სათამაშოები, რომლებსაც ჩვენი შვილებისთვის ვიძენთ, შესაძლოა, ტყვიას, კადნიუმს, ფტალატებს შეიცავდეს. ეს მავნე ნივთიერებები კი რეპროდუქციული სისტემის განვითარების შეფერხებას, თირკმელების, ფილტვებისა და ტვინის დაზიანებას იწვევს.
საქართველოში სახელმწიფო უწყებების მიერ სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი 2021 წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო. თუმცა, სამწუხაროდ, კიდევ ექვსი თვით გადაიდო.
არასასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მუშაობს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამით. ამ პროგრამას ვახტანგ კობალაძე ხელმძღვანელობს.
სამომხმარებლო პროდუქციიდან, შესაძლოა, მომდინარეობდეს შემდეგი საფრთხეები:
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამომხმარებლო პროდუქტის თითქმის ყველა სახეობაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება. ევროკავშირში მოქმედებს ონლაინ პლათფორმა RAPEX. ამ ვებგვერდზე არასასურსათო საფრთხის შემცველი პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება.
არასასურსათო პროდუქციის კონტროლი საქართველოში
საქართველოში სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები არასასურსათო პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილს აკონტროლებენ. ესენია:
საქართველოში სანთებელების კონტროლი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რადგან სანთებელამ, შესაძლოა, ხანძარი გამოიწვიოს. საქართველოში აკრძალულია ისეთი სანთებელების გაყიდვა, რომლის ანთებაც მცირეწლოვან ბავშვს შეუძლია.
განსაზღვრულია, რომ 2021 წლის ივლისიდან საქართველოში სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებაროს:
ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2020 წელს საქართველოში მიიღეს ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც სათამაშოების უსაფრთხოებას შეეხებოდა. ბიზნესს მოსამზადებლად ერთი წლის ვადა მიეცა. თუმცა, 2021 წლის იანვარში აღმოჩნდა, რომ ამ პროდუქტზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება, სამწუხაროდ, კიდევ ექვსი თვით გადაიდო. იგივე ეხება მანქანა-დანადგარებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და აირად მოწყობილებებს.
ზედამხედველობის მრავალწლიანი გეგმები
სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღეს. ამ გეგმის მიხედვით, 2022 წლიდან ელექტრომოწყობილობებზე, არაავტომატურ ასაწონ და გაზომვის საშუალებებსა და სამედიცინო მოწყობილობებზე კონტროლის ნორმატიული ბაზა უნდა შემუშავდეს.
საქართველოს გარემოს და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, ქიმიური ნივთიერებების გასაკონტროლებლად კანონმდებლობა უნდა შემუშავდეს და გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. საუბარია ქიმიურ ნივთიერებებზე, რომელსაც შეიცავს პარფიუმერია, კოსმეტიკა, საყოფაცხოვრებო ქიმია, საღებავები (ტყვიის შემცველობის კუთხით) და პიროტექნიკა.
თუმცა ეს გეგმა, უმთავრესად, ნორმატიული ბაზის შემუშავებას ითვალისწინებს. სახელმწიფო კონტროლი რეალურად როდის ამოქმედდება, ასეთი რამ გეგმებით განსაზღვრული არ არის.
საქართველოში ამჟამად კონტროლს მიღმაა დარჩენილი ყოვლად აუცილებელი, ყოველდღიური მოხმარების საგნები, – სათამაშოები, ჰიგიენის ნივთები, ჭურჭელი, ტექსტილი, პარფიუმერია/კოსმეტიკა, ავეჯი, საკანცელარიო ნივთები და სხვა ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები.
ჩატარებული კვლევები და შედეგები
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2016 წლიდან სხვადასხვა არასასურსათო პროდუქციას ამოწმებს.
საქართველოში ლაბორატორიებს ასეთი ტიპის კვლევების ჩატარების აკრედიტაცია არ აქვთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ასეთ კვლევებზე მოთხოვნა არც ბაზარს და არც სახელმწიფოს არ აქვს.
ამის გამო, სხვადასხვა პროდუქტზე კვლევები ევროპისა და აშშ-ს ლაბორატოერიებში ჩატარდა.
13 ნიმუშში აღმოჩენილია დაშვებული პარაბენები, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე არ იყო განთავსებული. შეიძლება ითქვას, რომ ეტიკეტის გაცნობით მომხმარებელი მავნე ნივთიერებებისგან თავს ბოლომდე ვერ დაიცავს.
რამდენიმე ნიმუშში აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი, ტყვია და დარიშხანი. თუ ეს ნივთიერებები პროდუქტში მცირე რაოდენობითაა აღმოჩენილი, ამის გამო ბაზრიდან პროდუქტის ამოღება არ ხდება. თუმცა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა შეამოწმოს პროდუქტის დამამზადებელი საწარმო და დარწმუნდეს, რომ ამ საწარმოში ყველა უსაფრთხოების ნორმა დაცულია. თუმცა საქართველოში სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყება ამ სფეროებში (პარფიუმერია, კოსმეტიკა) არ არსებობს.
საფრთხეები, რომლებიც, შესაძლოა, ქიმიურმა ნივთიერებებმა გამოიწვიოს
ფტალატები (გამოიყენება პლასტმასის დამარბილებლად) – აფერხებს რეპროდუქციული სისტემის განვითარებას და აზიანებს თირკმელებს.
პარაბენები – კონსერვანტებია, რომლებიც ფართოდ გამოიყენება პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში – აზიანებს ადამიანის ენდოკრინულ სისტემას, უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.
კადნიუმი – მძიმე ლითონი, რომელსაც შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა მასალა, რომლითაც მზადდება სამომხმარებლო პროდუქტი, – იგი იწვევს სიმსივნეს, აზიანებს ფილტვებს, თირკმელებსა და ძვლებს.
ტყვია – მძიმე ლითონი, საკმაოდ დიდი შხამია ადამიანის ორგანიზმისთვის, აზიანებს ტვინს, თირკმელებს და ა.შ.
კვლევების შედეგები სისტემატურად ქვეყნდება ვებგვერდზე momxmarebeli.ge, აშუქებენ მედია ორგანიზაციები და ეგზავნება შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებს. თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. საქართველოში არ არსებობს მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის სამომხმარებლო არასასურსათო პროდუქცია. თუ არასასურსათო პროდუქციამ ადამიანი არ მოწამლა, იურიდიულად ყველაფერი უვნებლად ითვლება.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა შეიმუშავა სამოქალაქო პეტიცია. პეტიციის მიზანია, მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად დააწესოს ქვეყანაში ყველანაირი ტიპის სამომხმარებლო პროდუქციის კონტროლი.
პეტიციაზე ხელის მოწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს პეტიცია და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პეტიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პეტიცია განთავსებულია საიტზე momxmarebeli.ge.
თამთა გოგოლაძე
ასევე დაგაინტერესებთ:
სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავები საშიშია
რატომ გაჭირდა ხარაგაულში აგრარული ბაზრის ამოქმედება
ტყვია და კადმიუმი არასასურსათო პროდუქციაში – საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულში (ვიდეო)
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი