ხარაგაულში „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ პირველი ეტაპი – საკონკურსო იდეების წარდგენა – 9 მარტიდან დაიწყება და 21 აპრილს დასრულდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, 9 მარტიდან მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე kharagaulinews. gov. ge განთავსდება სააპლიკაციო ფორმა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები თავიანთ ინიციატივებს წარადგენენ.

ინიციატივების წარდგენა ასევე შესაძლებელია ფიზიკურად. პროგრამაში ჩართვის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ ბეჭდური სახით შემუშავებული საკუთარი იდეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მიიტანონ, ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს გადასცენ.

„წარმოდგენილ იდეებს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ამ პროექტების გადარჩევა რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით მოხდება – ხომ არ არის შემოტანილი ისეთი პროექტი, რომლის განხორციელება 2023 წლის ბიუჯეტით უკვე დაიგეგმა; საპროექტო წინადადება თვითმმართველობის უფლებამოსილებას არ უნდა ცდებოდეს; პროექტის ბიუჯეტი 30 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ამის შემდეგ შერჩეული იდეები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება. გაიმარჯვებს ის იდეა, რომელიც ფეისბუქზე მოწონებებით ყველაზე მეტ მხარდაჭერას  მიიღებს. ამ პროგრამის მთლიანი წლიური ბიუჯეტი 150 000 ლარია“.

საქართველოსა და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ განხორციელება დაიწყო. ეს პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დაინერგა.

გასულ წელს „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულში განხორციელდა ექვსი პროექტი: ხარაგაულში მოეწყო ფრენბურთის მოედანი და ტურისტული ლოკაცია, ღორეშაში – მინი ფეხბურთის სტადიონი, ვერტყვიჭალაში – ტრენაჟორები და ფანჩატური, კიცხში – „ლილეს წყარო“, ფარცხნალში – დევდარიანებისა და ლეჟავების უბანში წყლის ჭაბურღილი.

ამავე თემაზე

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხარაგაულში „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ მიმდინარეობს

ხარაგაულში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამაში გამარჯვებული პროექტებისთვის ტენდერი გამოცხადდა