიან მნიშნელოვანი და განსაკუთრებულია ხარაგაულისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, – ამბობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე, – დღევანდელი დღე ხელოვნების სკოლა „ფრესკასთან“ ჩვენი ურთიერთობის დასაწყისია. იგეგმება არაერთი საინტერესო პროექტი, – მათ შორის ხარაგაულში სამხატვრო სტუდიის გახსნა.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო თოფურიძე მუზეუმისთვის ექსპონატების გადმოცემას ისტორიულ ფაქტს უწოდებს და ამბობს, რომ ხარაგაულმა უდიდესი მატერიალური და სულიერი საგანძური შეიძინა.
ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე მხატვრების საჩუქარს უპრეცედენტოს უწოდებს. „ბატონი ლევან ცუცქირიძე არის თავისი ქვეყნის, მშობლიური კუთხის ნამდვილი პატრიოტი და ეს მისაბაძია,“ – ამბობს ირინე ჩხეიძე.
ლევან ცუცქირიძის ვაჟი, მხატვარი მამუკა ცუცქირიძე მოხარულია, რომ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმთან თანამშრომლობა შედგა. „გვსურს ხარაგაულელი ახალგაზრდებისთვის ხელოვნების სკოლის ფილიალის გახსნა, – ამბობს მამუკა ცუცქირიძე, – ყველა ბავშვი ნიჭიერია.
ამიტომ ჩვენი ლამაზი კუთხის, ხარაგაულის მოსახლეობას, ბავშვებს, მოზარდებს უნდა მივცეთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. მუზეუმმა საგანმანათლებლო ფუნქცია უნდა შეიძინოს. სხვადასხვა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომ ყველა ასაკის ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში.“
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშილი მადლობას უხდის ლევან ცუცქირიძეს და მის მეგობარ მხატვრებს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დასაჩუქრებისთვის და მუზეუმის თანამშრომლებს – აქტიური საქმიანობისთვის.
„უდიდესი მნიშვნელობა აქვს მხატვრობას და ხელოვნებას მომავალი თაობისთვის, – ამბობს მხატვარი გიორგი მადათოვი, – მე ვიტყოდი, რომ კაცობრიობის მომავალი ხელოვნებაშია. ხატვა ოცნების განხორციელებაა. ხარაგაულში რომ ხელოვნების სასწავლებელი ამოქმედდება, ახალგაზრდები რეწვას, ქვის და ხის დამუშავებას დაეუფლებიან. ძნელია წარმოიდგინო ხარაგაულის მსგავსი მეორე რაიონი, სადაც ამდენი თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე გაზრდილა. გისურვებთ ბევრ წარმატებას და ასეთ პროექტებში ახალგაზრდების მეტ ჩართულობას.“
მხატვარ ლევან ცუცქირიძესთვის ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გამართული ღონისძიება ძალიან სასიხარულოა. „ეს ჩემი კუთხეა. მე მდიდარი ვარ შინაგანად, – ამბობს ლევან ცუცქირიძე, – ახალგაზრდების სულიერი წესრიგის ჩამოყალიბებისთვის მხატვრობას უდიდესი ძალა აქვს. მხატვრობა ეხმარება ადამიანს, უფრო კეთილი გახდეს. იმედია, მუზეუმში მნახველთა რიცხვი გაიზრდება და ეს ძალიან მახარებს.“
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გამოფენის გახსნას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრენ.
ღონისძიების ბოლოს ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა ექსპონატების ავტორი 50 მხატვარი მუზეუმის მეგობრის სიგელითა და ხარაგაულის ღვინო „ციცქა-ცოლიკაურით“ დააჯილდოვა.
ნახატების გამოფენა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში დღეიდან მუდმივად იქნება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ლევან ცუცქირიძე ხარაგაულის მუზეუმის წინ მეგობარ მხატვრებთან ერთად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი