ღვაწლმოსილ პედაგოგს, ხარაგაულის სკოლამდელი განათლების ამაგდარ პიროვნებას, თამარ (თადული) გაჩეჩილაძეს, 27 მარტს 82 წელი შეუსრულდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში თამარ გაჩეჩილაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოს ქალბატონი თამარის კოლეგები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„განათლებაზე როცა ვსაუბრობთ, სულ მახსენდება სიტყვები „სახელმწიფოს აშენებს მასწავლებელი“, – აღნიშნა ნიკოლოზ მაჭავარიანმა, – რა თქმა უნდა, ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, თუმცა პედაგოგობა უმთავრესია. სკოლამდელი აღზრდა ეს არის უმნიშვნელოვანესი საფეხური ბავშვის აღზრდის პროცესში, ის ემზადება სკოლისათვის. სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებოდა ჩვენს რაიონში თამარ გაჩეჩილაძე, მრავალი ათეული წლის განმავლობაში.
რამდენიმე წლის წინ პროექტის „მამაკაცები აღმზრდელებად“ ფარგლებში ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში ერთი დღით „აღმზრდელი“ გახლდით. მაშინდელი აღსაზრდელები ახლა სკოლის მოსწავლეები არიან. რამდენიმე მათგანი ქუჩაში მცნობს და ჩემს მიმართ დიდ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ალბათ, მათი ეს სიყვარული არის მთავარი მოტივაცია აღმზრდელებისთვის“.
ნიკოლოზ მაჭავარიანმა დამსწრე საზოგადოებას თამარ გაჩეჩილაძის მოკლე ბიოგრაფია გააცნო.
თამარ გაჩეჩილაძე 1941 წელს დაიბადა. დედა მშობიარობას გადაჰყვა, ხოლო მამა ომში დაიღუპა. ქალბატონი თამარი და მისი და ბიძამ და ბიცოლამ აღზარდეს. ბავშვობიდან პედაგოგობა სურდა და როცა სკოლაში ბავშვებთან ერთად თამაშობდა, ყოველთვის პედაგოგის როლს ირგებდა. ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის (მაშინდელი ქალთა სკოლა) დასრულების შემდეგ სწავლა გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ სასწავლებელში სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით გააგრძელა. 1963 წლიდან ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში აღმზრდელად დაიწყო მუშაობა. პარალელურად ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.
აღმზრდელად ხუთი წელი იმუშავა. შემდეგ განათლების განყოფილებაში სკოლამდელი აღზრდის ინსპექტორ-მეთოდისტის შტატი შეიქმნა და 1968 წელს ამ თანამდებობაზე გადმოიყვანეს. 2000 წლამდე ხარაგაულის რაიონის განათლების განყოფილებაში სკოლამდელი აღზრდის მეთოდისტად მუშაობდა.
საიუბილეო საღამოზე ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულაბათა გაერთიანების პედაგოგებმა და აღმზრდელებმა რამდენიმე სიმღერა შეასრულეს. იუბილარმა ვალსი ნიკოლოზ მაჭავარიანთან ერთად იცეკვა, სიმღერა კი, გიტარის თანხლებით, ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის აღმზრდელ ელზა ბანცაძესთან ერთად შეასრულა.
„თადულისთან ერთად წლების განმავლობაში ვმუშაობდი, – იხსენებს ცაცო შათირიშვილი, – განათლების განყოფილება ჩვენთვის მეორე სახლი იყო. მომავალი თაობის აღზრდას ვემსახურებოდით. „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვი მშობელი“, – პოეტს ეს სიტყვები თადულის მისამართითაც უთქვამს. მინდა, რომ მუდამ ბედნიერსა და გახარებულს ვხედავდე. იხაროს თავისი ანასა და მისი ოჯახის ბედნიერებით“.
„ხარაგაული-თბილისის მიკროავტობუსით ვგზავრობისას ვთქვი, რომ თადული გაჩეჩილაძის იუბილეზე მოვდიოდი. ერთმა მგზავრმა თქვა, ჩემი მეუღლე საბავშვო ბაღში მუშაობდა და თადული გაჩეჩილაძის დასახვედრად ერთი კვირით ადრე ემზადებოდაო, – აღნიშნა საღამოზე რუსუდან რევაზიშვილმა, – 21 წლის ვიყავი, როცა განათლების განყოფილებაში დავიწყე მუშაობა, იქ თადულისთან ერთად იმდენი პროფესიონალი მუშაობდა, რომ შემიძლია თამამად ვთქვა, მათგან უდიდესი გამოცდილება მივიღე.
მაშინ მუდმივად შემოწმებები ტარდებოდა, დამკვირვებლები განათლების სამინისტროდან მოდიოდნენ. განათლების განყოფილების გამგის, შოთა ღონღაძის, სიტყვები მახსენდება, „თადული, თქვენი დიდი იმედი მაქვს; დარწმუნებული ვარ, რომ საბავშვო ბაღებში ყველაფერი რიგზეა“. თამარ გაჩეჩილაძე ხარაგაულის რაიონში სკოლამდელ აღზრდას ნამდვილად არაჩვეულებრივად უძღვებოდა“.
გასული საუკუნის 60-იან წლებში, მთავრობის დადგენილებით, რაიონებში სკოლამდელ დაწესებულებათა რიცხვი უნდა გაზრდილიყო. თამარ გაჩეჩილაძე ამ კამპანიაში წარმატებით ჩაერთო და რამდენიმე წელიწადში ხარაგაულის რაიონში 16 საბავშვო ბაღი ამოქმედდა. ხარაგაულის საბავშვო ბაღები საქართველოს მასშტაბით დიდ წარმატებებს აღწევდნენ.
ზვარეს, ხევის, ვერტყვიჭალის, კიცხის, წყალაფორეთის საბავშვო ბაღები რესპუბლიკურ კონკურსებში წარმატებით მონაწილეობდნენ. ხარაგაულელმა აღსაზრდელებმა თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაში ორჯერ მიიღეს მონაწილეობა.
იუბილარს დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგემ ნანა რევაზიშვილმა, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა ლაურა გოგოლაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით კიკნაძემ, საკრებულოს განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ხვედელიძემ, საკრებულოს წევრმა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორმა ლენა აბაშიძემ, საკრებულოს წევრმა ირმა სებისკვერაძემ.
განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონულმა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლალი სებისკვერაძემ თამარ გაჩეჩილაძეს სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის სახელით „სკოლამდელ განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებთ ხარაგაულში სკოლამდელი აღზრდის ბერმუხას – თამარ გაჩეჩილაძეს.
თამარ გაჩეჩილაძის საიუბილეო საღამოს ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე: ხარაგაულში სკოლამდელი აღზრდის ბერმუხა თამარ გაჩეჩილაძე 80 წლისაა
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი