პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები ერთ სამინისტროდ გაერთიანდებიან.

გარდა ამისა, უქმდება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, კანონპროექტით განსაზღვრულია ის სტანდარტული პროცედურები, რომელიც ახალი სახელმწიფო სტრუქტურის ჩამოყალიბებას სდევს თან:

„ეს ეხება საბიუჯეტო რესურსების განაწილებას, თანამშრომლების გადაყვანას და ყველა იმ პროექტის უწყვეტად გაგრძელებას და განხორციელებას, რომელიც ცალ-ცალკე სამინისტროების პირობებში ხორციელდება.

კერძოდ, კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მთავრობის მხრიდან შეიქმნება კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ორი სამინისტროს ბალანსზე რიცხული აქტივების აღწერას და უფლებამონაცვლე უწყებებისთვის გადაცემას“.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია ასევე იმსჯელებს რეგიონული განვითარების სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ტოლფასი თანამდებობის, ტოლფასი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში კი უფრო დაბალი ან მსგავსი თანამდებობის შეთავაზების საკითხს.

„იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება შესაძლებელი შესაბამისი თანამდებობის შეთავაზება, ან ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამის საჯარო მოხელეებს მიეცემათ კომპენსაცია და მათ შესთავაზებენ საჯარო სამსახურის სისტემაში, საკონკურსო ან ვაკანტურ თანამდებობებზე მონაწილეობის მიღებას“, – აღნიშნა პარლამენტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

საქართველოს მთავრობაში, 2026 წლის აპრილში, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნა. ამ თანამდებობას 2026 წლის 21 აპრილიდან 29 ივლისამდე მამუკა მდინარაძე იკავებდა.

29 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს თანამდებობა უქმდებოდა, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა.

მთავრობაში ეს სტრუქტურა სექტემბერში უნდა შექმნილიყო. მანამდე კი მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი დაიკავა. 27 აგვისტოს მდინარაძემ განაცხადა, რომ თანამდებობასა და პოლიტიკას ტოვებს.

წყარო