ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის სამ საგამოფენო დარბაზში მეოცე საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეების ასამდე ნამუშევარი განთავსდა.

გამოფენის გახნას ამ ნამუშევრების ავტორები, მათი ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, ამ გამოფენის გახსნით ხარაგაულში საფუძველი ჩაეყარა დიდი ქართველი მხატვრის, ლევან ცუცქირიძის სახელობის თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ცენტრის შექმნას.

ცენტრის შექმნის იდეის ავტორი, ლევან ცუცუქირიძის ვაჟი, მხატვარი მამუკა ცუცქირიძე ამბობს, რომ ორი წლის თავზე, ხარაგაულში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „არტ-ხარაგაული“ გაიხსნება. 2019 წლის სექტემბრიდან კი ხარაგაულის მუზეუმში დაწყებითი სამხატვრო სკოლა ამოქმედდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკო თოფურიძემ მუზეუმში გამოფენის გახსნისას აღნიშნა, რომ „ექსპონატები, რომლებიც ხარაგაულის მუზეუმში განთავსდა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სულიერი განვითარებისთვის.“

მერის ინფორმაციით, „ასეთი ნამუშევრები საქართველოში სხვაგან არსადაა და ტურისტები ხარაგაულში ამ საგამოფენო დარბაზების დასათვალიერებლად აუცილებლად მოვლენ.“

ნიკო თოფურიძემ განაცხადა, რომ „ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, ყველაფერს გააკეთებს და ხარაგაულში ლევან ცუცქირიძის სახელობის საგამოფენო და სასწავლო მულტიკულტურული ცენტრის შექმნას ბოლომდე მიიყვანს.“

მერმა მადლობა გადაუხადა ხარაგაულში მყოფ მხატვრებსა და მოქანდაკეებს საკუთარი ნამუშევრების ხარაგაულის მუზეუმზე უსასყიდლოდ გადმოცემისთვის.

მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ მხატვრები და მოქანდაკეები მუზეუმის მეგობრის სიგელით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მუზეუმში გამოფენის მოწყობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან კულტურისა და ხელოვნების ცენტრისთვის 10 ათასი ლარის დამატება დასჭირდა – ბიუსტების სადგამების, საყრდენი ფიქსატორების, ჩარჩოების შესაძენად, საგამოფენო დარბაზისთვის ახალი განათების მოსაწყობად და სტუმრების ტრანსპორტირებისთვის.

ლევან ცუცქირიძის სახელობის თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ცენტრის შესაქმნელად, სავარაუდოდ, ახალი შენობის აგება გახდება საჭირო.