15 მარტი მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ეს დღე 2015 წლიდან ენერგოომბუდსმენის ინიციატივით აღინიშნება. მომხმარებელთა დიდი ნაწილი სასურსათო თუ არასასურსათო პროდუქციის შეძენის მომენტში ნაკლებად ინტერესდება მისი შემადგენლობით, ვადებითა და ხარისხით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორში მცხოვრები ზურაბ მაჭავარიანი ამბობს, რომ წლებია, მას და მის თანასოფლელებს დაბალი ძაბვის დენი მიეწოდება. „ელექტროხელსაწყოებს, ფაქტობრივად, ვერ ვამუშავებ, – ამბობს ზურაბ მაჭავარიანი, – კონდიციონერს 4 კვტ სიმძლავრის დენი სჭირდება და ჩვენთან 3 კვტ-იც არაა, 220 ვოლტის ნაცვლად 180 ვოლტი ძაბვის დენი მოგვეწოდება.
გასულ წლებში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დახმარებით ფაზა შევცვალეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ვფიქრობ ჩემი, როგორც მომხმარებლის, უფლება დარღვეულია, რადგან კონდიციონერთან ერთად სხვა ელექტრომოწყობილობის ჩართვა შეუძლებელია. ვის უნდა მივმართო, არ ვიცი“.
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ჩვენი, როგორც მომხმარებლის, უფლებები ირღვევა და რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში, – ამის გასარკვევად საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელს, ვახტანგ კობალაძეს მივმართეთ.
„2022 წელს მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, – ამბობს ვახტანგ კობალაძე, – ბოლოს და ბოლოს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი მიიღო. ამ კანონის საფუძველზე კი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს კანონის აღსრულების ზედამხედველობა დაევალა.
ამ კანონის მიღებით საქართველოში მომხმარებლებს თითქმის იგივე უფლებები აქვთ, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებში. კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ჩვენი დაკვირვებით, საკმაოდ აქტიურად მუშაობს – მომხმარებლთა საჩივრებს იღებს, საკონსულტაციო მომსახურებას ეწევა.
მძიმე მდგომარეობა არასასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის კუთხით გვაქვს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გარდამტეხი ნაბიჯები არ გადადგმულა. არასასურსათო სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობა არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა 2019-2021 წლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სხვადასხვა მაღაზიების კოსმეტიკა, ბიჟუტერია შეამოწმა და სავალალო შედეგები გამოვლინდა – ბევრი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავდა.
პარლამენტს წარვუდგინეთ პეტიცია, რომ არასასურსათო სამომხმარებლო პროდუქციაზე კონტროლი დაწესებულიყო. თუმცა, ამას შედეგი, ამ დრომდე, არ მოჰყოლია.
გარდა ამისა, რისკების შეფასება პრაქტიკულად არ ხდება. რაც უნდა კარგი კანონმდებლობა გვქონდეს და მაკონტროლებელი ფართო უფლებებით სარგებლობდეს, ეფექტიანი რისკის შეფასების გარეშე საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია.
ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. ამიტომ იმის შეფასება, თუ სად არის ყველაზე მეტად საფრთხე მოსალოდნელი, – აუცილებელია, რომ ამის მიხედვით კონტროლის მიზნობრიობა განისაზღვროს.
მომხმარებლის უფლებებთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა, პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რომ მიეღო, მომხმარებლის უფლებებს ვეღარ დავიცავდით“.
დავინტერესდით, რა საქმიანობა გასწია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ.
ამ სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 165 განაცხადი შევიდა. მათგან 80 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაწყებულია. მომხმარებლებისგან შემოსული განაცხადების 80% ეხება ონლაინ ვაჭრობის ფაქტს, ხოლო 20% – ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.
მიღებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა 28%-მა მოითხოვა თანხის დაბრუნება, ამდენივემ – დეფექტური ნივთის შეკეთება ან დაბრუნება.
თუ მოქალაქე თვლის, რომ მისი, როგორც მომხმარებლის, უფლება შეილახა, უფლება აქვს მიმართოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, დარღვევიდან არაუგვიანეს ორი წლისა. სააგენტო მომხმარებელთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე გამოძიებას დაიწყებს, თუ არსებობს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირ(ების) ქმედება არღვევს ან შესაძლოა დაარღვევს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებებს.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო დაადგენს ვადას, რომ მოვაჭრემ აღადგინოს მის მიერ დარღვეული უფლებები ან/და შეწყვიტოს კანონით აკრძალული ქმედება. სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის სააგენტო მოვაჭრეებს ჯარიმას აკისრებს. თუ მოვაჭრე 12 თვის განმავლობაში არაერთხელ ჩაიდენს დარღვევას, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ადრე დაკისრებული პირგასამტეხლოს ორმაგი ოდენობით.
მომხმარებელს, საკუთარი უფლების დარღვევის შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტს ცხელ ხაზზე – (032) 2 05 4422 ან ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაზე – customers@gnca.gov.ge გააგზავნოს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
არასასურსათო პროდუქციის უმრავლესობა სახელმწიფოსგან არ კონტროლდება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი