ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორში 110 ოჯახი ცხოვრობს. ამ სოფელს ოთხივე მხრიდან უკვე გაზიფიცირებული სოფლები ესაზღვრება. თუმცა, ბორის მოსახლეობა ბუნებრივ აირს, ამ დრომდე, უშედეგოდ ელოდება.
ბორის მოსაზღვრე სოფელ კიცხში ბუნებრივი აირი, უკვე ორი წელია, შეყვანილია. ასევე, ბორის მოსაზღვრე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები ილემი და ფუთიც გაზიფიცირებულია.
ბორში მცხოვრები დონარი პავლაძე ამბობს, რომ მათ სოფელი ერთგვარ ჩიხშია მოქცეული და არც ერთი მიმართულებიდან ამ სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანის მცდელობა არ ჩანს, რომ ეს წრე შეიკრას.„ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოსახლეობის შეხვედრების დროს მუდმივად ამ საკითხს ვაყენებთ, გვპირდებიან რომ ბორში ბუნებრივი გაზი გვექნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ, – ამბობს დონარი პავლაძე, – მოსახლეობა სამზარეულოში ვიყენებთ თხევადი გაზის ბალონებს, რასაც კვირაში ერთხელ ზესტაფონიდან მოსული გაზის მანქანაზე ვტუმბავთ.
ზამთარში დაახლოებით 900 ლარი ღირებულების შეშა მჭირდება სათბობად. თუ ბუნებრივი აირი მექნება გასათბობად, სეზონზე დაახლოებით ეს თანხა დამჭირდება და შეშას აღარ ვიყიდი. სააბაზანოში წყალს ელექტრო დანადგარით ვათბობ, რაც ძალიან ძვირია; თვეში დაახლოებით 45-50 ლარს ვიხდი ელექტროენერგიაში. ბუნებრივი აირი რომ მქონდეს, ბევრად ნაკლები ხარჯი მექნებოდა და სისუფთავესაც უფრო მარტივად დავიცავდით“.
ბორის სკოლა-პანსიონში, ბორის მოსახლეობის მსგავსად, გაზიფიცირებას, ორი წელია, ელიან. ამ სკოლის დირექტორი მაია გაგოშიძე ამბობს, რომ სკოლის შენობების გაზიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია და ამით თანხაც დაიზოგება.
„ბორის სკოლაში 130 მოსწავლე სწავლობს. მათ შორის 12 მოსწავლე პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. ზამთარში სკოლასაც და პანსიონის შენობასაც შეშის ღუმელებით ვათბობთ, შეშას სკოლის ბიუჯეტიდან ვყიდულობთ და საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
პანსიონში დამრჩენი ბავშვებისთვის სამჯერადი კვებაა. მათთვის საკვებს თხევადი გაზის ბალონებით ვაკეთებთ. ბორის სკოლაში უფასო სასკოლო კვებაა, – ყოველდღიურად მოსწავლეებისთვის ღვეზელებს ვაცხობთ და ვურიგებთ.
თხევადი გაზის ბალონებით გვამარაგებს ინდმეწარმე, რომელთანაც ხელშეკრულება ა/ო „ქუთაისის მოზარდთა სახლს“ აქვს გაფორმებული. იყო შემთხვევა, როცა თხევადი აირი გამოგველია და ბავშვებისთვის საკვების მომზადება შეშის ღუმელებზე მოგვიწია.
სამზარეულოშიც და პანსიონის სააბაზანოებშიც წყალს ელექტროდანადგარებით ვათბობთ. ბუნებრივი აირი რომ იყოს, ხარჯი ბევრად შემცირდება“, – ამბობს მაია გაგოშიძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება 2012 წლიდან დაიწყო. ამჟამად მუნიციპალიტეტში დაბა ხარაგაული და 12 სოფელია გაზიფიცირებული.
2017 წელს ხელისუფლების მიერ ამომრჩევლებისთვის გაცემული წინასაარჩევნო დაპირებით, 4 წელიწადში, ანუ 2021 წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაზიფიცირებული უნდა ყოფილიყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 29 მარტს წერილობით მიმართა. ამ წერილში წერია: „გაზიფიცირების არქონა მუნიციპალიტეტს უკან ხევს, როგორც ეკონომიკურად და ეკოლოგიურად, ასევე ტურიზმის განვითარების კუთხით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი, ძირითადად, ტყის მასივები, რომლითაც სარგებლობდა ადგილობრივი მოსახლეობა, გადავიდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საზღვრებში, რითაც ძალიან შეიზღუდა მოქალაქეებისთვის ხე-ტყის რესურსები, მათ შორის შეშაზე ხელმისაწვდომობა.
საოჯახო ტურიზმის განვითარებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში ტურისტული აქტივობების გაზრდის ხელშეწყობა დიდადაა დამოკიდებული გაზიფიცირებაზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიგრაციული პროცესების შეჩერებასა და სოფლად მოსახლეობის დაბრუნებას ხელს შეუწყობს გაზიფიცირების უზრუნველყოფა“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, ამავე წერილით, სამინისტროს იმ სოფლების ჩამონათვალს უგზავნის, რომელიც ბუნებრივი აირის მაგისტრალის მიმდებარედაა და მათი გაზიფიცირება მუნიციპალიტეტში შექმნილ სიტუაციას გააუმჯობესებს. ეს სოფლებია: ბორი, ხიდარი, საღანძილე, წყალაფორეთი, ლახუნდარა, ბუდიანეთი, მირონწმინდა, სარგვეში, ღორეშა, უბისა, საბე, ვანი, სხლითი, ზარანი, დიდვაკე, ლეღვანი, მარელისი, უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი“.
მუნიციპალიტეტის ამ წერილის პასუხად სამინისტროდან 2022 წლის 31 მარტს გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „ეკონომიკის სამინისტრო გაზიფიცირების გეგმაში, განახლებას ან ცვლილებას, საჭიროების შემთხვევაში, 6 თვეში ერთხელ ითვალისწინებს. ამგვარი ცვლილების განხილვის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება წერილში წარმოდგენილი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების შესაძლებლობის საკითხიც“.
ამ წერილის მიღებიდან ექვსი თვე უკვე გავიდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მერიის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის მიწოდებული პრიორიტეტული სოფლებიდან გაზის ტრანსპიტორების კომპანიას რამდენიმე უკვე გათვალიწინებული აქვს, ერთ ერთი მათ შორის არის სოფელი ბორი.
„ამ სოფელში ძალიან მარტივად შეიძლება ეს მოგვარდეს, რადგან ცენტრალური მაგისტრალი უკვე მიყვანილია, გარე არეალში ყველა გაზიფიცირებული იყოს და მათ არ ჰქონდეთ ბუნებრივი აირი ეს იქნებოდა მათი დაჩაგვრა და არ დავუშვებ, რომ რომელიმე სოფელი, სადაც შესაძლებელია რომ ეს გაკეთდეს დაიჩაგროს“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ბორის საჯარო სკოლის გაზიფიცირებაზე მასთან ერთად პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე აქტიურად მუშაობს და ეს საკითხი ძალიან მალე ინდივიდუალურად გადაწყდება.
ამ მასალის მზადების პროცესში „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია დავუკავშირდით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას იმის გასარკვევად, თუ რომელი სოფლების გაზიფიცირებაა დაგეგმილი, 2024 წლისთვის, ზემო იმერეთში და მათ შორის – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
ჩვენი ამ შეკითხვის პასუხად, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენელმა მოგვწერა: „2024 წელს ხარაგაულში მხოლოდ სოფელ ღუდუმექეთის გაზიფიცირება იგეგმება“; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია კი გვწერს, რომ „2024 წელს ლაშის იგორეთისა და კიცხის იგორეთის გაზიფიცირებაა დაგეგმილი“.
კიცხის იგორეთს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მხრიდან სოფელი ილემი ესაზღვრება. გზის ერთ მხარეს მცხოვრები ილემის მოსახლეობა გაზიფიცირებულია, ხოლო ამავე გზის მეორე მხარეს, კიცხის იგორეთის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან „სხვა მუნიციპალიტეტს“ ეკუთვნიან.
ხელისუფლების დაპირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79-ვე სოფელი 2021 წლისთვის გაზიფიცირებული უნდა ყოფილიყო. მათგან მხოლოდ 12 სოფელშია ბუნებრივი აირი შეყვანილი. კალენდარზე კი უკვე 2023 წელია.
თამთა გოგოლაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ: XXI საუკუნეში ბუნებრივი აირი სანატრელი არ უნდა იყოს
„ჩემი ხარაგაულის“ ამ პროექტის ფარგლებში ასევე მოვამზადეთ:
რიკოთის ავტობანის მიღმა ჩიხში დარჩენილები
ხუნეველი გარე მოვაჭრეების „გაყინული“ ბიზნესი
ოჯახის ექიმებს სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების