იმისათვის, რომ მომხმარებელმა გაიგოს, თუ რომელი მეწარმე იცავს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) სრულად და სისტემატურად გამოაქვეყნოს მის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგები.
ეს ასევე საჭიროა სეს-ის საქმიანობის შესაფასებლად და სურსათის უვნებლობის კუთხით ქვეყანაში არსებული ტენდენციების შესახებ სწორი დასკვნების გამოსატანად.
ა/ო „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში სეს-მა თავადვე დაიწყო მის მიერ განხორციელებული კონტროლის კვარტალური და წლიური, შეჯამებული შედეგების გამოქვეყნება, სადაც ყოველი შემოწმებული ბიზნესოპერატორი და პროდუქტია მითითებული.
ზემოაღნიშნული მონაცემების ერთ-ერთი შესწავლის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტპრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევის შედეგები სეს-ს არასრულად ჰქონდა გამოქვეყნებული.
კერძოდ, სეს-ის მიერ სხვადასხვა დროს მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამისთვის (momxmarebeli.ge) გამოგზავნილ წერილებში მითითებულ მონაცემებსა და საკუთარ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ 2019-2021 წლების მონაცემებს (https://nfa.gov.ge/Ge/StateControl – მონიტორინგი) შორის დიდი ცდომილებები იყო. თითოეულ წელს რამდენიმე ასეული შემოწმებული ნიმუშის შედეგები არ იყო გამოქვეყნებული.
„ჩვენი მოთხოვნისთანავე სეს-მა მოგვაწოდა და მოგვიანებით საკუთარ ვებსაიტზეც გამოაქვეყნა 2021 წლის დამატებითი შედეგები, – აღნიშნულია მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის საიტზე momxmarebeli.ge – 2019-2020 წლების დეტალურ მონაცემებს რაც შეეხება, მათ რამდენიმე თვის განმავლობაში ამაოდ ველოდით, ბოლოს კი სეს-ის ზემდგომ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართეთ და კიდევ თვენახევრის ლოდინის შემდეგ ისევ სეს-ისგან მივიღეთ პასუხი, თითქოს ჩვენს მიერ მოთხოვნილი მონაცემები არაერთხელ მოგვეწოდა და ისინი სეს-ის საიტზეცაა გამოქვეყნებული!
აღმოჩნდა, რომ 2019 წლის შედეგები მართლაც დამატებული იყო სეს-ის საიტზე, თუმცა, 2020 წლის შედეგები ისევ გამოუქვეყნებელია.
დიდი ხნის მიმოწერის შემდეგ გაუგებარი რჩება, თუ რითია განპირობებული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და გავრცელების ასეთი ხარვეზი. სამწუხაროა, რომ მოქალაქეთა მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე მომუშავე საჯარო უწყებები, სულ მცირე, ასეთ დაუდევრობას იჩენენ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის მიმართ. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ცდილობს პრობლემად წარმოაჩინოს უცხოური დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა.
რაც მთავარია, გამოდის, რომ ეჭვის ქვეშ დგება სეს-ის მიერ გამოქვეყნებული, თუ გაცემული ნებისმიერი ინფორმაციის სანდოობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეს-ის მონაცემებს ბოლომდე ვერ დაეყრდნობა ვერც მომხმარებელი, სურსათის შერჩევისას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და ვერც საზოგადოებრივი ორგანიზაცია, თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირი, სურსათის უვნებლობის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გასაანალიზებლად“.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
არასასურსათო პროდუქციის უვნებლობის კუთხით საქართველოში მძიმე მდგომარეობაა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი